საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის კლება. ეკონომისტები უფრო კონკრეტულ მიზეზებს ასახელებენ. ზოგიერთი მათგანი კი ამ სტატისტიკაში დიდად საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზედიზედ მეორე წელია კლების ტენდენციით ხასიათდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წელს შემცირდა (583 მლნ-მდე), 2021-2022 წლების დინამიკა ლიდადებითი იყო (1.245 მლრდ და 2.253 მლრდ), ხოლო 2023 წელს ინვესტიციების მოცულობა 1.902 მლრდ-მდე შემცირდა.
რაც შეეხება 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1%-ით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ 1 მილიარდ 170 მლნ დოლარი შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4%-ით ნაკლებია.
რეინვესტიციების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2024 წელს 87.8%-მდე გაიზარდა მაშინ, როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 83.7% იყო.
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 58.2% შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა - 33.6%-ით, მეორეზე - მალტა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 11.4%-ით.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და აწ უკვე ექსპერტმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ მისი ბოლო პერიოდის საქმიანობა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა იყო, რაც საკმაოდ მძიმე ამოცანაა.
„ალბათ, ყველას გვესმის, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, განსაკუთრებით დასავლეთიდან, საკმაოდ მძიმე ამოცანაა. რატომ?! - ჩვენ არ ვართ დიდი ბაზარი. როგორც ჩინეთში შეიძლება შევიდეს ინვესტორი, ან ინდოეთში, ჩვენთან არ შემოვა. ამას ერთვება გეოპოლიტიკური ტურბულენტობა, რაც ჩემი აზრით, ინვესტიციების მოზიდვაში ყველაზე მეტად გვიშლის ხელს. ბოლო 1 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ, იქამდე უცხოეთში ვიყავი, მათ შორის, ბოლო 3 წელი აშშ-ში, ამ პერიოდში რა საქმიანობასაც ვეწევი, ეს არის უცხოელი ინვესტორების მოზიდვა საქართველოში. ველაპარაკები ბევრ ადამიანს, მათ შორის დასავლეთიდან და ვცდილობ მათ მოზიდვას. ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც ისინი ასახელებენ არის გეოპოლიტიკური არასტაბილურობა.
ინვესტორები რეალურად გვეუბნებიან ასეთ რამეს: თქვენ უნდა გქონდეთ ნეიტრალური სტატუსი, ამით იქნებით უფრო სტაბილური ჩვენ თვალში. თქვენ თუ გადაიხრებით დასავლეთისკენ, რუსეთისკენ, ალიანსებში, ეს რა თქმა უნდა, თქვენ სტაბილურობას შეუშლის ხელს. მაგალითად, გვეუბნებიან, თქვენ გიწერიათ კონსტიტუციაში, უნდა გახდეთ ნატოს წევრი, ჩვენ ვიცით ყველამ და ვხედავთ, რა მოხდა უკრაინაში… თქვენ მეუბნებით, რომ მოდით და ჩადეთ საქართველოში ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ისეთებში როგორიც ანაკლიაა. ამ დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ სისტემატური შიშის ქვეშ, დამოკლეს მახვილივით უნდა გვეკიდოს თავზე ის, რაც თქვენ გიწერიათ კონსტიტუციაში, რომ ნატოს წევრი უნდა გახდეთ, რუსეთი ამას არ მიიღებს და შეიძლება თავს დაგესხათ, ჩვენ როგორ უნდა განვახორციელოთ ასეთ ქვეყანაში ინვესტიცია?!“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით არსებობს სრულიად სხვაგვარი შეხედულებაც. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ უცხოურმა ინვესტიციამ ეკონომიკას შეიძლება საერთოდ არანაირი სარგებელი არ მოუტანოს.
„მე არ ვარ იმ ეკონომისტებიის სიიდან, რომლებიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიდიდეს დადებითად წარმოაჩენენ და თან მიიჩნევენ, რომ ეს მიმართულება არის ეკონომიკის ამაყვავებელი. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ შეიძლება ეკონომიკას არანაირი სარგებელი არ მოუტანოს. მით უმეტესს, თუ ინვესტიციას არც ტექნოლოგია შემოაქვს, არც სამუშაო ადგილებს ქმნის და ა.შ.
გასული წელი საკმაოდ დაძაბული იყო პოლიტიკურად და არ არის გამორიცხული, რომ ამის ბრალიც იყოს, მით უმეტეს, რომ საქართველოს პოლიტიკურად დაეძაბა ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ უცხოელმა ინვესტორებმა თავი შეიკავონ საქართველოში კაპიტალდაბანდებისაგან, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ინვესტიციების მაჩვენებელით ეკონომიკის შეფასების მოყვარული არ ვარ“, - განუცხადა „რეზონანსს“ ჯანიაშვილმა.