„რა იყო ამ ომის ე.წ. დიადი და სანუკვარი მიზანი? „დიფ სთეითის“ და მისი განშტოებების გამდიდრება უკრაინელი ხალხის ხარჯზე“

„რა იყო ამ ომის ე.წ. დიადი და სანუკვარი მიზანი? „დიფ სთეითის“ და მისი განშტოებების გამდიდრება უკრაინელი ხალხის ხარჯზე“

ისტორიული მოლაპარაკება საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დაიწყო. არავინ იცის, ვინ გამოვა გამარჯვებული ამ მოლაპარაკებიდან და კიდევ მიითვისებს თუ არა რუსეთი უკრაინის ცალკეულ ტერიტორიებს მშვიდობის სანაცვლოდ, მაგრამ ფაქტია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აფრთხილებს უკრაინას, რომ რთული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად უნდა იყოს ისევე, როგორც რუსეთი. უფრო მეტიც, უკრაინას გაუჭირდება გონივრულ ვადაში რუსები დააბრუნოს 2014 წლის საზღვარზე.

საუდის არაბეთში ჩასულ ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობენ: უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა.

თეთრი სახლი ამაყობს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ 50 გამარჯვებას მიაღწია, სადაც ერთ-ერთი მიღწევად წერია, რომ ამერიკამ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი მიმდინარე კვირაში პუტინს შეხვდება და ეს შეხვედრა სინქრონში უნდა იყოს უკრაინისა და აშშ-ის სამთავრობო დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებთან.

მოსკოვიც ფრთხილობს. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი არ ჩქარობს ვარდისფერი სათვალეების გაკეთებას და აშშ-ის მიერ კიევისთვის შეჩერებულ დახმარებას უნდობლად ეკიდება.

ტრამპის ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებს სიფრთხილით აკვირდება საფრანგეთიც, რომლის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საფრანგეთი უკრაინის დემილიტარიზაციის წინააღმდეგია.

სწორედ საუდის არაბეთის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, ვაშინგტონი განაახლებს თუ არა უკრაინის დახმარებას იარაღით და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას.

საბოლოოდ ომი დასრულდება, მაგრამ შორეული გადასახედიდან თუ შევხედავთ მოვლენებს, დიფ სთეითის მიერ წამოწყებული ომის ფასი რა იყო? ის, რომ უკრაინას საბოლოოდ ჩამორთმეოდა ტერიტორიები? ერთადერთი პლუსი, თუკი შეიძლება ომს საერთოდ პლუსი ვუწოდოთ, ის იყო, რომ ფინეთი და შვედეთი გაწევრიანებულივნენ ნატოში და ნეიტრალური სახელმწიფოების ნაცვლად რუსეთს მიეღო მის საზღვრებთან მიახლოებული ნატო, რასაც პუტინი კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ასეთი მძიმე კონფლიქტის დასასრულებლად საჭიროა კომპლექსური ხანგრძლივი მოლაპარაკებები, ერთი-ორი შეხვედრით ეს არ დამთავრდება. მხარეების სიფრთხილე გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ წინაპირობები წინასწარ უკვე ცნობილია და, სამწუხაროდ, ეს ხდება უკრაინელი ხალხის ინტერესების საზიანოდ. მოლაპარაკებამდე რამდენიმე საათით ადრე თვით სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განაცხადა, რომ ორივე მხარეს-რუსეთსა და უკრაინას მოუწევს დათმობები. რუბიოს გარდა, სხვებიც ლაპარაკობენ ამერიკაში, რომ ეს დათმობები ტერიტორიებზე პრეტენზიების ქონას გულისხმობს. ასევე, ცნობილია კრემლის დაუოკებელი სურვილი, უკრაინას სამუდამოდ გაუწყვიტოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, აქ სადავოა, 20 წლით იქნება ეს, 25 წლით, 50 წლით, თუ სამუდამოდ, ეს დეტალია, მაგრამ მთავარი ჩარჩო, როგორი იქნება უკრაინა - ნეიტრალური, არანეიტრალური, მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი იქნებიან თუ არა დასავლეთის ქვეყნები. ეს ყველაფერი ჩამოყალიბდება.

გია აბაშიძის აზრით, მთლიანობაში, ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ წაგებულია უკრაინელი ხალხი. ტერიტორიების თვალსაზრისით, უფრო მეტს მიიღებს რუსეთი, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკურად, თუკი დოკუმენტურად გაფორმდება, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება. რასაკვირველია, რუსეთმა დაკარგა უამრავი რუსი ჯარისკაცი, დაკარგა სამხედრო ტექნიკა, მაგრამ მისთვის ეს არაფერს ნიშნავს, ისტორიის განმავლობაში რუსეთის იმპერიამ სხვადასხვა ფორმაციით აჩვენა, რომ ადამიანური თუ ტექნიკური დანაკარგები მისთვის არაფერია, მთავარია საბოლოო მიზნის მიღწევა.

ამ ომით ყველაზე მეტად იხეირა დიფ სთეითმა, პირველ რიგში, იხეირა სამხედრო სამრეწველო კომპლექსმა, რომელსაც უკვეთავენ რაკეტებს, თვითმფრინავებს, ტანკებს, სხვადასხვა იარაღს. უკრაინისთვის გაცემული მილიარდობით დახმარება არ იყო მხოლოდ პირდაპირი გრანტის სახით, ეს იყო შეკვეთები სამხედრო ინდუსტრიაში, ეს იყო სესხები, რომლითაც იხეირეს მსხვილმა საფინანსო ორგანიზაციებმა. ესენი არიან დიფ სთეითის მთავარი ელემენტები - დიდი ფული, გავლენიანი პოლიტიკოსები. რისთვის სჭირდებათ მათ ნატოს გაფართოების ლოზუნგები და გეგმები? იმიტომ, რომ მეტი იარაღი დამზადდეს, მეტი ხეირი ნახონ მსხვილმა აქტორებმა სამხედრო პოლიტიკურ სივრცეში. ესენი ერთმანეთთან გადაჯაჭვულნი არიან, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი პოლიტიკოსების ერთ-ერთი უდიდესი დონორია როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ყველაზე წაგებული რჩება გაუბედურებული უკრაინელი ხალხი, ჩამოქცეული სახელმწიფო, დაღუპული უამრავი ადამიანი, დასახიჩრებული კიდევ უფრო მეტი ადამიანი. რა იყო ამის ე.წ. დიადი და სანუკვარი მიზანი? დიფ სთეითის და მისი განშტოებების გამდიდრება უკრაინელი ხალხის დაჩაგვრის ხარჯზე. სწორედ ეს აირიდა ქართულმა საზოგადოებამ ბრძნულად მოქმედი ხელისუფლების მეშვეობით. როდესაც ხელისუფლება და ხალხი ერთიანია და არ დაუხრის თავს არც ერთ გარე ზეწოლას, შანტაჟს, ე.წ. სანქციებს, ასეთ შემთხვევაში, მშვიდობიან განვითარებაში ქართველი ხალხი გამარჯვებული იქნება. ბუნებრივია, იდეალური ცხოვრება არ არის და დიდი ხანი, ვერც იქნება საქართველოში, მაგრამ ომის უბედურება ქართულმა ოცნებამ აგვაცილა. თუმცა ეს საშიშროება მაინც დგას, რადგან გაშმაგებით გვიტევენ ბრიუსელიდან, სკანდინავიიდან, ბალტიიდან, ევროკრატიის სხვა საცეცებიდან, რომლებსაც დიდი დარტყმა მიადგათ 20 იანვრის შემდეგ ვაშინგტონში და ახლა პლაცდარმი აქვთ ევროპის კონტინენტზე. უმოწყალოდ და უსინდისოდ ამუნათებენ საქართველოს, მაგრამ ამ მორიგ ტალღებსაც გავუძლებთ მედეგობით, პრინციპულობითა და მშვიდობის მოყვარეობით, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

მანვე განმარტა, რომ ძალიან სათუოა უკრაინის შემდგომი ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსი, 2014 წლიდან გავიდა 11 წელი და საერთაშორისო ასპარეზზე აღარავის ახსოვს ყირიმის ამბავი. ანექსირებული ყირიმი იურიდიულად რუსეთის ტერიტორიაა და ხისტი რეაქციები, ყირიმის ხშირი ხსენება საერთაშორისო გზავნილებში არ ისმის. ეს სამწუხაროა. ასევე იქნება აღმოსავლეთ უკრაინასთან, დონბასსა და სხვა რეგიონებთან მიმართებით. ნამდვილად არ ვიცით არაბეთში გამართული მოლაპარაკებების რაუნდების დროს კიდევ რა რაიონებს მიიტაცებს რუსეთი და რას წაგლიჯავს უკრაინელ ხალხს, ფაქტია, დამარცხებული და წაგებული უკრაინული ინტერესია.

გია აბაშიძის მოსაზრებით, ნატოს ახალი წევრებისთვის (ფინეთისა და შვედეთისთვის) დღევანდელი მდგომარეობა კომფორტულია, რადგან ნაკლებს ხარჯავენ, მეტს იღებენ, აქვთ ნატოს თავდაცვითი ქოლგა ბალტიის ქვეყნების მსგავსად და შემდეგ უჩნდებათ გარკვეული პოლიტიკური პრეტენზიები. ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნები გეოპოლიტიკურად უხერხემლოები არიან, არანაირი გავლენა არ აქვთ, ცხადია, ეკონომიკა და შიდაწარმოება მათთან მაღალია, ცხოვრების დონე მაღალია, მაგრამ, სამხედრო თვალსაზრისით, არაფერს წარმოადგენენ, უბრალოდ, მათ აქვთ ქოლგა, აქვთ დაცვა და შეუძლიათ პატარა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს ჭკუა ასწავლონ. თუმცა საქართველო მედეგია ასეთი უსინდისო პრეტენზიებისგან, თავისუფლებისმოყვარე სუვერენული პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაინტერესებს არც ბალტიელების, არც სკანდინავიელების, არც ევროკრატების ჭკუა-დარიგება.