MEGOBARI Act, რომელიც მეგობარი სულაც არ არის

MEGOBARI Act, რომელიც მეგობარი სულაც არ არის

ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“, MEGOBARI Act წარადგინეს. ჯიმ რიშის განცხადებით, ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. აშშ-ის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახდა deep state-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა საქართველო და ყველა ზომას მიმართავენ იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს რადიკალური ოპოზიციით, რომლებიც სწორედ deep state-ს დღის წესრიგით მოქმედებენ.

თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებით ამერიკელი სენატორები წარმოადგენენ deep state-ს და ამაზე მეტყველებს ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ. მისივე შეფასებით, აღნიშნულ აქტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩვენ ვიცით აღნიშნული აქტი ვის მიერ არის დაინიცირებული. ეს ორი ადამიანი - ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი გამოირჩევიან ანტიქართული განცხადებებით, არაერთი განცხადება მოგვისმენია. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის deep state-ს. მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო deep state-ს დამარცხება. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები - სენატორები წარმოადგენენ deep state-ს და ამაზე მეტყველებს, თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ. რაც შეეხება აღნიშნულ აქტს და მის სათაურს, ესეც ცინიკურია, იმიტომ რომ მეგობრობასთან კავშირი აღნიშნულ აქტს არ გააჩნია. ეს არის ჩვეულებრივი მტრობა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი deep state-ს ემსახურებიან. შესაბამისად, ჩვენთვის აღნიშნულს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც გამოდიან ადამიანები და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თავს ესხმიან deep state-თან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, deep state-ის მიზანი არის ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ და საკუთარი ინტერესები გაატარონ. როგორც კალაძე აცხადებს, deep state-ს ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული საქართველოში, სადაც წლების განმავლობაში აგენტურის შექმნაში უამრავი თანხა იხარჯებოდა.

„იმავე მეთოდებით იბრძოდნენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თავიანთი ინტერესების გატარების სურვილი ჰქონდათ. დღესაც მიმდინარეობს ბრძოლა, რომ საქართველო ისევ საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ, რომ ხელისუფლება დაამხონ. კონკრეტული ძალები ამისთვის თანხებს არ იშურებენ. იხარჯება უამრავი ფული, რომ პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება მოხდეს, საზოგადოება კიდევ უფრო დაუპირისპირდეს ერთმანეთს. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, რომ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენელი მოიყვანონ, რომელსაც რასაც დაავალებენ, თავჩაღუნულმა გააკეთოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, როგორც ჯიმ რიში, ასევე ჯინ შაჰინი მიხეილ სააკაშვილის აღმზრდელები და მისი რეჟიმის დამცველები არიან. შესაბამისად, მათ გარკვეული ამოცანა გააჩნიათ. როგორც ვოლსკი აცხადებს, ახლა მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა კონკრეტული პირები და მათი ამოცანები - გაიღოს საქართველომ მსხვერპლი.

„როგორც ჯიმ რიში, ასევე ჯინ შაჰინი მიხეილ სააკაშვილის აღმზრდელები და მისი რეჟიმის დამცველები არიან. აღმზრდელები, რომლებმაც მოიყვანეს და იმ პოზიციაზე გაამწესეს, სადაც სადისტური სისტემა შეიქმნა. რასაკვირველია, მათ გარკვეული ამოცანა გააჩნიათ. ახლა მსოფლიოში პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა კონკრეტული პირები და მათი ამოცანები - გაიღოს საქართველომ მსხვერპლი. საქართველომ ერთხელ უკვე გაიღო მსხვერპლი, დაკარგა ტერიტორიების 20%, რაც უამრავი ადამიანის გაუბედურების ხარჯზე მოხდა.

ახლა ითხოვენ მეორე მსხვერპლს, რომ საქართველო ისეთ პროცესში ჩაერთოს, საიდანაც თუ გამოვიდა და გადარჩა, აუცილებლად სერიოზული ზარალით გამოვა. რასაკვირველია, ამას თავის შემოქმედები ჰყავდა და ეს კონკრეტული ადამიანები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი იმ ჯგუფიდან არიან. როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ deep state-ს წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა გვინდა, რომ წარმატებით დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არამარტო საქართველოს, არამედ ზოგადად მსოფლიოს დიდი გამოწვევა ელოდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რადიკალურ ოპოზიციაში კი დარწმუნებული არიან აშშ-ის სენატი მიიღეს გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების შესახებ და თვლიან, რომ სანქციები მხოლოდ დასაწყისია, „მოძალადე რეჟიმის“ სრული იზოლაცია უნდა მოხდეს. რადიკალები აცხადებენ, რომ ახლა საერთაშორისო ზეწოლა და შიდა წინააღმდეგობა სჭირდებათ. რადიკალებს იმდებს უცრუებს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია, რომლის განცხადებით, დღეს მთელ მსოფლიოში მიდის ბრძოლა გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ.

„შეკითხვა, რომ დამისვით იმ წუთშივე ყურში ჩამესმა ჩვენი ოპოზიციის სიცილი და ღლიცინი ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამთან დაკავშირებით, როდესაც თქვა - „ეს არის გლობალური ომის პარტია“ და მერე ბატონმა ბიძინამ განმარტება გააკეთა და თქვა, რომ გლობალური იმიტომ დავამატე, რომ ჩვენი ოპოზიცია არ გონებოდა ვინმეს და რეალური მასშტაბი გაეგოთ, რომ ეს არის ის ომის პარტია, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს და კარნახობს პოლიტიკურ დღის წესრიგს.

აქედან გამომდინარე, არ უნდა იყოს გასაკვირი, როდესაც დღეს მთელ მსოფლიოში მიდის ამ ომის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა, იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი ათწლეულებია თესავენ სხვადასხვა სახელმწიფოებში და ამ პოლიტიკის გატარებაში განტევების ვაცებად მოაზრებული არის რამდენიმე პატარა სახელმწიფო, ისეთივე პატარა როგორიც არის საქართველო.

თავის დროზე, ამაში უნგრეთი იყო მოაზრებული, ვიყავით ჩვენ, აზერბაიჯანი და აზიის რამდენიმე ქვეყანა, რომელშიც მათ უნდა განეხორციელებინათ ომები და პრაქტიკულად, სამსხვერპლოზე უნდა მიეყვანათ ეს ხალხი და მივეყვანეთ ჩვენ. მათი მთავარი გეგმა მგომარეობდა იმაში, რომ ლიბერალური პოლიტიკა არის ერთი და ნგრევა და ქრისტიანული, სახელმწიფოებრივი ხედვების ნგრევა არის მეორე, რომ მათ ხელები ჰქონოდათ გახსნილი“, - აცხადებს ხოფერია.

მისივე თქმით, დიდი ხანია ამბობენ, რომ რელიგია ეს არის მასები მართვის საშუალება და მათ ეს დაიჯერეს და ბრძოლა დაუწყეს რელიგიას.

„ძალიან შორს წავალთ, იმაზე საუბარი რომ დავიწყოთ, მუსულმანურ სამყაროში როგორ შეიტანეს ტერორიზმი და ამით როგორ ცდილობდნენ დაენგრიათ მუსულმანური რწმენა. იგივე ხდებოდა ჩვენთან - ქრისტიანებში, განსაკუთრებით მართლმადიდებლებში. ამაში სერიოზული წინააღმდეგობა იყო რუსეთიდან და ვერ შეძლეს მისი ჩათრევა ამ გლობალური ომის თემებში, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, აღმოჩნდა, რომ მათ თავიანთ რიგებში ჰყავთ ჩვეულებრივი ქრისტიანები, მორწმუნე ადამიანები, რომლებსაც სწამთ ღმერთის, ტრადიციების, რომლებსაც უყვართ ოჯახი, ასეთი აღმოჩნდა ტრამპი.

სხვათა შორის ნიშანდობლივი და გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ბევრი იმ ადამიანისგან, ვინც არის ადაპტირებული ამერიკული ოჯახური ცხოვრების თემებში, ამბობენ, რომ თქვენ არ იცით რას ნიშნავს მორწმუნე ამერიკელი, რამდენად ძლიერია მათი რწმენა და რამდენად აქვთ მზაობა, რომ იბრძოლონ ქრისიტიანული ტრადიციების გადარჩენისთვის. ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე და აღმოჩნდა, რომ აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა გამოვიდა საკუთარი ოჯახების, რწმენის და სახელმწიფოებრიობის დასაცავად, იმიტომ რომ deep state-სთვის სახელმწიფო არ არსებობს. მათთვის არსებობს თავისი პირადი ინტერესები და ეს არის იარაღის ბიზნესი, საზღვაო გადაზიდვების ბიზნესი და ა.შ. მათი ღმერთი არის ფული და აღმოჩნდა, რომ მათ ვერ შეძლეს ყველაფრის დანგრევა.

სულზე მივუსწარით და ბედნიერი ვარ, რომ ამის ავანგარდში ჩადგა საქართველო. ჩვენ სამი წლით ადრე დავიწყეთ ბრძოლა, თუ უფრო მეტი არა, ვიდრე დანარჩენმა მსოფლიომ და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ჩვენ შევძელით, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და შევძელით ძალიან სერიოზული მაგალითის მიცემა დანარჩენი მსოფლიოსთვის - თუ იბრძვი, თუ გიყვარს, თუ გწამს, აუცილებლად გადარჩები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ხოფერია.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ამერიკაში მიმდინარეობს ძალიან მწვავე შიდა პოლიტიკური ბრძოლა. კერძოდ, deep state ებრძვის ტრამპს და მის გუნდს. მისი თქმით, ეს კანონპროექტიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

„დემოკრატები მოქმედებენ იმ მოტივაციით, რომ ტრამპის ახალი ადმინიტრაცია შეიყვანოს შეცდომაში და გადაადმევინონ ისეთი ნაბიჯები, რომელიც მისი ცენტრალური პოლიტიკური ხაზის საწინააღმდეგო იქნება და ის აშკარა დამთხვევები მიდგომებში, რომელიც არის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების პოზიციასა და ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას შორის, მათთვის წარმოადგენს გარკვეულ დისკომფორტს და ეწინააღმდეგება მათ მიზნებს, ცდილობენ ამის საწინააღმდეგოდ იმოქმედონ. ჩაშალონ და გააფუჭონ ურთიერთობები და არ დაუშვან ის გადატვირთვა და ისარგებლონ იმ პაუზით, რომელიც არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთოებში და შექმნან ნეგატიური ფონი.

მათთვის მიუღებელი იქნება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ისევე როგორც მიუღებელია მათთვის ის ურთიერთობები, რომელიც არის ორბანსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ასევე სლოვაკეთის დღევანდელ მთავრობასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის და სხვა. ისინი ცდილობენ ლიბერალ-ფაშისტური ინტერნაციონალი, რომელიც იქმნება ტრამპის წინააღმდეგ, სულ უფრო კონსოლიდირებული იქნეს და არ დაუშვან საერთაშორისო მხარდაჭერა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.