ირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები

ირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები

ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი და დემოკრატიის საფუძვლებია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში გვყავდეს კონსტრუქციული სახელმწიფოებრივად მოფიქრალი, ეროვნულად მოფიქრალი ოპოზიცია. ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ სჭირდება ჯანსაღი ოპონირება. არ გვჭირდება აგენტურის ოპონირება. კარგად ვნახეთ 2020 წლის შემდეგ ამათი შესვლა-გამოსვლები, ბოიკოტობანას თამაშმა, სადამდე მიიყვანა მთლიანად ოპოზიციური სპექტრი. პირადად ჩემი აზრია, რომ რაც უფრო ნაკლები იქნება აგენტი პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები, რომლებიც გაწევენ ჯანსაღ ოპონირებას. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ამ კითხვაზე პასუხიც უმარტივესია, როდესაც დემოკრატიაში ცხოვრობ, დემოკრატიაში მთავარია და აუცილებელია გყავდეს ჯანსაღი ოპონენტი“, - განაცხადა კირცხალიამ.

5 მარტს ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია".