უკრაინის წარმომადგენელ ერმაკზე აშშ-ის ძველი დაზვერვა ამბობდა, რომ რუსეთის კაციაო, თუ ეს მართალია, შესაძლოა, რუსეთის განწყობის ანარეკლის მატარებელიც იყოს ერმაკის ფიგურა,- განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ აშშ-უკრაინის შეხვედრის კომენტირებისას, რომელშიც უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი წარმოადგენს.
საყვარელიძის თქმით, აშშ-ის მხარეს საკმაოდ რბილი დიპლომატი წარმოადგენს, თუმცა, ეს არ ნიშნავს პოზიციის სირბილეს და პოზიცია იქნება იგივე, რაც ტრამპის პოზიცია იყო.
„ეს შეხვედრა ბევრი თვალსაზრისით არის საინტერესო. უკრაინულ დელეგაციაში ფიგურირებს ერმაკი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დიდი ხნით ადრე ამერიკის მხრიდან დაიწყო კამპანია, რომ ერმაკი რუსეთის კაციაო და ითხოვდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტს ის შეეცვალა. ზელენსკიმ კი ის არ შეცვალა. ასე რომ თან ცნობილია, რომ ერმაკი ომის გაგრძელების მომხრეა და ერმაკის ფიგურა ერთის მხრივ დაახლოებით იგივე პოზიციის იქნება, ალბათ, რითაც ზელენსკი იყო. მეორე მხრივ, თუკი მაშინდელი ამერიკული დაზვერვის ეს პოზიციები სწორია, შეიძლება რუსული განწყობების ანარეკლის მატარებელიც იყოს ერმაკის ფიგურა. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება ეს მოლაპარაკებები უკრაინის მხრიდან. რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, მისი პოზიცია ცნობილია. საკმაოდ რბილი დიპლომატია, ამ შემთხვევაში, ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელი, მაგრამ დიპლომატიური სირბილე პოზიციის სირბილის არ ნიშნავს და ალბათ იგივე პოზიცია იქნება, რაც ადრე იყო ტრამპის პოზიცია“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
მან ასევე ისაუბრა ტრამპის ინტერესებზე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარების კუთხით.
„წამოიწია ამერიკამ, როგორც მხარემ და მშვიდობით დაინტერესებულია მხოლოდ ამერიკა. ამერიკის ინტერესი არის, რომ უზარმაზარი თანხები, რაც იხარჯება ამერიკის მხრიდან ამ ომზე, დარჩეს ამერიკაში და აღარ დაიხარჯოს ომზე. მეორე მხრივ, ის ამონაგები ამ თანხებიდან, რაც მიდის ტრამპის უშუალოდ ოპონენტებთან, ანუ ლიბერალებთან, ამერიკულ ტერმინოლოგიაში დემოკრატებთან, ეს ნაკადი შეუწყვიტოს ომის შეჩერებით თავის ოპონენტებს. დანარჩენების ინტერესი მას აღარ აინტერესებს, რადგან იცის, რომ თუკი მან იარაღი და დახმარება აღარ მიაწოდა უკრაინას ომი ფიზიკურად შეწყდება, ყოველგვარი ჩანაფიქრების გარეშე. ასე რომ დანარჩენი მხარეების პოზიციას თითქმის აღარ აქვს მნიშვნელობა. აქ მნიშვნელოვანი არის ამერიკული მხარის პოზიცია, რამდენად მყარი იქნება ეს პოზიცია“,- განაცხადა საყვარელიძემ.