აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „მათრახის და თაფლაკვერის“ პოლიტიკის მათრახი მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოხვდა. მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრ სახლში ზელენსკი საჯაროდ გაამათრახა, ეს უკანასკნელი იძულებული გახადა მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. როგორც დასავლური მედია წერს, ტრამპის საგარეო პოლიტიკა ჯაზს ჰგავს - ფორმა თავისუფალია, სტრუქტურა არ აქვს, მაგრამ რასაც ტრამპს ნამდვილად ვერ წაართმევ, ეს მუდმივი იმპროვიზაციაა. მას შეუძლია, ბევრი სიცოცხლე გადაარჩინოს ომში დაღუპვისაგან, მაგრამ, ასევე, შეუძლია ისე გააკეთოს, რომ კიდევ უფრო მეტი რუსი და უკრაინელი დაიხოცოს. ახლა კი ყველა იმის მოლოდინშია როგორი იქნება მის მოქმედება რუსეთის და ვლადიმერ პუტინის მიმართ. თუკი პუტინი დათმობაზე არ წამოვა, ტრამპის რისხვა მხოლოდ ისევ ზელენსკის დაატყდება თავს, რაც უკვე კაპიტულაცია იქნება და არა სამშვიდობო მოლაპარაკება.
ასე რომ, ახლა ყველა იმის მოლოდინშია, 11 მარტს რა შედეგით დასრულდება უკრაინისთვის საუდის არაბეთში შეხვედრა და პროგნოზის გაკეთება ყველას უჭირს. პროცესების განვითარებას სიფრთხილით ადევნებენ თვალს ევროპელი ლიდერები, მათთვის მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილები ვერც ამჯერად გამოინახა, თუმცა ცდილობენ იპოვონ სამოქმედო გეგმა, როგორ მოიპოვონ ადგილი მომლაპარაკლებლებს შორის.
საუდის არაბეთში უკრაინულ მხარესთან შეხვედრისთვის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი იმყოფებიან.
ჟურნალისტ ჰაინრიხის თქმით, შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შესახვედრად ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ჩავიდა.
შეთანხმების მიღწევამდე ვაშინგტონმა კიევს სამხედრო დახმარებაც შეუჩერა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაც. შეერთებული შტატები უკრაინას აღარც სატელიტურ მონაცემებს უზიარებს. ანალიტიკოსების ნაწილი ამას „იძულების პოლიტიკად“ აფასებს, რათა ტრამპის ადმინისტრაციამ ნებისმიერ ფასად წერტილი დაუსვას ომს, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია გრძელდება და ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არც უკრაინას და არც რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვთ.
ტრამპმა 9 მარტს, Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა შესაძლოა ვერც გადარჩეს რუსეთთან სამწლიან ომში: - „უკრაინა შეიძლება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადარჩეს, მაშინაც კი, თუკი ის ამერიკისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს“.
როგორც NBC News წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ტრამპმა პირადად განუცხადა თავის თანაშემწეებს, რომ ბუნებრივი რესურსების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა საკმარისი არ იქნება კიევისთვის დახმარების გასაგრძელებლად. ტრამპს სურს არა მარტო ის, რომ მოწონებულ იქნეს შეთანხმება, რომელიც აშშ-ს უკრაინის მინერალური სიმდიდრის წილს მისცემს, მას ასევე, სურს, რომ ზელენსკიმ შეცვალოს სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ მიდგომა, მათ შორის, მზადყოფნა გამოხატოს დათმობებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის ტერიტორიის გადაცემისთვის, განუცხადეს წყაროებმა NBC News-ს.
„ჩინოვნიკების თქმით, ტრამპს სურს, რომ ზელენსკიმ გადადგას ნაბიჯები უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად და, შესაძლოა, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს“,- აღნიშნავს ტელეარხი.
მანამდე დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სურს ომის დასრულება. ამავე დროს ტრამპი უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ის მოსკოვის მხარეს იკავებს. მისი თქმით, ის იყო „მკაცრი რუსეთის მიმართ, უფრო მკაცრი, ვიდრე ვინმე სხვა“.
ტრამპი დაჟინებით მოითხოვს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების სწრაფად ხელმოწერას. ახლახან მან პირობა დადო, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს. მან სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საბანკო სანქციებსა და ტარიფებს მანამდე განიხილავს, სანამ „საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება“ მიიღწევა. „რუსეთო და უკრაინავ, ახლავე მიუსხედით მოლაპარაკების მაგიდას, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება“, -წერს ტრამპი.
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ძალიან რთულია წინასწარ საუბარი იმაზე, რა შედეგით შეიძლება ეს შეხვედრა დასრულდეს, თუმცა რა სახის განცხადებებიც კეთდება, მას ოპტიმისტური განწყობა არა აქვს.
„ტრამპს თუ სურს ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეჩერდეს, მაშინ ლოგიკურია, რომ მისი მიდგომა თანასწორი იყოს, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მიმართ და ორივე მხარე ერთდროულად უნდა შეჩერდეს - რუსეთმა უკრაინის ქალაქები ასე საშინლად აღარ უნდა დაბომბოს. მაშინ გამოდის, რომ ტრამპი უკრაინას აიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადოს. ეს არ იქნება ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯი, რადგან ასე უკრაინასაც შეეძლო ტრამპის გარეშე კაპიტულაციის გამოცხადება. ასე რომ, მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრი რამ გამოჩნდება, რას დათმობს უკრაინა, რაზეა წამსვლელი და რა უნდა ტრამპს. მე ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ტრამპი, თავის გუნდთან ერთად, უკრაინაზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს, რათა უკრაინა დათმობაზე წავიდეს და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული“, - ამბობს ალადაშვილი.
არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ტრამპი თამაშობდეს და უკრაინაზე ზეწოლას მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის მისატყუებლად, მაგრამ ალადაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს მსგავსი არაფერი ეტყობა. თანაც მას მიაჩნია, რომ პუტინი ძალიან სერიოზული პოლიტიკოსი და მოთამაშეა, რომელსაც ასე ადვილად ვერავინ მოატყუებს.
„საუბარი იმაზე, თითქოს ტრამპი დიდ პოლიტიკურ თამაშშია ჩართული და ცდილობს პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან ამ ფორმით მიყვანას, არარეალური მგონია. მისი ინაუგურაციიდან ლამის, ორი თვე გავიდა და მსგავსი არაფერი ეტყობა. პუტინი ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია. საუკუნის მეოთხედია, რაც ის სათავეშია და მისი პოლიტიკური ალღო და მოქმედება იმაზე ძლიერია, ვიდრე მთელი დასავლეთი ერთად აღებული. ბევრი ევროპელი ლიდერის და ამერიკელი პრეზიდენტის პოლიტიკურ გათვლებს აჯობა. ამიტომ ტრამპი მას ასე ადვილად ვერ მოატყუებს და არ ვფიქრობ, რომ ის პუტინს პოზიციას ასე ადვილად დაათმობინებს. თუმცა ფაქტი ერთია, პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა ვერავინ შეძლო. ტრამპს აქვს ექსკლუზიური შესაძლებლობა, რომ პუტინი მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. თუმცა პუტინზე ვერ განახორციელებს ისეთ ზეწოლას, როგორც ამას ზელენსკიზე აკეთებს. სამწუხაროდ, მართალია, პუტინმა ომის დაწყების დროს ბევრი შეცდომა დაუშვა და ეგონა, რომ მალე დაასრულებდა ამ ომს, მაგრამ მან ძალიან ჭკვიანურად შეძლო ამ შეცდომის გამოსწორება და ვერც სანქციებმა გაჭრა ისე, რომ მას რამის შეშინებოდა. მაშინდელ ევროპას და ამერიკას შეეძლო ეს შეცდომა ძალიან კარგად გამოეყენებინა კრემლის მოსათოკად, მაგრამ ევროპამ არასწორი გათვლით, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ გააკეთა“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, ევროპა თამაშგარე მდგომარეობაშია, რადგან პუტინი საფრანგეთთან, გერმანიასთან, ინგლისთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, რადგან საკმარის დონედ არ მიიჩნევს, ტრამპის სახით კი, თვლის, რომ პარტნიორი გამოუჩნდა.
„ევროპას რომ ტრამპისთვის ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დაეჯერებინა, დასავლეთი ამ მდგომარეობაში ახლა არ იქნებოდა. მაშინვე ეუბნებოდა ტრამპი ევროპას, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე უნდა ეფიქრათ. ამერიკა არ იყო ვალდებული მათ უსაფრთხოებაზე ეზრუნა. ევროპამ მაშინ ყური არ შეიბერტყა. ამ სამწლიანი ომის განმავლობაშიც არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოება ამერიკაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული. ახლა აშშ-მ უკრაინასთან ყოველგვარი კავშირი რომ შეწყვიტოს, ევროპა უკრაინას რაღაცა დახმარებას გაუწევს, მაგრამ იმგვარს ვერა, როგორსაც ამერიკიდან იღებს. სიტუაცია საკმაოდ სავალალოა და დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება“, - ამბობს ალადაშვილი.