ლევან ნიკოლეიშვილი: NATO-ში არიან საშუალო ლიდერობის და უსაქმური სახელმწიფოები, რომლებიც არაფერს აკეთებენ NATO-ს საერთო თავდაცვის ქოლგისთვის, მაგრამ ბევრი ამბიცია გააჩნიათ

ლევან ნიკოლეიშვილი: NATO-ში არიან საშუალო ლიდერობის და უსაქმური სახელმწიფოები, რომლებიც არაფერს აკეთებენ NATO-ს საერთო თავდაცვის ქოლგისთვის, მაგრამ ბევრი ამბიცია გააჩნიათ

NATO-ში არიან საშუალო ლიდერობის და უსაქმური სახელმწიფოები, რომლებიც არაფერს აკეთებენ NATO-ს საერთო თავდაცვის ქოლგისთვის, მაგრამ ბევრი ამბიცია გააჩნიათ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, ევროპის მხრიდან საუბარი ევროპული თავდაცვის ძალების შექმნაზე სასაცილოც კი არის, რადგან ამაზე უკვე წლებია მიდის საუბარი, თუმცა, ერთადერთი თავდაცვის საშუალება, რომელიც ევროპას გააჩნია NATO-ს ატლანტიკური ალიანსია.

„ჩვენ რასაც ვხედავთ ახლა, ამ დღეების განმავლობაში, ევროპელებისა და ევროპული ელიტის ბრძოლა მიმდინარეობს თითქოსდა თვითგამორკვევისთვის. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მათ ერთი მხრივ თითქოს უნდათ ამერიკელებისგან გათავისუფლება, მას შემდეგ, რაც იქ ადმინისტრაცია შეიცვალა და ტრამპმა შესაბამისი ადგილი მიუჩინა მათ არასწორი პოლიტიკის გამო. ახლა ევროპაში მიიღეს თითქოს გადაწყვეტილება, რომ შექმნან ევროპული თავდაცვის ძალები. ეს სასაცილოდ ჩანს, ვინაიდან უკვე წლებია ამაზე მიდის საუბარი და ერთადერთი თავდაცვის საშუალება, რომელიც ევროპას გააჩნია, არის NATO-ს ატლანტიკური ალიანსი, რომელიც წარმატებით ართმევს ამ ამოცანას თავს და ყველა მისი წევრი ქვეყანა ჩართულა ამ ამოცანის შესრულებაში.

ერთადერთი, რაც NATO-ს სჭირდა და ტრამპმაც თქვა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს შესაბამისი ფინანსური პასუხისმგებლობა, ვინაიდან NATO არ არის რაღაც ქოლგა, რომ გაშლი და ერთ მშვენიერ დღეს თავდაცვა იქნება გარანტირებული ყველასთვის. ვინაიდან NATO-ში არიან საშუალო ლიდერობის სახელმწიფოები და პირდაპირ ვიტყვი, ამის თქმის არ მერიდება, უსაქმური სახელმწიფოები, რომლებიც არაფერს აკეთებენ NATO-ს საერთო თავდაცვის ქოლგისათვის, მაგრამ ბევრი ამბიცია გააჩნიათ. ისინი დაიმედებული არიან ყოველთვის, რომ ამერიკული ჯარები მათ ტერიტორიაზე იმყოფება. თუ რაღაც საფრთხე იქნება ამერიკელები შესაბამისად უპასუხებენ მოწინააღმდეგეს“,- აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ ფინანსურ გამოწვევებზე, რომელიც ევროპის ქვეყნებს შეექმნებათ იმ შემთხვევაში, თუ ევროპა გადაწყვეტს ევროპული თავდაცვის ძალების შექმნას.

„ასევე, წარმოიდგინეთ, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ერთი ბიუჯეტი NATO-თვის უნდა გაიღონ და მეორე ბიუჯეტის შემუშავება უნდა მოხდეს იგივე ევროკავშირის რაღაცა თავდაცვითი თუ უსაფრთხოების ძალებისათვის.

გვახსოვს ფონ დერ ლაიენის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ევროპა ამისთვის მზად არის და ამისათვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ყოფილა ფინანსები, მაგრამ ამისათვის იქნება გამოყოფილი სადღაც 150-დან 800 მილიარდამდე. ოღონდ სესხის სახით. ახლა წარმოიდგინეთ იმ ქვეყნების მოსახლეობის მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ეს დამატებითი ხარჯები, თუ ასე განხორციელდება, დააწვეს თავზე და რამდენად კომფორტულად იქნებიან ისინი ვთქვათ ეკონომიკური, ენერგო, სოციალური თვალსაზრით. ამიტომ ეს არის ავანტიურა, რომლითაც საინტერესოა, უშუალოდ ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდათ თუ ამავდროულად, რუსეთის გაღიზიანებასაც ცდილობენ“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.