ოპოზიციურ ფლანგზე, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტია „თავისუფლების მოედანი“ გამოდის. მანამდე ის პოლიტიკური მოძრაობა იყო და აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და მართვაში. პარტიის წევრების გადაწყვეტილებით, „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე იქნება. როგორც ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, პარტია, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ქმნის, „ნამდვილი თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური პარტია იქნება, რომლის ამოცანასაც სახელმწიფოს დაბრუნება წარმოადგენს“. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ
ეს შესაძლოა იყოს ახალი პარტიების გაჩენის დასაწყისი, თუმცა აღნიშნული რამდენად იქნება მესამე ალტერნატიული ძალის შემქმნელი, რთული საკითხია.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სკეპტიკურად უყურებს ახალი პოლიტიკურ პარტიის გეგმებსა და მომავალს. როგორც მან For.ge-სთან ინტერვიუში თქვა, ზოგადად, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ რომელიმე, უფრო ძლიერ პარტიას მიეკედლონ, რომ სადეპუტატო მანდატები მოიპოვონ, ვიდრე თავად იშრომონ და გზა გაიკვლიონ.
„სკეპტიკურად მოვეკიდებოდი ამ პარტიის ჩამოყალიბებას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რადგან არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რაც მაძლევს ამ სკეპტიციზმის საფუძველს. ეს პოლიტიკური მოძრაობა აქტიურად აითქვიფა იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რასაც „ლელო - საქართველოსთვის“ ჰქვია. ამასთან, „თავისუფლების მოედნის“ პარტიაში ჯერჯერობით ვერ ვხედავ ისეთ ფიგურებს, რომლებსაც აქვთ დიდი სოციალური კაპიტალი ან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სერიოზული ნდობა - ეს არის ძირითადად NGO-სექტორის წარმომდგენლებისგან, საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლების და ექსპერტებისგან შექმნილი პოლიტიკური ძალა, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით რა გზას აირჩევს ეს პარტია - „თავისუფლების მოედანი“ დარჩება კოალიციაში „ლელოსთან“ თუ საკუთარი გზის მოძიებას შეეცდება?!
ზოგადად, ახლადშექმნილი პარტიების მთავარი ნაკლოვანება იმაშია, რომ მათ ხშირად „დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს“ - ურჩევნიათ რომელიმე ძლიერ პოლიტიკურ პარტიას მიეკედლონ და პარლამენტში ერთი-ორი მანდატი გაინაღდონ, ვიდრე უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დახარჯონ იმისთვის, რომ მათი პარტია განავითარონ, ელექტორატი შემოიკნიბონ, სპონსორები დააინტერესონ თავიანთი პროგრამით და ა.შ. ანუ, აირჩინო უფრო რთული, მაგრამ უფრო პერსპექტიული გზა - ამ კუთხით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია სცოდავს. ასე რომ, ჯერჯერობით ამ პოლიტიკური ძალის მომავალი გაურკვეველია და უფრო სკეპტიკურად ვუყურებ ამას, ვიდრე ოპტიმისტურად“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერის განცხადებითვე, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას დამოუკიდებელ პარტიად ჩამოყალიბების შემდეგაც გააგრძელებენ. მისი შეფასებით „როდესაც ქვეყანა ამხელა განსაცდელის წინაშეა, პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია გარდაუვალია“. ცუცქირიძის განმარტებით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ახალ პოლიტიკურ ძალებსა და მოძრაობებს შორის.
„ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, კოორდინაცია ძირითად საკითხებზე. ასე რომ, ეს რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. აქამდეც ყოველთვის ვამბობდით, რომ კოორდინაცია, როდესაც ქვეყანა ამხელა განსაცდელის წინაშეა, გარდაუვალია. ვითანამშრომლებთ ყველა იმ ძალასთან, რომელიც საკუთარ კენჭს დადებს დემოკრატიის გადარჩენის საქმეში“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ამის ფონზე, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს, რასაც ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ ცდილობენ ოპოზიციური პარტიები ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შემოკრებას.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს საერთაშორისო კავშირები, მაგრამ ეს არ არის მთავარი და გადამწვეტი. ურჩევნიათ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გაიკვალონ გზა საერთაშორისო მხარდაჭერისკენ, ვიდრე თვითონ იმუშაონ, ჩამოყალიბდნენ თვითკმარ პოლიტიკურ ორგანიზაციად, მათ შორის საერთაშორისო არენაზეც. არ მესმის რატომ სურთ მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილის მხრებზე გავიდნენ პოლიტიკურ ფონს?! - როგორც ვნახეთ, მსგავსმა მცდელობებმა აქამდე წარმატება მათ ვერ მოუტანა“, - დასძინა ანალიტიკოსმა.