რადიკალური ოპოზიცია მარცხის შიშით თვითმმართველობის არჩევნებს გაურბის. პარალელურად, განხეთქილებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება და თვითმმართველობის არჩევნებში არცერთი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას.
როგორც გაირკვა, ერთსულოვნება ბოკუჩავას თავად პარტიაში არ აქვს, რადგან როდესაც მოქმედი თავმჯდომარე ამას ამბობდა, ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ნათქვამი ჰქონდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა ბრძოლაში შევა „ნაციონალური მოძრაობა“.
„იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური სპექტრი იქნება ერთიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთ არჩევნებში, სადაც ყოველთვის ის იმარჯვებს, ვინც ითვლის, სადაც არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და რუსული ჰიბრიდული მეთოდები და ყალბდება არჩევნები, მონაწილეობას აზრი არ აქვს“, - განაცხადა მედიასთან თინა ბოკუჩავამ.
„ყველა ბრძოლის ხერხს და მეთოდს გამოიყენებს „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ინსტრუმენტს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველა ინსტრუმენტს განვიხილავთ, მათ შორის აბსოლუტურად ყველაფერს“, - აღნიშნა მანამდე ლევან ხაბეიშვილმა.