აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდას 10-12 მარტს ეწვევა. აშშ-ის მიზანია ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნის განხორციელებას. ომის, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებაზე ალაპარაკდა უკრაინის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის 24/7-ზე იმუშაოს მშვიდობისთვის პარტნიორებთან შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ მოკავშირეებთან და მოწინააღმდეგეებთან ჩართულობა დიპლომატიაში არსებითად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ამ ომისადმი მიდგომაში უფრო ფართო სტრატეგია არსებობს, რომელიც იმის გააზრებას ეყრდნობა, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა.
„მოკავშირეებთან და მოწინააღმდეგეებთან ჩართულობა დიპლომატიაში არსებითი მნიშვნელობისაა. იზოლაციის გაგრძელება და რუსებთან ჩართულობის ნაკლებობა, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, აღარ არის სიცოცხლისუნარიანი ან განხორციელებადი სტრატეგია, და ნამდვილად არ არის დიპლომატიურად პასუხისმგებლობიანი სტრატეგია აშშ-სთვის.
აშშ-ის მიდგომის ცვლილების მიზეზებია: ამ ომში ადამიანური დანაკარგები, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის საჭიროება აშშ-ის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და აშშ-ის „არასაჭირო პროქსი-ომში“ ჩართულობის შეჩერება. რასაც ახლა ვხედავთ და დავინახავთ, არის ტრამპის ადმინისტრაციის დაუყოვნებლივი ძალისხმევები ორივე მხარის მაგიდასთან დასასხდომად, რათა მშვიდობიან დარეგულირებას მივაღწიოთ“, - განაცხადა კიტ კელოგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და რუსეთის ენერგეტიკაზე მაქსიმალური ზეწოლა ასევე არის ინსტრუმენტები, რომელიც ტრამპმა შესაძლოა გამოიყენოს რუსეთზე ზეწოლისთვის. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რადგან მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. გარდა ამისა, დარწმუნებულია, რომ აშშ-უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმება გაფორმდება.
„ჩვენ უკრაინაში ვართ 350 მილიარდი დოლარით. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა გაეკეთებინა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის დროს ფული წაიღო ამერიკისგან, როგორც ტკბილეული ბავშვისგან. ეს იყო ბავშვისგან ტკბილეულის აღება, რაც მან გააკეთა. ასეთი მარტივი იყო. მე უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი კი აქვეყნებს რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც შეიძლება იყოს წინაპირობა, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. პირველი ნაბიჯად ზელენსკი ასახელებს ზავს ჰაერსა და ზღვაში. შემდეგი ნაბიჯი კი არის ტყვეების გათავისუფლება. ის ხაზს უსვამს, რომ ტყვეების გათავისუფლებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საბაზისო ნდობას. ასევე ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინელებს ნამდვილად სურთ მშვიდობა, მაგრამ არა უკრაინის დათმობის ფასად.
„ყველამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა, ამ ომის ერთადერთმა წყარომ, მიიღოს მისი დასრულების საჭიროება. ამის „სიჩუმის“ ორი ფორმით დადასტურება შეიძლება: არავითარი თავდასხმები ენერგეტიკაზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - ზავი რაკეტებისთვის, ბომბებისთვის, შორი მანძილის დრონებისთვის; არავითარი სამხედრო ოპერაციები შავ ზღვაში.
შემდეგი ნაბიჯია საბაზისო ნდობა გარემოებებისადმი, რომლებშიც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკრაინელები, ყველა ევროპელი, ამერიკელები, მსოფლიოში ყველა ადამიანური გული, რომელიც ომს არ ეთანხმება - ყველამ უნდა ვიგრძნოთ, რომ რუსები არ გვატყუებენ. პატიმრების გათავისუფლება შეიძლება გამოდგეს საბაზისო ნდობის საშუალებად.
უკრაინელებს ნამდვილად სურთ მშვიდობა, მაგრამ არა უკრაინის დათმობის ფასად. ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის რეალური კითხვაა, არის თუ არა რუსეთი მზად თავი დაანებოს ომს. დარწმუნებულები იყავით, რომ უკრაინა სამშვიდობო გეგმებისა და მოლაპარაკებების პროცესის ყველა დეტალს მთლიანად ევროპას გაუზიარებს. უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უკრაინის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
დიდი ალბათობით, მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდება, რადგან უკრაინის მმართველი ელიტა ომის დასრულების ყველა შესაძლებლობას კეტავს. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ 12 მარტს საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც ითვალისწნებს ტექნიკური ჯგუფების შეხვედრას, ტრამპისა და ზელენსკის გაბზარულ ურთიერთობებს ვერ შეაწებებს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს უკრაინის მონაწილეობას ამ სამოლაპარაკო პროცესში. ამიტომ, მისი თქმით, უნდა ეს ვინმეს თუ არა, ტექნიკური ჯგუფების დონეზე ეს პროცესი გაგრძელდება და 12 მარტს ვნახავთ, რისთვის არის მზად კიევი და რისთვის არის მზად აშშ.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იქნება ტრამპისა და ზელენსკის მორიგი შეხვედრა. მგონია, რომ მათ შორის ეს შეხვედრა შესაძლოა არც ვიხილოთ, იმიტომ რომ ზელენსკიმ კი არ დაწვა, არამედ ააფეთქა ყველა არსებული ხიდი აშშ-ის პრეზიდენტთან. არ ვიცი, დემონსტრაციულად გააკეთა, მოუფიქრებლობით, რაღაცა მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ გააკეთა, თუ სწორედ ის გააკეთა, რაც უბრძანეს, რომ გაეკეთებინა. ასეა თუ ისე, იმდენი თავმოყვარეობა მაინც ეყოფა ტრამპს, რომ საკუთარი მოსაზრება ზელენსკის მისამართით, რომ, როგორც მინიმუმ, ის არის დიქტატორი და, როგორც მაქსიმუმ, ის არის თავხედი, არა მგონია, რომ აქ რაიმე შიცვალოს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსს არ აქვს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრიდან გამოჩნდეს ომის დასრულების სავარაუდო გზა. ამბობს, რომ ომის დასრულდება, მაგრამ ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა. ამ ომის გაგრძელების ტრიგერი არის ზელენსკი, დასრულების სურვილის მქონე ადამიანი არის ტრამპი.
„მათ შორის დიალოგი ვერ შედგება მაგრამ სამუშაო ჯგუფების დონეზე ეს პროცესი გაგრძელდება. საუბარი მიდის იმაზე, რომ შევთახმდეთ 6-თვიანი საომარი მოქმედების შეჩერებაზე, რომელიც მისცემს ამ ომის მომავლით დაინტერესებულ ყველა მხარეს, უბრალოდ, თავისი ემოციები გადაიტანოს მეორე პლანზე და დაკავდეს მართლა პრობლემის გადაჭრის რეალური გზებით. ალბათ, 12 მარტის ამ ტექნიკურ შეხვედრაზე ამ სამოლაპარაკეო პროცესისთვის საჭირო რაღაც კონსერვაციის პერიოდზეც ისაუბრებენ და ეს, ალბათ, შესაძლებელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.