ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს მოქალაქეების დასჯა იმისთვის, რომ მათ უზურპატორმა ხელისუფლებამ არჩევნები მოჰპარა, ჩვენი მიზანია, დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებსა და ძალადობაში, რეჟიმის გამყარებასა და ჩამოყალიბებაში, – ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც შეიძლება, რომ ემსახურებოდეს დამნაშავეების დასჯას, მისი პარტიისთვის მისაღებია.
„რამდენ ხანს შევძლებთ ამ ხელისუფლების პირობებში, რომ ვიყოთ ეფექტურები, შედეგიანები და მოვახერხოთ ქართველი ხალხის დაცვა „ქართული ოცნების“ მმართველობის ნეგატივისგან, მათ შორის შესაძლო უვიზოს გაუქმებისგან, ეკონომიკური სანქციებისგან, ეს არავინ იცის. ჯაფარიძის ნააზრევში მე ვერ გავერკვევი და ვერ გავუწევ საზოგადოებას გიდის ფუნქციას, თუმცა შემიძლია, გავიმეორო რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს უვარგისი ხელისუფლებისა და უზურპატორი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საქართველოს ხალხისა და მოქალაქეების თავზე დაკისრებას, ჩვენ ამას არ მივესალმებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ ადამიანებს, პირთა ჯგუფს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ქვეყნის ფაქტობრივად დემოკრატიული ინსტიტუციების გაჩანაგებაში და ამ ქვეყნის ფაქტობრივად ხელისუფლების უზურპაციაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: „დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“.