გია ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ბიზნესი უმოწყალოდ იყო გაძარცვული, შესაძლებლობა ჰქონდათ, ტერორი განეხორციელებინათ, ამ რესურსის შესაძენად დღეს ბრიუსელში დადიან

გია ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ბიზნესი უმოწყალოდ იყო გაძარცვული, შესაძლებლობა ჰქონდათ, ტერორი განეხორციელებინათ, ამ რესურსის შესაძენად დღეს ბრიუსელში დადიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ბიზნესი უმოწყალოდ იყო გაძარცვული, შესაძლებლობა ჰქონდათ, ტერორი რეალობაში განეხორციელებინათ, დღეს ეს რესურსი არ აქვთ. ამ რესურსის შესაძენად ბრიუსელში დადიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოსტზე, სადაც ჯაფარიძე აღნიშნავს: „დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“. მისივე თქმით, „რუსული რეჟიმის მმართველობა დროთა განმავლობაში გახდება გაცილებით რეპრესიული“.

გია ვოლსკის განცხადებით, ბევრმა ადამიანმა თავისი ოჯახის ბედზე იწვნია ის, რასაც „გირჩების ხელისუფლება“ წარმოადგენდა.

„ალბათ სჯობს, ვთქვათ, „ადამიანი – გირჩი“ აცხადებს, რომ ტერორი ჩვენი ხელწერაა. ისინი ტერორს ვერ ახორციელებენ და ადამიანებს მოუწოდებენ, იქნებ ამ ტერორისტულ მოძრაობაში ჩაერთონ. ადამიანებზე ტერორი მისი იდეაა. ამას ის აჟღერებს, თორემ მთლიანად ტერორისტების გუნდია, რომელიც თავის მიზნებს ახორციელებდა მაშინაც კი, როცა ის „ნაცმოძრაობის“ გენმდივანი იყო და როცა ეს ალიანსი დაიშალა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტერორი რეალობაში განეხორციელებინათ და დღეს ეს რესურსი არ აქვთ. ისინი ამ რესურსის შესაძენად ბრიუსელში დადიან, რათა ვინმემ თანხა მისცეთ, რომ გადატრიალება მოხდეს და იმ ადამიანებზე განახორციელონ ტერორი, ვინც შეიძლება, მომავალში მათთვის საფრთხედ იქცეს.

ანუ, პოლიტიკაში ხელისუფლების სრული უზურპაციის თემა შემოიტანონ, რაც რასაკვირველია, „ნაცმოძრაობისთვის“ სიახლეს არ წარმოადგენს. ანუ, ახალი თაობისთვის არის ახალი. სწორედ ახალი თაობის ტვინის გამოსარეცხადაა ნათქვამი, რომ დაჩაგრული – გირჩი გაჰყვირის იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი უნდა დაიჩაგროს. ის არ ახსოვთ, რომ მათი ხელისუფლების დროს ბიზნესი არათუ დაიჩაგრა, არამედ გაძარცვული იყო უმოწყალოდ და ბევრმა ადამიანმა თავისი ოჯახის ბედზე იწვნია ის, რასაც გირჩების ხელისუფლება წარმოადგენდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.