რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა რომც მიიღოს, მაინც არ იქნება კონკურენტული, იმიტომ რომ როგორ შეიძლება არჩევანი მოღალატესა და პატრიოტს შორის დავინახოთ კონკურენციად. რანაირი კონკურენციაა ქართულ ოცნებას - პატრიოტ ძალასა და მოღალატე რადიკალ ოპოზიციას შორის?, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულია უცხო ქვეყნებთან, და არა ქართველ ხალხთან, შესაბამისად მოქმედებენ სხვა ქვეყნების ინსტრუქციებით.
„აქ არჩევანი ერთადერთია და ამ ერთადერთ არჩევანს უკვე მერამდენეჯერ აკეთებს საქართველოს მოსახლეობა. რა თქმა უნდა, არსებობს რადიკალური ოპოზიცია როგორც მარიონეტი უცხო პოლიტიკური ჯგუფებისა, მაგრამ ეს რა არჩევანია, ამიტომ ამ მხრივ კონკურენციას ჩვენ მოღალატეებთან და მარიონეტებთან ვერ ვგრძნობთ და არც ჩვენი ამომრჩეველ გვაგრძნობინებს ხოლმე, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, გამანადგურებლად აგებენ არჩევნებს.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა შეიცვალოს - საჭიროა უბრალოდ რომ მათმა ბატონებმა სათანადო მითითება მისცენ და მიიღებენ კიდეც მონაწილეობას. არანაირი ნება არ გააჩნიათ, ხომ ხედავდით ეს დღეები სად დადიან, ჩადიან თელავში, ჩადიან ქუთაისში, სადმე დადიან თუ უცხო ქვეყნების დედაქალაქებში ჩადიან? მათ ანგარიშვალდებულება სხვა ხალხთან, სხვა ერებთან, სხვა სახელმწიფოებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან და შესაბამისად, დავალებებსაც იღებენ მათგან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.