ხაზარაძის და ზურაბიშვილის პოლიტიკური სიყვარულის სევდიანი ისტორია ისე დასრულდა, არც დაწყებულა

ხაზარაძის და ზურაბიშვილის პოლიტიკური სიყვარულის სევდიანი ისტორია ისე დასრულდა, არც დაწყებულა

პოლიტიკურად გაბანკროტებული და ქუჩის ამარად დარჩენილი ოპოზიცია, სადაც საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ გამოჰყავს, ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, თუმცა გაერთიანებაზე ან ერთიან სამოქმედო გეგმაზე ისევ ვერ ყალიბდებიან. 

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მოწოდება, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს, ოპოზიციისთვის მიუღებელია. მისმა ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვინ რა პირობით დათანხმდება შეთავაზებას ან მოხერხდება თუ არა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, ჯერ უცნობია. ოპოზიციის ნაწილი შეთავაზებას იწონებს და მთავარ გამოსავლად სწორედ მეტ ერთიანობას და კონსოლიდაციას მიიჩნევს. ნაწილი კი ამ „პოლიტიკურ აჯაფსანდალში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო“, - ამბობს ხაზარაძე და თვლის, რომ ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

„ამ პოლიტიკურ ცენტრში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა, რომლის გარშემოც ყველა ის მანდატდატოვებული და მანდატდაუტოვებელი დეპუტატიც ამ შემთხვევაში – ვიცით, რომ, როგორც ბატონი გახარია ამბობს, მაისში დატოვებენ ამ მანდატებს, კი ბატონო, დაველოდოთ ამ პროცესსაც – ჩვენ ეს ალტერნატივა უნდა დავანახოთ გარე სამყაროს, და რაც ყველაზე მთავარია, დავანახოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ შეგვიძლია ერთ ოთახში რაღაცაზე ჩამოყალიბება. სხვა შემთხვევაში, ამ ყველაფრით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მას უნდა „დაშალე და იბატონე“ და ამ პრინციპს ახორციელებს. მას აწყობს ეს შეუთანხმებელი ამბავი და თუ აწყობს ბიძინა ივანიშვილს, აწყობს რუსეთს და ვერ ხდება ძალების კონსოლიდირება. დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო. როცა არჩევნები ჩაინიშნება, მერე ვიღაცა გადალაგდება, ვიღაცა ახალ კოალიციას გააკეთებს, ახალი პარტია შეიქმნება და მერე ყველას გაუმარჯოს ღმერთმა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განმარტებით, მარში, მიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის აუცილებელია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ თუ იქნება ერთობა, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება, მისი ნაწილი „გირჩი“ არ იქნება.

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი სიჭინავა კი ამბობს, რომ აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ჩვენს მოსახლეობას ეს კერძი არ შეუკვეთია. ამიტომ ისინი ხაზარაძის შეთავაზებას არ მიიღებენ.

„აჯაფსანდალი ძალიან კარგი კერძია, მაგრამ პოლიტიკური აჯაფსანდალი პოლიტიკურ მენიუში არ არის კარგი კერძი, რომელიც მოქალაქეებმა შეიძლება შეუკვეთონ რესტორანში - ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ გავერთიანდებით, არ ვართ ადამიანები, რომლებიც მოხეტიალე სულივით სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის არიან გაჭედილები და დადიან ერთი პარტიიდან მეორეში“, - ამბობს სიჭინავა.

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ჯობია მამუკა ხაზარაძე შეეგუოს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურად ბანკროტია.

„მოედანი ცალკე გასულა და პარტიას აფუძნებს. წარმატებებს ვუსურვებ. ეგებ მამუკა ხაზარაძეც დაგვეხსნას ამ ოთხ ბარიერგადალახული პარტიით, ნუღარ გვაწუხებს: შეეგუოს, რომ ჩაუვარდა ინვესტიცია. შეეგუოს, რომ პოლიტიკური ბანკროტია და ვერც იმას აერთიანებს, ვისაც ფული ახარჯა. შეწყვიტოს ოპოზიციაში კუდიანების ძიება და ცილისმწამებლური კამპანიები ოპოზიციური პარტიების მიმართ. გაიაზროს, რომ თან ერთიანობას ითხოვდე და თან ვისაც ერთიანობას სთხოვ, რუსულ პროექტად რაცხავ, თავად აყენებს უხერხულ მდგომარეობაში“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ოპონენტების გეგმების მიმართ მმართველი გუნდი სკეპტიკურად არის განწყობილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია და მათთვის დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს.

„აქამდე უცხო ძალების მხრიდან იმართებოდნენ. როგორც ჩანს, მათი პატრონები შავ დღეში არიან და ეს მათზეც აისახება. ისინი ამ ქვეყნის წარსულს და ისეთ ოპოზიციას წარმოადგენენ, რომელიც არსად არ უნდა იყოს. ამ ადამიანებზე საუბარი უხერხულიცაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ასეთი გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზურაბიშვილის ფაქტორს ქვეყნის გარეთ უფრო აქვს მნიშვნელობა, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ამიტომ ასეთ გაერთიანებას არანაირ პოლიტიკური შედეგი არ ექნება.

„ოპოზიციის პრობლემა გაერთიანებაში კი არ არის, მათი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხში ამ პოლიტიკურ ლიდერებს ნდობა და გავლენა არა აქვთ. ზურაბიშვილის ფაქტორს ქვეყნის შიგნით არა აქვს დიდი გავლენა. მისი ფაქტორი მნიშვნელოვანი უფრო ქვეყნის გარეთ არის. პრობლემა უნდა დაისვას და ოპოზიცია ამას ვერ ახერხებს. პრობლემა კი ისაა, რომ ოპოზიციას არა აქვს ხალხთან კომუნიკაცია და ნდობა არ გააჩნიათ. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, როგორ ჩავატარებთ არჩევნებს, არ არის მნიშვნელოვანი. ხალხს აქვს სერიოზული პრობლემები, რომელზეც უნდა რომ პოლიტიკოსებმა, ოპოზიციამ ისაუბროს. აქედან გამოსავალზე ისაუბრონ. ოპოზიციას აქვს ტელევიზიები, მაგრამ გადახედეთ რესპონდენტებს, რომლებიც იქ არიან წარმოდგენილები. ისეთი ადამიანები გამოჰყავთ, რომლებიც ან ხელისუფლებაში იყვნენ უკვე ან ოპოზიციაში წლებია არიან, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. ხალხს რომ ესაუბრებიან ადამიანის უფლებების დაცვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები, ამაზე ხომ ხალხი ბრაზდება, ღიზიანდება. ეს ხომ მათ თვალებში ნაცრის შეყრაა. ამ მედიების ნდობაც იკარგება მერე. ამ ყველაფერზე ოპოზიციას საფიქრალი აქვს. მარტო ტელევიზიებში ჯდომა და გულზე მჯიღის ცემა, ხალხის ლანძღვა არაფერს უშველის. საკუთარ თავში უნდა ეძიონ პრობლემა და გამოსავალი დასახონ. ზურაბიშვილის ლიდერობით გაერთიანება არ უშველით. ხალხის დაკვეთაა ახალი პოლიტიკოსები და ახალი სახეები. ამიტომ ახალი ძალა უნდა გამოჩნდეს. ძველის გაერთიანება-არგაერთიანებას არა აქვს არანაირი აზრი“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოს გია აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ ოპოზიციის ეს გაერთიანება სერიოზულად არ აღიქმება, რადგან მოსახლეობაში მათ მიმართ ის მხარდაჭერაც გაქრა, რაც არჩევნებში მიიღეს. აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობაში არანაირ გავლენით და ავტორიტეტით არ სარგებლობს.

„რა შეიძლება ამათ გაჭირვებაზე ითქვას? ძალიან არასერიოზული ხალხია და ეს ჩვენმა მოქალაქეებმა არაერთხელ დაინახეს, მით უმეტეს ახლა, როცა ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარი თავი პოლიტიკურად გაინადგურეს, ვერც გეოპოლიტიკურ პროცესებს მოერგნენ და ვერც ქვეყნის შიგნით ხალხის სურვილი გაიგეს რეალურად რა არის. მათი მთავარი მიზანია, როგორმე ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება გადააგდონ. ამ მიზნით აკეთებენ ყველაფერს. რას ნიშნავს ხაზარაძის, სალომე ზურაბიშვილის და სხვების იდეა, რომ რაღაც ალტერნატიული ცენტრი უნდა შეიქმნას? ამით აღიარებენ, რომ აქამდე ცალ-ცალკე იყვნენ? თუ ერთმანეთში თანხმობა არ აქვთ? თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა ხომ შესთავაზა ე.წ. ქართული ქარტია, რომელსაც ვითომ რაღაც დათქმები და ვალდებულებები ჰქონდა. ეს შესრულდა თუ არა, თავადაც არ იციან.

რადიკალურ ოპოზიციურ ფლანგზე გამოკვეთილი ქარიზმატული ლიდერების სერიოზული დეფიციტია. ვერც ე.წ. დემონტაჟი მოახდინეს ლეგიტიმური ხელისუფლების და თავიანთ საგარეო პატრონებს ვერც ის დაუმტკიცეს, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია. უმჯობესია მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის და იქ გაზომონ საკუთარი რეიტინგები, სხვაგვარად არაფერი გაერთიანება ამათ არ უშველით. მით უმეტეს ზურაბიშვილის იმედზე ყოფნა ხომ სასაცილოა“, - აცხადებს აბაშიძე.

Gami ღმერთო მომკალი,თვით ძაბირაძეც კი ვერ ხედავს გაერთიანების პერსპექტივას. რა ეშველებათ... ხაზარაძემ და მაგის პლაცენტა ჯაფარიძემ შეუძლიათ შუაში ჩაიყენონ სალომე ბაბო და ასე შემდეგ...
55 წუთის უკან