შუა დერეფნის როლი და მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. საქართველოზე არანაკლებ ამ კორიდორით ცენტრალური აზიის ქვეყნებია დაინტერესებული. უზბეკეთი უკვე აპირებს მიუერთდეს ამ მნიშვნელოვან მარშრტუტს, რაც უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ვიზიტის დროს ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ საქართველო მაქსიმალურად აფართოებს ეკონომიკურ კავშირებს.
„გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან, ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები. ჩვენთვის მთავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ და პირიქით, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობას უზბეკეთთან ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერთან ერთად შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს მინისტრებმაც. გარემოს დაცვისა და სოფლის მიურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე და აგროსასურსათო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც შუა დერეფნის განვითარებასაც გულისხმობს.
„ორმხრივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში დაიწყო უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთში აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა.
მინდა ხაზი გავუსვა შუა დერეფნის ნაწილს. მოგეხსენებათ, შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
დერეფნის, როგორც ალტერნატიული მარშრუტის მზარდი მნიშვნელობა გადაზიდვების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდაში უკვე აისახა - 2024 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და საქართველოს შორის კონტეინერებით გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა და რეკორდულ 12,678 კონტეინერს მიაღწია.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კი ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოში საგზაო და სარკინიგზო უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად, რამაც შუა დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.
„შუა დერეფნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ეკონომიკური მარშრუტის როლი სულ უფრო მეტად იზრდება. დერეფნის მზარდი მნიშვნელობა მის სტრატეგიულ მდებარეობაშია, რომელიც ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების უფრო სწრაფი ალტერნატივა ხდება და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობას აძლიერებს. ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მუდმივი ინვესტირებით დერეფნის ეკონომიკური პოტენციალი სულ უფრო მეტად იზრდება.
საქართველოს პრიორიტეტია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს თავისი, როგორც დერეფნის ძირითადი ლოგისტიკური და სავაჭრო კვანძის პოზიცია. ამ კონტექსტში, სატრანსპორტო დერეფნის პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ოპერაციული სისტემების ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასობაში კი გაირკვა, რომ ფოთის ტერმინალი შუა დერეფნის ნაწილი გახდა. როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკური საინვესტიციო კომპანიათა ყაზახური ჯგუფი - PTC HOLDING იტყობინება, ბაქოში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ასოციაციის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში POTI TRANSTERMINAL JSC ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციას, როგორც წევრი.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ევროპას აერთიანებს და წარმოადგენს ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალისა და სუეცის არხის ალტერნატიულ მარშრუტს. ასოციაცია 2016 წელს შეიქმნა და ის აერთიანებს სარკინიგზო, საზღვაო და ლოგისტიკურ კომპანიებს მის წევრ ქვეყნებში. მათ შორისაა საქართველოს რკინიგზაც. ასოციაციას 20-ზე მეტი წევრი ჰყავს. ასოციაციის მთავარი მიზანი მარშრუტის განვითარება, ლოგისტიკის ოპტიმიზაცია და ტვირთების ნაკადების მოზიდვაა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შემდეგ ყაზახური PTC HOLDING ფოთის პორტში ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც უნდა აშენდეს მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი, რაც წელიწადში 80 000 TEU მოცულობის ტვირთის გატარებას შეძლებს. ჯამური ინვესტიცია 30 მლნ აშშ დოლარია.