პოლიტიკური სიკვდილის 100 დღე

პოლიტიკური სიკვდილის 100 დღე

რა შედეგს მიაღწია საპროტესტო გამოსვლებიდან მე-100 დღეს ოპოზიციამ და როგორ აპირებენ გაზაფხულზე ამ აქციების გაგრძელებას? რა არის მათი სამოქმედო გეგმა? 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქუჩაში 100 დღე დგომა უკვე გამარჯვებაა. ხელისუფლების შეფასებით კი ოპოზიციას აქციების გაგრძელების აღარც პოლიტიკური და აღარც ფინანსური რესურსი აღარ აქვს. მათი მოქმედებები მხოლოდ გარე პატრონებისთვის საჩვენებელი აქტია, რეალურად კი, საპროტესტო მუხტი მიილია.

ოპოზიციამ 7 მარტს საპროტესტო აქციების მე-100 დღე აღნიშნა და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართა. ოპოზიცია ირწმუნება, თითქოს ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არ წყდება, თუმცა აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი იყო მისული და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

„უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეთ“, - სკანდირებდნენ მსვლელობის მონაწილე მომიტინგეები.

ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ უცვლელია - ახალი არჩევნები!

„პროტესტის მე-100 დღე“, - ამ ლოზუნგით აქცია ბათუმშიც გაიმართა. მოქალაქეები თავდაპირველად, ტრადიციულად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, 100 დღეა ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩაატაროს, რადგან არჩევნები „გაყალბდა“.

მათ ასევე, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს. შეკრებილების განცხადებით, პროევროპულ აქციებზე მოქალაქეებს უკანონოდ აკავებდნენ.

აქცია-მსვლელობისას პერიოდულად ისმოდა შეძახილები „არა რუსულ მთავრობას“.

ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებმა 400-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია უცხო ძალების დაკვეთით მოქმედებს და საკუთარი მედიების საშუალებით ქმნიან იმის განცდას, თითქოს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ამით გარე აქტორებს აჩვენებენ, რომ მათ მიერ მიცემული ფული ტყუილად არ იხარჯება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გეგმა ძალასთან ძალის დაპირისპირება უნდა იყოს.

„შეიძლება მძიმე მოსასმენი იყოს, მაგრამ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ე.წ. ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ყველა ზღვარი გადალახული აქვს - თუ ვინმეს ჰგონია, ამათ მშვიდობიანი აქციებით რაიმეს შევაგნებინებთ, ძალიან ცდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან  ამბობს, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავის პოლიტიკური ჰარაკირი მოახდინა და ახლა მათი მდგომარეობა უიმედოა.

„ოპოზიციას ქვეყნის შიგნით ხომ საერთოდ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს, მაგრამ ახლა საერთაშორისო ასპარეზზეც ცუდად აქვს საქმე. სიტუაცია ისე არის არეული, ევროპელებს საკუთარი თავი აქვთ საშველი. ოპოზიცია ყველა მხრიდან გაკოტრებულია, მათ აღარც ფინანსები აქვთ, აღარც პოლიტიკური მხარდაჭერა და მათ ნდობაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ახლა ეს ყველაფერი მხოლოდ სახის შენარჩუნების უსუსური მცდელობაა. რაც შეეხება 100 დღიან ქუჩას, ესეც სასაცილოა. აქედან 20-20 კაციანი აქციები ჰქონდათ, რაღაცა პერფორმანსები, რომელიც მარტო მათივე მედიების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. მათი აქეთ-იქით უაზრო ბოდიალი უკვე ჩვენს მოსახლეობაში აგრესიას იწვევს. როგორც ამკობენ და რასაც ეძახიან, სოციალურ ქსელებში ვხედავთ. 2 თვეა ხალხს ეხვეწებიან გამოდით ქუჩაში, ესენი გაგვაყრევინეთ და ჩვენ მოგვიყვანეთო, მაგრამ საკუთარი მხარდამჭერებიც კი დაეფანტათ.

ახლა დადიან დიდ ბრიტანეთში, ბრიუსელში ფულის სამათხოვროდ, რომ იქნება და ვინმემ სამოწყალოდ რამე გადმოუგდოთ. ესენი არაფრის არც გამგრძელებლები და არც ხალხის გამომყვანები არ არიან. 2 თვის წინ ვერ შეძლეს ხალხის გამოყვანა, როცა ბაიდენის ადმინისტრაცია ფულით და პოლიტიკური მხარდაჭერით ამათ გვერდით იდგა და ახლა რა უნდა გააკეთონ?! ამერიკული ფულის შეწყვეტის შემდეგ, თავი  აქეთ აქვთ საშველი“,-ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციას ორი გზა აქვს დარჩენილი. ან დაბრუნდნენ პარლამენტში და გამოინახოს რაღაცა საშუალება მათი მანდატების აღდგენის ან კიდევ დარჩნენ ქუჩაში, სადაც კაციშვილი გარეთ არ გამოდის, რაც მათი პოლიტიკური გაბანკროტების საბოლოო გზაა.

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ მართალია 100 დღეა რუსთაველზე საპროტესტო გამოსვლებია, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში რა გააკეთა ოპოზიციამ და რაში გამოიყენა ეს აქციები? ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ასეთი შიმშილი ლიდერებზე,როგორც დღეს ოპოზიციურ სპექტრშია, საქართველოში არასდროს არ ყოფილა.

 „ჩვენს ოპოზიციურ სპექტრში მზად არ არიან, რომ ხალხს თავი რეალურად დააინტერესონ. მხოლოდ ეკრანებთან დადგნენ და საკუთარი თავს სთავაზობენ. არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. საერთოდ ამ აქციების მიზანი რა იყო და რა არის, გაიგო ვინმემ? ოპოზიციის მთავარი თემაა, როგორ მივდივართ არჩევნებამდე და ჯერჯერობით ამაზეც არაფერი არ ისმის. პროტესტი არ არის თვითმიზანი, არამედ ის უნდა იყოს ერთიანი გეგმის ნაწილი.

ვერ ვხედავ, რომ ცალკეულ პარტიებს რაიმე სერიოზული გეგმა აქვთ, რომ ოპოზიცია ამ კრიზისიდან გამოვიდეს. მათ ლიდერებს ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ არ ენდობა. ეს მოცემულობაა და პარტიის ლიდერებმა თავად უნდა იფიქრონ ამაზე. 100 დღეა ქუჩაში დგანან, მაგრამ იმათ, ვინც პოლიტიკური პროცესები უნდა წარმართონ, შეიძლება ვინმემ თქვას, რაში გამოიყენეს ეს 100 დღე?“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

მარბიელი 28 ნოემბერს ის სიბრძნე რომ არ ამოეფრქვია კობახიძეს, რას იზამდა ოპო? არსებული სიმშვიდის ფონზე შევიდოდნენ, თუ არა პარლამენტში?
მაინც რა სიკეთე მოგვიტანა ლობახიძის 28 ნოემბრის განცხადებამ?
15 დეკემბერს ევროკავშირი თვითონ რომ იტყოდა საქართველოს მოლაპარაკების დაწყებაზე ჯერჯერობით უარს ვეუბნებითო, ამაზე უარესი რა მოხდებოდა? პეტარდების ნაცვლად ტყვიებს გაისროდნენ?
რატომ გვიჭირს შეცდომების აღიარება? მე მგონი ეს პატარა კაცობის ნისანია
1 თვის უკან
Gami იმ განცხდების გამო კობახიძე უნდა წავიდეს. ამას ვიმეორებ 28 ნოემბრიდან.
1 თვის უკან