საქართველოს პროკურორის შესაბამისმა დეპარტამენტმა ინტერპოლს გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე უკვე მიმართა. შს სამინისტრომ ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 1 პირი დააკავა, რომელიც წარსულში ნასამართლევია. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაკავებული ყვება, რომ დეკემბრის თვეში დაუკავშირდა მისი მეგობარი დ თანხის სანაცვლოდ გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შესაბისად, მასსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა.
პირველ ეტაპზე, გიორგი ბაჩიაშვილმა დაკავებულს გადასცა „გუგლის“ სატელიტური ტელეფონი და მოსთხოვა, რომ მხოლოდ აღნიშნული მოწყობილობით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია. ასევე, მას გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა და დაავალა, რომ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის, მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა. ბაჩიაშვილის მითითებით, დავალების შემსრულებელ პირს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი და იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.
ბაჩიაშვილმა მას ასევე, მოსთხოვა ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინაზე ვიდეორეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა. გამოძიებით დგინდება, რომ ბაჩიაშვილმა მას მოსთხოვა, რამდენიმე დღე მისთვის მანქანა კონკრეტულ მისამართზე დაეტოვებინა, რა დროც მან სპეციალური სამალავის მოწყობისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ, ბაჩიაშვილმა გაუმხილა, რომ სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილი და დაკავებული საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ. სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს, გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა. დაკავებული მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, მესაზღვრე-კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება.
აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით, სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან, გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა დაქირავებულ მძღოლს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, გადასცა მას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა.
ბაჩიაშვილის თანამზრახველი სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც ის სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. ჩატარდა დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. პოლიციის მიერ, ამოღებულია ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული პირი გადაადგილდებოდნენ. ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი.
სად იმალება ბაჩიშვილი ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ საფრანგეთში იმყოფება. არაოფიცილაური ინფორმაციით მან ქვეყნიდან გაიყვანა ოჯახის წევრებიც. ფაქტია, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. თუნდაც იმას, როგორ გამორჩა ძალოვან უწყებას გაქცევის ოპერაცია, რომელსაც ბაჩიაშვილი დეკემბრის თვიდან გეგმავდა.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ამ საქმეში მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, ეხმარებოდნენ თუ არა ბაჩიაშვილს ისეთი სტრუქტურები, რომლებსაც პოლიტიკური გავლენა და ავტორიტეტი აქვთ და ამ კითხვას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რაზედაც პასუხი უნდა მოვისმინოთ ოფიციალური ერევნისგან. მისი თქმით, საქართველოს შსს ს მიერ ოფიციალურად გაჟღერებული ვერსიით ცნობილი ხდება, რომ ბაჩიაშვილმა მანქანაში მოწყობილი სამალავით გადაკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი, ხოლო შემდეგ, რუსული პასპორტით დატოვა სომხეთი.
„კითხვა ისმის, როგორ გამოიყენა ბაჩიაშვილმა რუსული პასპორტი სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ამ ქვეყნის დატოვების მომენტში, მაშინ, როდესაც მისი სომხეთში ლეგალურად შემოღწევის რაიმე შტამპი არ იყო დასმული მის პასპორტში? ეს, ერთი მხრივ ელემენტარული ფაქტობრივი გარემოება ძალიან დიდ კითხვის ნიშანს სვამს სომხური ოფიციოზის წინაშე და სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემით უნდა ვიწყებდეთ მსჯელობას, თუ რა მოხდა სინამდვილეში და როგორ მოახერხა ბაჩიაშვილმა ორმაგი უკანონო მანევრი საზღვრიდან საზღვრამდე, იქ სადაც ახლა იმყოფება“, - აცხადებს ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ არაჟნის კონტეინერით სააკაშვილის შემოსვლა და ბაჩიაშვილის სამალავით გაშვებას შორის შესაძლოა, პარალელი გაევლოს. ლორთქიფანიძის შეფასებით, სავსებით დასაშვებია ვერსია, რომ დასავლური სტრუქტურების დაინტერესების ფონზე, ხელში ჩაეგდოთ პოტენციური ოქროს მოწმე და ბიძინას ფინანსური იმპერიის მთავარი მესაიდუმლე და დაეგეგმათ მისი ქვეყნიდან გაყვანის ოპერაცია.
„საზღვარზე გადაყვანილი ბაჩიაშვილი შემდეგ უკვე სომხეთის ოფიცუალურ, გარკვეულ სტრუქტურებთან შეთანხმებით ზვარტნოცის აეროპორტით გადაეყვანათ უსაფრთხო ტერიტორიაზე, მაგალითად საფრანგეთში, რომელიც დღეს სომხეთის მთავარი ევროპული დასაყრდენი და სტრატეგიული პარტნიორია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.