ზელენსკის დასასრული - მაკრონი და სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს ტრამპს მიჰგვრიან

ზელენსკის დასასრული - მაკრონი და სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს ტრამპს მიჰგვრიან

დონალდ ტრამპის კონგრეში გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ შეცვალა, რაც ამრიკულ მედიაში გამოჟონა ინფორმაციამ, რომ პრეზიდენტი ტრამპი კონგრესში გამოსვლის დროს დაასახელებდა იმ ციფრებს, რომელიც ზელენსკიმ ომის განმავლობაში მიიღო ბაიდენის ადმინისტრაციისგან.

თანხები კი, როგორც ამერიკული მედია წერს, კოლოსალურია. გარდა ამისა, საუბარია ომის პარალელურად ზელენსკის და მისი ოჯახის მიერ დაგროვილ ქონებაზე მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყანაში. შეშინებულმა ზელენსკიმ გადაწყვეტილება შეცვლა და თქვა, რომ ნებისმიერ შეთანხმებას აწერს ხელს.

დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მან აგრეთვე განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთიც არის მზად.

„მე მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დააახლოოს გრძელვადიანი მშვიდობა. ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. დროა შეწყდეს ეს სიგიჟე. მკვლელობის შეჩერების დროა. დროა დასრულდეს უაზრო ომი. თუ გსურთ ომების დასრულება, ორივე მხარეს უნდა ესაუბროთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც ზელენსკი წერილში წერს, მის გუნდთან ერთად მზად არის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ იმუშაოს, რათა მოიტანონ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს. ზელენსკი აქვე წუხს, რომ შეხვედრა თეთრ სახლში ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო.

„დასანანია, გამოსწორების დროა. უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და არავის სურს უსასრულო ომი. რაც შეეხება ომის დასრულების კონტექსტებს, ეს შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება - აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე - და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, რუსეთის მხრიდანაც იმავეს გაკეთების პირობით.

ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვოს მყარი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს.

რაც შეეხება იშვიათ ლითონებს და უსაფრთხოებაზე შეთანხმებას, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თანხმობის წერილის მიუხედავად აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეაჩერა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს „შერჩევითს“ უწოდებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია კვლავ მიეწოდება უკრაინას და ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსული ძალების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.

პარალელურად, თეთრ სახლში „ფოქს ბიზნესის“ კორესპონდენტი ედუარდ ლოურენსი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯონ რატკლიფმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტა დაადასტურა. ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა მთლიანად ევროპის იმედად დატოვა, რაც უკრაინას უმძიმეს ვითარებაში აგდებს. ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ემანუელ მაკრონი კირ სტარმერთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, შესაძლოა, დონალდ ტრამპს შეხვდეს. საფრანგეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა, სოფი პრიმასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა საფრანგეთის ინიციატივას წარმოადგენს და იგი შეიძლება უახლოეს მომავალში შედგეს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია ამერიკის ხელისუფლების პოზიცია.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ჯერჯერობით ტრამპს არ უთქვამს, რომ ზელენსკისთან არ გააგრძელებს ლაპარაკს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გააგრძელებს. მისი თქმით, იმ სცენის შემდეგ, რაც თეთრ სახლში ვიხილეთ და რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ აღქმული იქნა, როგორც უპატივცემულობა, ამის გამოსწორება შეიძლება საჯარო მონანიებით, რასაც ზელენსკი არ აპირებს.

„შესაბამისად, როგორ წარმოვიდგინოთ ჩვენ - თუ ზელენსკი არ მივა ტრამპთან საჯარო მონანიებით და ბოდიშებით, ტრამპი მასთან საუბარს გააგრძელებს? თუ არ გააგრძელებს საუბარს, მაშინ რანაირად წარმოგვიდგენია ხელმოწერა იმ ყბადაღებულ მინერალების შესახებ ხელშეკრულებაზე? ძალიან რთულად წარმოსადგენია. ინფორმაცია გამოვიდა ამერიკულ მედიებში და ფართოდ გავრცელდა ტელეგრამ არხებზე იმის შესახებ, რა რაოდენობის თანხები მიიღო უკრაინამ. შეგნებულად მოხდა ამ ინფორმციების გაჟონვა, რომელსაც პოლიტიკური განზრახულობა აქვს. ეს არის ერთგვარი ფორმა შანტაჟისა იმ საიდუმლო მოლაპარაკების დროს, რომელიც განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ამ „გაჟონვის“ შედეგად მოწინააღმდეგე მხარემ უნდა გაიგოს, რომ ამერიკული მხარე მზად არის ესკალაციის ამ სტადიაზე წავიდეს და გამოააშკარავოს ისეთი ფაქტები, რომლის შემდეგაც არა მარტო ზელენსკი არ გაჩერდება ხელისუფლებაში, არამედ მისი გუნდი და რაც მთავარია, ვერც მისი მფარველები. ანუ, ეს მუქარა ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. თუმცა, ტრამპი ამავე დროს, რომელიც გამოირჩევა საოცარი უნარით, ცდილობს დაიტოვოს გამოსავალი ამ რთულ საჭადრაკო თამაშში. ერთ დღეს შეურიგებელ პოზიციას გამოხატავს, მეორე დღეს სულ სხვა პოზიციას გამოხატავს“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრამდე პირდაპირი მნიშვნელობით დაგეშეს და ცხადია, ეს მშვენივრად იციან თეთრ სახლში და როგორც ზელენსკი იქცეოდა, ეს არ იყო მისი პიროვნული გაბედულობის, თუ პიროვნული განწყობის შედეგი. ეს იყო ბრიტანელების, ფრანგების და ამერიკის დემოკრატიული პარტიის პოზიცია, რომელსაც ისინი ყოველდღე აჟღერებენ.

„წარმოიდგინეთ, ტრამპთან შეხვედრამდე ერთი საათით დრე ზელენსკი მათ ხვდებოდა. იქიდან წავიდა პირდაპირ ტრამპთან შეხვედრაზე და ძალიან კარგად იციან აშშ-ის ადმინისტრაციაში და ვნახეთ ის, რაც მოხდა. ეს რას ნიშნავს - პირდაპირ უთხრა ტრამპმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ჩვენი ინტერესები დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც მოვითხოვთ, ჩვენ წავალთ იმაზე, რომ გამოვაქვეყნებთ შემაძრწუნებელ ფაქტებს, საიდანაც გამოჩნდება რა კოლასალური ფული ირიცხებოდა უკრაინაში.

რაც შეეხება მინერალურ რესურსებს, რაც უთხრა პუტინმა, შეიძლება ამაზეც არის გათვლილი. უკრაინის ძირითადი რესურსები, რაც ეკონომიურად მომგებიანია, ძირითადად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს რესურსები ზელენსკის 100 წლით მიყიდული აქვს ინგილისისთვის, რადგან მისი მთავარი მფარველები არიან ბრიტანელები და აქედან გამომდინარე, გაუგებარია ტრამპის მინერალების შესახებ ხელშეკრულების რაობა. აქ აბსოლუტურად სხვა სქემა მოქმედებს, რაც გარკვეულწილად გასაგებიც არის. მაგრამ ეს არის ამერიკელებისთვის ძალიან მომგებიანი სქემა და რატომ? თქვა ტრამპმა, რომ 350 მილიონ დოლარად, რომელიც ჩვენ უკრაინას მივეცით, მთელ ამერიკულ ფლოტს გადავაიარაღებდითო და ამ ბრიყვმა პრეზიდენტმა ბაიდენმა ისე მისცა უკრაიანას, რომ სამაგიეროდ არაფერი არ მოითხოვაო. ამიტომ, ჩვენ უფრო მეტს დავიბრუნებთო. როგორ აპირებს ამ სქემით ტრამპი დაბრუნებას, ღიად არ ჩანს. მაგრამ არის სხვადასხვა სქემები. ტრამპი არაფერს არ გააკეთებს იმის გარეშე, რომ მას არ ჰქონდეს მოგების პრესპექტივა. ამიტომ ის მოქმედებს ზუსტად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.