"ჩემი ნათლობა მამა გაბრიელის სამლოცველო სახლში აღსრულდა" - რამ აღაშფოთა ცოტნე გამსახურდია წმინდანის საფლავის გახსნის შემდეგ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარ ნათლობას იხსენებს, რომელიც, მისი თქმით, მამა გაბრიელმა "იატაკქვეშ" მოწყობილ სამლოცველოში აღასრულა. გამსახურდია ბოლო დღეებში მცხეთასა და თბილისში წმინდანის საფლავის გახსნის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებს.

"მამა გაბრიელი ჩემი მომნათლავი (და არა ნათლია, როგორც ეშლებათ ხოლმე) მღვდელი იყო... ორმოცი დღისა ვიყავი, როცა ეს მომხდარა: მამაჩემს ოფიციალური რელიგიის მესვეურებმა, გასაგები მიზეზების გამო, ყველგან უარი უთხრეს და რიტუალი მამა გაბრიელის სამლოცველო სახლში აღსრულდა, რომელიც მას ჰქონდა "იატაკქვეშ" მოწყობილი. მაშინ ბერს არავინ იცნობდა ფაქტობრივად, მამამაც შემთხვევით მიაგნო...

მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელიც კია, რამოდენიმე მიზეზის გამო:

1) არ უნდა მომხდარიყო ადამიანების რანჟირება, მათი ადგილზე შეშვება თანამდებობრივი თუ სოც. სტატუსის მიხედვით. ან საერთოდ ღია უნდა ყოფილიყო რიტუალი, ან - სრულიად დახურული. პირადად მე დაპატიჟებული გახლდით, მაგრამ არ წავედი. ღმერთის წინაშე ყველა და ყველაფერი ერთი, ერთიანი და თანასწორია! ნუთუ მამა გაბრიელი მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათვის ლოცულობდა?!

2) სრულიად ამაზრზენია ე.წ. "რელიგიურ-პატრიოტული" მედიის საქციელი. ჩემი ნება რომ იყოს, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ლიცენზიას შემოვიღებდი. მორჩით ამ სპეკულირებას უხრწნელობით და რაღაც ნეკროფილურ ვნებებს, ფოტოკოლაჟებისა და უბრალოდ სიყალბის ჩვენებას. ძვალთა და თმათა დარჩენა საფლავში სრულიად ბუნებრივია და ვეჭვობ, მავანთ სწორედ ამიტომ გააკეთეს ცერემონიის ამგვარად ორგანიზაცია, რომ ნახევრად იდუმალი, დახურული ატმოსფერო ნოყიერი ნიადაგი ყოფილიყო სპეკულაციებისა და ცრურწმენებისათვის! ხრწნა ხორცისათვის ბუნებრივი და დამახასიათებელია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ზოგის გონებაც გაიხრწნა უკვე...

3) და ბოლოს: რწმენისათვის, გონისათვის დროსა და სივრცეს მნიშვნელობა არა აქვს. აკი გაბრიელ ბერის ღვაწლიც ერთი სენაკიდან აღსრულდებოდა. არ არის აუცილებელი იქ პირადად მისვლა, მიწაზე განრთხმა თუ ძვლებთან ჩახუტება, არც საკრედიტო ბარათების საფლავზე დაწყობა!

4) ამდენი სამხედრო რატომ იყო, პარადია?
ყოველივე ამის შემდეგ, კვლავ ვრწმუნდები, რომ ჩვენ კარგა ხანს არაფერი გვეშველება...

P.S."ფაეტონით შეხვალთ სასუფეველში"
@ გაბრიელ ბერი", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, მამა გაბრიელის საფლავი მცხეთაში, დედათა მონასტრის ეზოში 22 თებერვალს გახსნეს. ბერის წმინდა ნაწილები ამაჟამად სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, სადაც მისი მოლოცვა ნებისმიერ მსურველს კვირის ბოლომდე 24 საათის განმავლობაში შეუძლია.