ვოლოდიმირ ზელენსკი დილემის წინაშეა - საჯარო ბოდიში, წიაღისეულის მოპოვების ხელშეკრულების დადება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე თუ აშშ-ს შეჩერებული დახმარება და მხოლოდ ევროპის იმედად დატოვებული უკრაინა? როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინისთვის ამერიკული დახმარება ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი ჩანაცვლება ევროპის დახმარებით ასეთი მარტივი ვერ იქნება. ამიტომ ზელენსკისაც და ევროპასაც ტრამპის პირობების მიღება მოუწევთ.
დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის დახმარება უკვე შეაჩერა - ამერიკის 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილება საერთაშორისო მედიას თეთრ სახლში დაუდასტურეს.
Associated Press-სთან ინტერვიუში ზელენსკი ამბობს, რომ „რუსეთთან ომის დასრულება ძალიან, ძალიან შორსაა“, ფიქრობს, რომ კიევისა და ვაშინგტონის გრძელვადიანი პარტნიორობა საკმაოდ მყარია და ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებაზე გავლენას არ იქონიებს. ზელენსკი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება.
ტრამპი სოციალური ქსელიდან ეხმაურება ზელენსკის აღქმებს და ასკვნის, რომ უკრაინის პრეზიდენტს „მშვიდობა არ სურს“ და ისევ იმეორებს, რომ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა დაიდოს.
ტრამპის პოსტი გადააზიარა შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა და დაწერა: „ზელენსკის სურს სამუდამო ომი, დაუსრულებელი ხორცსაკეპი მანქანა, ეს ბოროტებაა“.
ზელენსკი უშედეგოდ ცდილობს ტრამპის დარწმუნებას, რომ უკრაინა მშვიდობის მომხრეა და ისევ ამერიკის მხარდაჭერის იმედი აქვს.
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსიმ განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების აღდგენისთვის ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს.
„ჩვენ გვინდა, უკრაინელებს ჰქონდეთ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. ვფიქრობთ, უკრაინის ჯარები ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ ჩვენ ვართ ისეთ წერტილში, სადაც არც ევროპას, არც შეერთებულ შტატებს და არც უკრაინელებს არ შეუძლიათ, უსასრულოდ გააგრძელონ ეს ომი“, - განაცხადა ვენსმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ იშვიათი წიაღისეულის შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ვენსმა დადებითად უპასუხა: „რა თქმა უნდა, მჯერა. ვფიქრობ, პრეზიდენტი კვლავ ერთგულია შეთანხმების მიმართ“, - და დასძინა: „უკრაინელებს არ სურდათ კეთილსინდისიერად მოლაპარაკება... როდესაც საქმე უკრაინის დახმარებას ეხება, აშშ-ს უსამართლოდ ექცევიან. ეს ნამდვილად სასაცილოა და გულწრფელად რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა ამერიკელი ხალხის, რომ ევროპელები უკეთეს გარიგებას იღებენ, ვიდრე ამერიკელი ხალხი“.
ზელენსკის დახმარებას ცდილობს ევროპა. ევროკომისიის პრეზიდენტმა სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროპა 800 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახერხებს.
„ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე გადამწყვეტ და მნიშვნელოვან დროს. არ არის საჭირო, აღვწერო ჩვენს წინაშე არსებული საფრთხეების სერიოზულობა ან გამანადგურებელი შედეგები, რომლებიც დადგება, თუ ეს საფრთხეები ასრულდება, რადგან შეკითხვა აღარ დგას ემუქრება თუ არა რეალური საფრთხე ევროპის უსაფრთხოებას ან უნდა აიღოს თუ არა ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. სინამდვილეში, ჩვენ დიდი ხანია, ვიცით ამ კითხვებზე პასუხები. რეალური კითხვა ჩვენს წინაშე არის - მზად არის თუ არა ევროპა, იმოქმედოს ისე მტკიცედ, როგორც ამას უკარნახებს სიტუაცია, მზად არის თუ არა ევროპა და აქვს თუ არა უნარი იმოქმედოს ისე სწრაფად და ამბიციურად, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ევროპის გადაიარაღების“ გეგმის 5 პუნქტია აღწერილი.
ევროპელთა მეორე ნაწილი კი ამერიკისგან უკრაინისთვის დახმარების შეჩერების გამო შეშფოთებულია.
ევროპა შეშფოთებულია, რუსეთი კი გახარებული - კრემლში მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტით შტატები სამშვიდობო საქმეში საუკეთესო წვლილს შეიტანს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში, თუ ის ნამდვილად შეწყვეტს უკრაინის დაფინანსებას.
ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოიცავდეს რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნას, თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ასეთი გეგმა არ არსებობს.
„რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ ისინი უნდა გათავისუფლდნენ ე.წ. სანქციების ამ ნეგატიური ტვირთისგან“,- განაცხადა პესკოვმა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა, როცა ოვალურ კაბინეტში შოუ მოაწყო, რაც პირდაპირ აშშ-ს პრეზიდენტის შეურაცხყოფა და ალიყურის გარტყმა იყო. ამას კი, მისი აზრით, ტრამპი არავის აპატიებს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ის კიდევ უფრო მკაცრ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ვიდრე დახმარების შეწყვეტაა.
„ზელენსკი ევროპელების მიერ ისე არის გათავხედებული, ეტყობა, ეგონა, ბრიუსელის ჩინოვნიკებთან იჯდა და იქ როგორც გასდის ხელების ქნევა, თეთრ სახლშიც ასე გაუვიდოდა. მისი მასკარადი - თეთრ სახლში კიტელით გამოცხადებით, ცალკე შეურაცხყოფაა ამერიკის ადმინისტრაციის და პროტოკოლის. თუ ომშია და სპორტულებით უნდა იაროს, მაშინ ველოსიპედით გადაადგილდეს. რად უნდა ეს დაცვა და ტროლეიბუსისხელა ავტომობილი?! ამ ადამიანის მასკარადს ერთხელ და სამუდამოდ ტრამპმა, ჯეი დი ვენსმა ბოლო მოუღეს. მთელი მსოფლიო ახლა ელოდება ტრამპის გადაწყვეტილებებს, სადაც მთელს მსოფლიოს წინასწარ აფრთხილებს, რომ ძალზე მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება გაჟღერებული. გამორიცხულია, რომ ზელენსკის წინაშე უკან დაიხიოს.
ზელენსკიმ სითავხედე და უზრდელობა ლონდონშიც გააგრძელა, როცა ანტიტრამპისტული სამიტი ვიხილეთ. ეს ტრამპის და მისი პოლიტიკის მისამართით გამოცხადებული ომის ტოლფასია. ბრიუსელი და ლონდონი კვლავ გაერთიანდა, ოღონდ ტრამპის წინააღმდეგ, რაც მათ ყველაზე ცუდად დაუბრუნდებათ უკან. ეს არის ძალები, რომელთაც ომის გაგრძელება სურთ. ტრამპი კი ის ძალაა, რომელსაც ამის გაგრძელება აღარ უნდა. ესენი არიან ის ძალები, რომლებმაც მშვენივრად იციან, სად წავიდა და ვის ჯიბეში მოხვდა 350 მილიარდი. ამიტომ ველი, რომ ტრამპი სათანადო პასუხს ზელენსკისთან ერთად ევროპასაც გასცემს“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ლონდონი და ბრიუსელი ანტიტრამპისტულ მოძრაობაში გაერთიანდნენ და დასავლეთს ორ ბანაკად ყოფენ. ზელენსკის კი ფიზიკურად გადარჩენის პრობლემა აქვს, ამიტომ ის ამ ომის გაგრძელებას ნებისმიერ ფასად ცდილობს.
„ზელენსკიმ ძალიან კარგად იცის, რომ თუკი მისთვის დაკისრებული როლი ბოლომდე არ შეასრულა, მას უბრალოდ, შესაძლოა, ფიზიკურად გადარჩენის საფრთხე ემუქრებოდეს. სამწუხაროდ, უკრაინელთა რეაგირება ამ ყველაფერზე ძალიან სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის რეიტინგი დავარდა, უკრაინელი ხალხი მის მიმართ ძალიან უარყოფითად არის განწყობილი, მაინც ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას და ომში ცხვრებივით გარეკვას ვერ აპროტესტებენ.
ზელენსკის უკვე იმდენად უჭირს ხალხის ომში წაყვანა, რომ ქუჩიდან იტაცებენ ახალგაზრდებს და ფრონტის ხაზზე აგზავნიან. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში გაქრა 15-მდე ოპოზიციური პარტია, დაიხურა ათობით ოპოზიციური მედია, ეს ხალხი კვლავ მორჩილად მის მოღალატეობრივ ქმედებებს წინააღმდეგობას არ უწევენ.
ამ გაუბედურებული ქვეყნის და ხალხის გადარჩენა სურს ტრამპს, რომელსაც „დიფ სთეითის“ ბუდე ბრიუსელში და მათი ვარსკვლავბიჭუნა ზელენსკი წინააღმდეგობას უწევენ. ეს სიტუაცია დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. შესაძლოა ტრამპმა საპასუხოდ დატოვოს გაეროც და ნატოც. ეს კი ევროპის უსაფრთხოების სრულ ჩამოშლას ნიშნავს“, - ამბობს ქართველიშვილი.