პური გაძვირდა, მთავარი საკვები პროდუქტი უკვე 5-10 თეთრით მეტი ღირს. მიზეზი - ქარხნებისთვის ფქვილის გაძვირება და სხვადასხვა გაზრდილი ხარჯია. ამ ფონზე უცნაურია ის, რომ მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადი გაზარდა და ვადაც გაახანგრძლივა იმ დროს, დღემდე მოქმედი ტარიფის პირობებშიც კი ვერ მოხერხდა პურზე ფასის შენარჩუნება.
28 თებერვალს გამოცემული დადგენილების მიხედვით ფქვილზე საიმპორტო გადასახადი ერთი თვით, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, გაიზარდა იმპორტის საფასური. 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.30 ლარის, ანუ 1 ტონაზე 300 ლარის გადახდა. აქამდე საფასური 1კგ-ზე 0.25 ლარი იყო, ანუ ტონაზე 250 ლარი.
დაკორექტირდა გადასახადი ქერსა და ქატოზეც და იგი გაორმაგდა 10 თეთრის ნაცვლად, კილოგრამზე 20 თეთრი გახდა და 1 ტონაზე 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი იქნება.
კომპანია „აგროექსპორტის“ დამფუძნებელმა ლევან ჯანაშიამ აღნიშნა, რომ წისქვილკომბინატის გადასახედიდან საიმპორტო გადასახადის არსებობა გადამწყვეტია, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა წარმოებამ იარსებოს. თუმცა, გადაწყვეტილების მიღება არსებული ფაქტორების გათვალისწინებით ხდება და იმ შემთხვევაში თუ მოცემულობა შეიცვლება გადაწყვეტილებაც გადაიხედება.
„ეს პოზიტიური ცვლილებაა, იმის გათვალისწინებით, რომ 15 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციაში ამოქმედდა კვოტები ხორბლის გატანასთან დაკავშირებით, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, ამ დადგენილების შინაარსიც და მიზანიც არის ის რომ ამის პროპორციულად მოხდეს შიდა წარმოების ხელშეწყობა. რატომ ერთი თვით? ეს ტექნიკური საკითხია, გვაქვს მოლოდინი და არსებობს შეთანხმება რომ 1 თვის შემდეგ ეს კიდევ გაგრძელდება და საკმაოდ გრძელვადიანი უნდა იყოს.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დარგიც თანახმა არის და ზოგადად შეთანხმებაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია უკეთესობისკენ დარეგულირდება, დარგს პრობლემა არ ექნება რომ გაუქმდეს ეს დადგენილება“, - განაცხადა „აგროექსპორტის“ დამფუძნებელმა „ბიზნეს მედიასთან“.
უნდა ითქვას ის, რომ სტაბილურობის მხრივ ფქვილის და ხორბლის ბაზარზე უკვე გარკვეული ხარვეზებია. ეს პურის ღირებულებას ეხება. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუდმივად მიდიოდა საუბარი, რომ მთავარია, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი შენარჩუნებულიყო და პურის ფასის სტაბილურობას წისქვილკომბინატები უზრუნველყოფდნენ ქარხნებისთვის ფქვილის ზღვრულ ფასად მიწოდების ხარჯზე (1 ტომარა მაქსიმუმ 52 ლარად) როგორც ჩანს, ეს პირობა დაირღვა, ამიტომ პურიც ძვირდება.
გაირკვა, რომ 5 მარტიდან მასობრივი წარმოების ქარხნული პური 10 თეთრით გაძვირდება. საუბარია, თეთრი პურის სამ სახეობაზე: 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და ამავე გრამაჟობის დაჭრილი პური. რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე სოფო ქაშაკაშვილმა დაადასტურა, რომ ფასების ცვლილება კონკრეტული საწარმოების შემთხვევაში 11-16%-ის ფარგლებშია. თეთრ ბატონებზე გაზრდილი ფასები მომხმარებლებს დახლებზე 5 მარტიდან დახვდებათ.
როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ფასის ცვლილების მიზეზი შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირება და შესაფუთ მასალებზე ფასის ცვლილება, რის გამოც კონკრეტულმა პურის მწარმოებლებმა ფასები დააკორექტირეს და შეიძლება ის 5-7 თეთრით გაიზარდოს. მან პარალელურად, პურის მწარმოებლების მხრიდან, პურის 10 თეთრის გაიაფების გადაწყვეტილება გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს პირველადი მოხმარების პროდუქტის ღირებულება ძველ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს.
„მოდით პრაგმატულად შევხედოთ, 1 ტონა ხორბლის ღირებულება თუ 700-800 ლარი იყო, ახლა 1000 ლარს ასცდა. ანუ მომატებულია ფასი - ფაქტია. მე რომ ფქვილის ფასზე ვილაპარაკო, ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი.
დღევანდელი სიტუაციიდან და წარმოების აუცილებლობიდან გამომდინარე, ბევრი ნიუანსია. მთელი რიგი მომენტებია, აღარ ვსაუბრობ ჯარიმებზე, საფუარზე, მარილზე, დამხმარე მასალებზე, შესაფუთ მასალებზე...
პურის ფასი ზოგმა შეიძლება 5 თეთრით, ზოგმა - 7 თეთრით შეცვლოს, ეს წარმოების საჭიროებიდან გამომდინარე იქნება. აქ საგანგაშო რაღაც არ არის, მთავარია პური გამოცხვეს და მომხმარებელს მივაწოდოთ და ეს პროდუქცია ხარისხიანია. სტანდარტი არ ითვალისწინებს, მაგრამ დღეს ყველა პური შეფუთული გამოდის, რაც რამდენიმე თეთრით აისახება პურის ფასში“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.