“ყველა ტკივილი და სიხარული თელავს უკავშირდება! მე ნამდვილი თელაველი ვარ!”
თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება _ ვანო იანტბელიძემ მაყურებლისა და კრიტიკოსების გული ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მოიგო: 1987 წელს, სპექტაკლ “ალალეში” შესრულებული როლისთვის, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიური პრემია მიიღო. ამავე პრემიით 1993 წელსაც დაჯილდოვდა („ჰენრიხ მეოთხე“). 2006 წელს, ფილმში _ „ორი ხევსური“ გადაეცა პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მსახიობს, კინოსა და თეატრში, სულ 150 როლი აქვს შესრულებული... ახლახან, ვანო იანტბელიძეს 60 წელი შეუსრულდა...
_ 60 წლის ასაკში როგორ არიან ერთმანეთთან ვანო და ტყუილი?
_ ტყუილი ყველას უთქვამს და, ალბათ, _ მეც, მაგრამ ბოროტულად არ უნდა მოიტყუო. ჩემს გვერდზე ყველამ იცის, ყველაფერს გავიგებ, ტყუილის გარდა!
_ ვანო და ღალატი...
_ ღალატი უსიყვარულობაა _ როცა ადამიანს არ უყვარს, ღალატობს. ღალატი ყველაზე დიდი უბედურებაა. შეიძლება, იყოს უსიყვარულობა, მაგრამ იყოს პატივისცემა, მაგრამ არ უნდა იყოს ღალატი. ღალატი იმას ნიშნავს, რომ მან შენ გაგწირა, ყველაფერზე წავიდა და შენი არსება გაანადგურა. ეს საშინელებაა!
_ ვანო და თელავის თეატრი...
_ 1989 წლის 9 აპრილს, თელავი მოვიდა და მითხრა, გაგვიძღვეს ალალე და მივდივართ თბილისშიო... წავედით ასე, ფეხით... იცით, რატომ ვამბობ ამას? _ თუ რამე გამიკეთებია, პირველად ვაკეთებდი თელავში, ანუ სულ ვამბობ, რომ ყველაფერს ვუკეთებ ჩემს ქალაქს...
_ სამტრედიაში ბოლოს როდის იყავით?
_ ხშირად დავდივარ, მაგრამ რაც დედა დამეღუპა, მას მერე, იქაურობას რაღაც აკლია. მახსოვს, დედის დაკრძალვაზე შავი წვერით ვიყავი, ორმოცზე კი, უკვე თეთრი წვერი მქონდა.... სამტრედია დედას მახსენებს, თუმცა ყველა ტკივილი და სიხარული თელავს უკავშირდება! მე მაინც ნამდვილი თელაველი ვარ!
_ როგორია ვანო?
_ ვანო?.. სუსტი გული აქვს, მალე “იჭრება”, მალე უხარია და მალე სწყინს...
_ კინო თუ სცენა?
_ კომუნისტების დროს, კინოში რომ მიმიწვევდნენ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მეუბნებოდა, რომ გაგიშვა, მერე თეატრი, ვინ ითამაშებსო?
ბევრი როლი მაქვს ნათამაშები კინოში, მაგრამ უფრო მეტიც შიძლებოდა.
რაც შეეხება სერიოზული კინოს შექმნას, ოჰ, ეს სხვა საქმეა, შინაგანი სიმშვიდე გინდა... საერთოდ, კინოს თამაშის სხვა წესი აქვს, ვიდრე _ სცენას, თეატრში რომ თამაშობ, იმ წუთას არსებობს გმირი, კინოში კი ასე არაა... თეატრი დინამიკაა _ გმირმა რომ იცხოვრა 80 წელი, შენ ამ გმირის ცხოვრებით 2 საათი ცხოვრობ და ყველაფერი უნდა თქვა, ანუ სცენას უნდა ტექნიკა, უნდა ითამაშო, მაგრამ არ უნდა გაჰყვე, თორემ შეიძლება, გაგიჟდე!
_ ვანოს კურიოზი...
_ ერთხელ, გურჯაანის ტელევიზიას ინტერვიუ მივეცი და ტიტრებში დააწერა, გურჯაანის მოქალაქეო. აბა, ამაზე დიდი კურიოზი რაღა გინდათ?!
_ ბედნიერებისათვის რა არის საჭირო?
_ ვისაც უყურებ, იმას რომ უყვარდე!
_ ვანოს მუზა?
_ მუზა? ვისთვისაც მიხარია და მინდა, გავახარო იმითა, რაღაცას რომ შევქმნი. საერთოდ, ადამიანი ვიღაცისთვის ქმნის და, აი, ისაა შენი მუზა!
_ ვანოს მეორე პროფესია?
_ ალალეში ვიყავი ტრაქტორისტი!
_ ფიქრია...
_ ფიქრია არის ადამიანი, რომელმაც ჩემი 2 შვილი გაზარდა...
ფიქრია არის ადამიანი, რომელთანაც ყველაფერს ვათანხმებ...
ფიქრია არის სიყვარული _ არანორმალურად მიყვარს.
ფიქრია რომ არ ყოფილიყო, დღეს ვანო იანტბელიძე არ იქნებოდა!
მან ფორმაში მოიყვანა ჩემთვის სამყარო!
_ ვანო მამა...
_ ვანო არის მეგობარი მამა და მგონია, რომ კარგი მამა ვარ!
_ ვანო პაპა...
_ გადარეული პაპა! სხვა ახსნა არ არსებობს _ ვანო არის გადარეული პაპა!
_ ვისი სახელი დაარქვით სამტრედიიდან ჩამოსულმა ვაჟს?
_ მეფე ერეკლესი!
_ რა გავლენა აქვს ვანოს ცხოვრებაზე პოლიტიკას?
_ 2004 წელს, წინა ხელისუფლება რომ მოვიდა, სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი... მოკლედ, ამ ადამიანებმა არ გამიგრძელეს ხელშეკრულება. გამოგზავნეს გამგეობიდან წარმომადგენელი... დაჭერა უნდოდათ და ვერ დამიჭირეს, არ დარჩა ჭორი, რომელიც არ მომიგონეს, მაგრამ არ ავყევი. უბრალოდ, მეტკინა, თან ძალიან მეტკინა, ანუ მათ უნდოდათ ვანოს დაძირვა. აი, ასე იყო! ბოლოს, დამიძახეს და მომიხადეს ბოდიში. “ნაციონალების” ბოდიში გახსოვთ? წინა ხელისუფლების ბოდიში არავის ახსოვს!
არაერთგზის შემოთავაზების მიუხედავად, არ დავთანხმდი დეპუტატობაზე არავის _ ჩემი საქმე სცენა, სპექტაკლი და კინოა!