რა უნდოდა დონალდ ტრამპს საბჭოთა კავშირში და რატომ ცდილობენ ჩვენი ოპოზიციონრები მისი სახელი კგბ-ს დაუკავშირონ?
„ტვ ფორმულას“ წამყვან ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, ტრამპს აქვს დემენცია და ბევრი რამ, რასაც აკეთებს, ამის ბრალია. ტაბლიაშვილი გენერალ ალნურ მუსაევის მოსაზრებასაც ავრცელებს, რომ 1987 წელს, როცა ის კგბ-ს მოქმედი ოფიცერი იყო, კგბ-ს მე-6 განყოფილებამ „დაავერბოვკა“ 40 წლის ამერიკელი ბიზნესმენი ტრამპი და მას მისცა ფსევდონიმი „კრასნოვი“.
„შემეძლო, მესაუბრა ვერსიაზე, რომლის თანახმადაც, 47-ე პრეზიდენტი ჯერ კიდევ 1987 წელს „დაავერბოვკა“ კგბ- მ. გორბაჩოვთან ერთად სწორედ 1987 წელს გადაღებული ფოტო, მაღალი ალბათობით, მოსკოვში, უკან სახელმწიფო მდივანი შოლცი. მე არ ვიგონებ, ჩემი არ არის ეს ვერსია. გეტყვით, რომ ასეთი ცნობები გაჩნდა ქსელში და ამ ვერსიის ავტორია გენერალი ალნურ მუსაევი. ეს კაცი იყო კგბ-ს მე- 6 განყოფილების ოფიცერი და ყაზახეთის ექსპრეზიდენტ ნაზარბაევის თანაშემწე“,- ამბობს ირაკლი ტაბლიაშვილი.
რეალურად, ტრამპი რუსეთში 1987 წლიდან თავისი სამშენებლო მიზნებისთვის რამდენჯერმე იმყოფებოდა. იმ პერიოდში ტრამპმა საკუთარ თავს არაერთხელ დაუსვა კითხვა, „რა ეშმაკი მინდა ამ ქვეყანაში“, მაგრამ მას „ტრამპ თაუერის“ სამშენებლო კომპანიის ფარგლებში უზარმაზარი მდიდრული სასტუმროს აშენება სურდა უშუალოდ კრემლის მოპირდაპირედ. რუს ჩინოვნიკებთან მოლაპარაკება ტრამპს არ გამოუვიდა, რადგან საბჭოთა სისტემა არ იცნობდა სახელმწიფოსგან მიწის გამოსყიდვის მეთოდს, იჯარას კი ამერიკელი ბიზნესმენი არ დათანხმდა.
მოგვიანებით ტრამპმა იწინასწარმეტყველა, რომ გორბაჩოვს გადააგდებდნენ, რადგან ის უჩვეულო სისუსტეს ავლენდა, თუმცა ტრამპი თვლიდა, რომ გორბაჩოვი შესანიშნავი ლიდერი იყო, რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი. ვაშინგტონში ჩასულ გორბაჩოვს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამართულ ვახშამზე შეხვდა დონალდ ტრამპი.
საბჭოთა კავშირში უკვე მეორედ ჩასული ტრამპი მოქანდაკე ზურაბ წერეთელსაც შეხვდა. მას უნდოდა წერეთლს მისთვის ქრისტეფორე კოლუმბის გიგანტური ქანდაკება გაეკეთებინა და ქანდაკება ნიუ- იორკში დაედგა, მაგრამ ნიუ- იორკის მერი „წერეთელიზაციის“ დაშვებას არ აპირებდა ნიუ-იორკში.
რაც შეეხება კგბ-ს და მის წარმომადგენელ პუტინს, ტრამპი ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს ამბობდა, „მთელი ჩემი ცხოვრება მზად ვიყავი პუტინთან შეხვედრისთვის“.
„ამბობენ, იქნება თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მზად ამ შეხვედრისთვის? რომ პრეზიდენტი პუტინი კგბ-დანაა. სრულიად მზად ვარ“, - ამბობდა 2018 წელს დონალდ ტრამპი და ურთიერთობის დალაგებას გეგმავდა არა მარტო რუსეთთან, არამედ ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან.
კგბ-ს მიერ ტრამპის ე.წ. დავერბოვკების ვერსია ხომ არ გახდება ჩვენი ოპოზიციისთვის საყვარელი თემა, რომ თითქოს აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი პუტინის დაკრულზე ცეკვავს?!
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მეცნიერი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ ტრამპის ვითომც დავერბოვკებასთან დაკავშირებით ერთი უმთავრესი კითხვა ჩნდება - თუ პუტინს და რუსეთს ამდენი შეუძლიათ და პუტინს ამერიკაც ვერ ეწინააღმდეგება, მაშინ რას ეწინააღმდეგებიან ჩვენი ვითომც ოპოზიციონრები? ამდენად, თამარ კიკნაძის აზრით, ტრამპის „გადაბირების“ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდია. უბრალოდ, ტრამპმა ის დღის წესრიგი შეცვალა, რომელიც არ აწყობთ ოპოზიციონრებს და იგონებენ ინფორმაციებს ტრამპის „დავერბოვკების“ შესახებ. პოლიტიკაში ასეთი ხმების გავრცელება მოსულა.
„სინამდვილეში, ტრამპი ამერიკის პატრიოტი, ძალიან პრაგმატული ადამიანია. ათასჯერ მითქვამს, რომ ამჟამად აშშ-ის ჰეგემონიის დაღმავალი ციკლის პერიოდია, ტრამპი კი არის კრიზის-მენეჯერი. ამიტომ აკეთებს იმას, რაც სასარგებლოა ამერიკისთვის. დასავლელი მეცნიერები ყველა მოვლენის კოდიფიცირებას და თეორიულად ასახვას ახდენენ, ამ თეორიების ჭრილში შემიძლია ვთქვა, რას აკეთებს ტრამპი ამერიკისთვის. არადამაჯერებელია, თითქოს აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი გადაბირებულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები შემთხვევით ადამიანს არ ირჩევს პრეზიდენტად. ამერიკაში მოქმედებს ხელისუფლების უკან მდგომი ძალიან ძლიერი ჯგუფი, საარჩევნო სისტემაც ისეთი აქვთ, ცალკე ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს, ცალკე მოსახლეობა, იქ გამორიცხულია კგბ-მიერ გადაბირებული პრეზიდენტის არჩევა“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სიბრიყვეა, რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს ტრამპის გადაბირებასთან დაკავშირებით. ეს მთელი ამერიკელი ერის შეურაცხყოფაა. გამოდის, ამერიკელებმა მეორედ აირჩიეს კგბ-ს აგენტი?! ვინც ასეთნაირად ფიქრობს ამერიკელი ხალხის პრეზიდენტზე, ისინი არიან „იუესაიდის“ თანხების გარეშე დარჩენილი ადამიანები, ასევე, ისინი დარჩნენ ეროვნულ დემოკრატიული ფონდის, სოროსისა და სხვა მამაძღლობა ფონდების გარეშე, რომლებიც მათ ფულს აძლევდნენ სამშობლოს ღალატში. ისინი ყველაფერს ილაპარაკებენ, ვინაიდან მომაკვდავი ადამიანების აგონიაში არიან.
„როგორ შეიძლება, ადამიანმა დაიჯეროს, რომ 12 წლის შემდეგაც, ანუ უკვე მეორედ, ამერიკელმა ხალხმა ორჯერ აირჩია კგბ-ს აგენტი?! ეს ხომ ყოვლად გამორიცხულია. სინამდვილეში, შეერთებულ შტატებს ბაიდენის მმართველობის პერიოდში მძიმე ხანა დაუდგა. ბაიდენის მმართველობას ჩერნენკოს მმართველობას შევადარებდი. ისინი იდენტურნი იყვნენ, ოღონდ, გარკვეულწილად, ჩერნენკო სჯობდა ბაიდენს, ყოველ შემთხვევაში, ჩერნენკო ისეთ სისულელეებს არ აკეთებდა, რასაც ბაიდენი. აშშ-ის პოლიტიკურმა ელიტამ შეხედა, რომ ამერიკა უფსკრულისკენ მიექანებოდა. უპირველეს ყოვლისა, უფსკრულის ნიშანი იყო ის, რომ როგორც გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკებმა დაიწყეს განცალკევებისკენ ბრძოლა, ანალოგიური მოხდა ბაიდენის მმართველობისას ამერიკის ცალკეულ შტატებში - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ამის საწინააღმდეგოდ საჭირო იყო ისეთი ზომების გატარება, რაც გატარდა. ხელისუფლებაში მოვიდა ტრამპი და მისი გუნდი, რომელმაც ამერიკის გადარჩენა, ისევ ზემძლავრ სახელმწიფოდ გადაქცევა დაისახა მიზნად“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, რომ არა ტრამპის მიერ ამ ერთი თვის მანძილზე გატარებული უსწრაფესი მეთოდები ამერიკის გადასარჩენად, არავინ იცის, რა შეიძლება დატრიალებულიყო არა მარტო ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს თავზე. ტრამპი მიხვდა, რომ უკრაინის ომი თავად ამერიკას ფიტავდა. ის ამბობს, 350 მილიარდი დოლარი გააქრო ზელენსკიმ. ტრამპი ხედავს, რომ ბაიდენის მიერ წამოწყებული ომი ამერიკისთვის კატასტროფული შედეგით მთავრდება. ამიტომ აუცილებელია ამ ომის დასრულება.
ედიშერ გვენეტაძე მოხარულია, რომ ამ პროცესში ტრამპის გვერდით დგას საქართველოს ხელისუფლება. დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად საქართველო აშშ-ის მიერ გაეროში შეტანილი რეზოლუციის თანასპონსორი აღმოჩნდა. ანალიტიკოსი თვლის, რომ ტრამპის ხელისუფლება არა მარტო ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი დამთავრდებოდა პოლიტიკურ არენაზე ამერიკის და მთელი მსოფლიოს კატასტროფით.