სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს - არჩევნების პირობების დაწესება; საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება; საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა; პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის და ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, „რუსული კანონების“ გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა.
ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ გეგმა არის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები, რადგან, მისივე თქმით, სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს.
„ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა არის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები - სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები. დარწმუნებული ვარ, რომ არ მოიძებნებიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ, რომ საქართველო ჩაბარდეს რუსეთს. ალბათ, სხვადასხვა გამართლება აქვთ საკუთარ თავში, მაგრამ, არ მჯერა, რომ საქართველოში იბადებიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ, როგორი არის რუსული რეჟიმი და სჯერათ, რომ საქართველო უკეთ იქნება რუსული ჩექმის ქვეშ.
სამაგიეროდ, მე მჯერა თქვენი და მჯერა იმისა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე. თქვენც შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი ჩვენი უცხოელი პარტნიორი ითხოვს ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის მსოფლიოში, რომ როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომც და არაფერს არ თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს, იმიტომ რომ დასათმობი არაფერი არ აქვს, ეს არის ღრმა კრიზისი, რომელიც უკვე ოთხი თვეა, ეს უკვე ნიშნავს, რომ სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რადიკალები რომ პროცესების მშვიდობიანი განვითარებისთვის არ ემზადებიან ამას თავად სალომე ზურაბიშვილი ამბობს. აქედან გამომდინარე, მის მოწოდებას მხარს უჭერენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი. როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მნიშვნელოვანი ეტაპი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაა.
„ახალი არაფერი არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილს. ახალი არჩევნები ეს არის საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ამიტომ, ეს არის ის, რაზეც არა მხოლოდ ის, არამედ საუბრობს ყველა ადამიანი, რომელსაც აწუხებს საქართველოში იმ რეჟიმის არსებობა, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები არის აუცილებელი დღეს საქართველოში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რადიკალების სიურვილის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი მმართველ გუნდში არ განიხილება. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას არჩევნები თუ აინტერესებს, ხუთ-ექვს თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მიიღონ მონაწილეობა, აჩვენონ, რა რეიტინგი აქვთ. ქადაგიშვილის თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება.
„ოპოზიციამ არჩევნები ვერ შეირგო. აქედან გამომდინარე, სურთ, რომ ქვეყანაში რაღაცნაირად გადატრიალება მოახდინონ, საარჩევნო პროცესი ჩაშალონ და მათთვის „სასურველი“ არჩევნები ჩაატარონ, რაც არცერთ შემთხვევაში არ შედგება. არჩევნები თუ აინტერესებთ, ხუთ-ექვს თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მიიღონ მონაწილეობა.
თვითმმართველობის არჩევნებში აჩვენონ, რა რეიტინგი და საშუალებები აქვთ. სინამდვილეში, მათ არჩევნები კი არ აინტერესებთ, ერთი მიზანი აქვთ, რამენაირად მოხდეს გადატრიალება, რომელსაც შემდეგ ფიქტიური არჩევნებით გააფორმებენ. საქართველოში ასეთი სცენარი უკვე რამდენჯერმე გვაქვს ნანახი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, იმდენად ჯიუტია და პირველ ჩვენებას აწვება, რომ არავითი რაიმე საღი აზრი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებში აღარ იკითხება. მისი თქმით, რასაკვირველია, არავითარი რიგგარეშე არჩევნები აღარ დაინიშნება.
„კონსტიტუციური ქვეყანა ვართ. კონსტიტუციის მიხედვით ხდება ყველაფერი და კონსტიტუცია არ დაუშვებს რიგგარეშე არჩევნებს, როდესაც ამის არავითრი საფუძველი არ არის. საფუძველი პოლიტიკური კრიზისია, რომელიც სხვანაირად არ გადაწყდება თუ არა არჩევნები. ასეთი მდგომარეობა ჩვენ არ გვაქვს და არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. ადგილობრივი არჩევნები იქნება ოქტომბერში და სამი წლის მერე იქნება მორიგი საპარლამენტო არჩევნები“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, არავითარი სხვა დღის წესრიგი, რაც შეიძლება საქართველოს თავზე მოახვიონ, არ არსებობს, მით უფრო, რომ მთავარმა საფრთხემ გადაირა. იქიდან გამომდინარე, რომ გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა მსოფლიოში, რადიკალებს არ ჰყვათ მხარდამჭერები.
„ეს პროცესი შეუქცევადია და გამორიცხულია მათ რაიმე მოახერხონ. სალომეს განცხადება არის ისტერიკის გამოხატულება და მისი განხილვაც კი არ შეიძლება, რადგან არავითარი შედეგი არ მოჰყვება ამ განცხადებას, გარდა იმისა, რომ საბოლოო ჯამში, მარგინალიზაციის გზას დაადგებიან და გავლენ არა მარტო პოლიტიკური დღის წესრიგიდან, არამედ სამოქალაქო აქტივობასაც ნელ-ნელა დაანებებენ თავს. მოექცევიან იმ მდგომარეობაში, როგორც თავის დროზე იყო პოლიტიკური სექტები, რომლებსაც არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ამ გზაზე დგაგან რადიკალური ოპოზიციის წევრები და მათ შორის ზურაბიშვილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.