დონალდ ტრამპი არ აპირებს, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპა დასვას, ასევე უკრაინა დაჯდება იმ შემთხვევაში, თუკი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერს ბუნებრივი რესურსების მოპოვების შესახებ ამერიკასთან ხელშეკრულებას. 24 თებერვალს თეთრ სახლში მისულ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ აშშ-ს და რუსეთს შორის, მოლაპარაკების პროცესში შუამავალი საჭირო არ არის. ტრამპმა აქვე დაამატა, რომ აშშ აპირებს რუსეთთან როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას.
ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინი მზადაა, დათანხმდეს ევროპელი მშვიდობის დამცველების უკრაინაში განთავსებას.
„მე მას კონკრეტულად ეს კითხვა დავუსვი. მას ამასთან პრობლემა არ აქვს“, - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას.
მაკრონის თქმით კი ევროპის ქვეყნები „მზად არიან და ნება აქვთ“, უკრაინას მისცენ უსაფრთხოების გარანტიები, „რომელმაც, შესაძლოა, სამხედროებიც მოიცვას“.
მაკრონის თქმით, უკრაინაში გაგზავნილი ნებისმიერი ევროპული კონტინგენტი იქ იქნება „მშვიდობის შენარჩუნების მიზნით“, ისინი არ განთავსდებიან ფრონტის ხაზზე და არც კონფლიქტის ნაწილი არ გახდებიან.
დონალდ ტრამპმა 24 თებერვალს იმედი გამოთქვა, რომ აშშ და უკრაინა მალე გააფორმებენ შეთანხმებას უკრაინის იშვიათ მინერალებზე, როგორც აშშ-ის მხრიდან გაღებული, 180 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარების საფასურად. უკრაინას სურს, შეთანხმების ნაწილი იყოს სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები.
„როგორც ჩანს, ჩვენ ამას ძალიან ვუახლოვდებით“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ზელენსკი, შესაძლოა, ვაშინგტონს მიმდინარე ან მომავალ კვირაში ესტუმროს შეთანხმების გასაფორმებლად.
თუმცა ტრამპს არ უთქვამს, რამდენად გაითვალისწინებს დაგეგმილი შეთანხმება ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებს. „ევროპა უზრუნველყოფს, რომ არაფერი მოხდეს“, - დაამატა მან.
„ჩვენ გვაქვს მყარი მშვიდობის გარანტიის ქონის აუცილებლობა“, - თქვა მაკრონმა.
ვლადიმერ პუტინი თანახმაა უკრაინასა და აშშ-ს შორის ხელშეკრულება ძვირფას მინერალებთან დაკავშირებით გაფორმდეს. ამასთანავე, მან შეერთებულ შტატებს შესთავაზა ერთობლივი მუშაობა იშვიათ მიწათა მეტალების სფეროში.
24 თებერვალს პუტინმა საგანგებო თათბირი გამართა ამ დარგის განვითარების საკითხებზე, იმავე ღამით კი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა მასთან ინტერვიუ, რომელშიც პუტინმა აშშ-ს და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის სურვილზე ილაპარაკა.
პუტინის განცხადებით, რუსეთი იშვიათ მიწათა მეტალების მარაგებით ერთ-ერთი უპირობო ლიდერია, საბადოები აქვს კავკასიაში, მურმანსკში, ირკუტსკსა და იაკუტიაში და სიამოვნებით ითანამშრომლებდნენ ნებისმიერ უცხოელ პარტნიორთან, მათ შორის ამერიკელებთან „ახალ, ისტორიულ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდნენ“, გარკვეული მარაგი იქაც არსებობს. პუტინი გულისხმობდა უკრაინაში ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებს.
თუმცა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას უკრაინას მხოლოდ აშშ არ სთავაზობს. აღმოჩნდა, რომ ამის ინტერესი ევროკავშირსაც აქვს, რომელმაც ასევე, უკრაინას შეთანხმება შესთავაზა.
ევროკავშირი უკრაინას სთავაზობს „ურთიერთმომგებიან შეთანხმებას“ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.
როგორც გამოცემა „ფიგარო“ და სააგენტო „ფრანს პრესი“ წერენ, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს წინადადება გააცნო ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში სტეფან სეჟურნემ, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად 24 თებერვალს, ომის დაწყების სამი წლისთავზე კიევში იმყოფებოდა.
სეჟურნეს განცხადებით, უკრაინას შეუძლია ურთიერთმომგებიანი პარტნიორობის საფუძველზე ევროპას მისცეს მისთვის საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი 30 მასალიდან 21.
ევროკომისრის თანახმად, შეთავაზება ღირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ევროკავშირი არასდროს მოითხოვს შეთანხმებას, რომელიც ურთიერთმომგებიანი არ იქნება.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ირგვლივ ვაჭრობა ახალი არ არის. ეს პროცესი მანამდეც მიდიოდა, ოღონდ დახურულ კარს მიღმა. ხოლო ეს თემა, რომელიც ტრამპმა ღიად გახსნა, გამოჩნდა, როგორც რუსეთის ინტერესი, რაც ლოგიკურია, ასევე ევროპის. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა განადგურებული უკრაინის განაწილების პროცესს ვადევნებთ თვალს.
„სამწუხაროდ, გეოპოლიტიკური გადანაწილების დროს ყოველთვის ასე, პირდაპირ გამოცხადებული ვაჭრობა მიდის. ყველა ეცდება საკუთარი სურვილის და მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ყველაზე ტრაგიკული ის არის, აქ ყველაზე ნაკლებად იქნება უკრაინის ინტერესები გათვალისწინებული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არაერთხელ, რომ უკრაინა არის განწირული, მგლის ხახაში ჩავარდნილი, საიდანაც მისი გამოყვანა წარმოუდგენელია.
ახლა განადგურებული უკრაინის გადანაწილება მიდის, ვის ტყავი და ვის ხორცი შეხვდება, ამაზე მიმდინარეობს მთელი დავა. ეს უკვე დროის და მოლაპარაკების საკითხია. ვინ როგორ ივაჭრებს და რა შესაძლებლობები აქვს, ამის მიხედვით გადაინაწილებენ საცოდავ უკრაინას. ის რომ რაღაცა განსაკუთრებულ გარანტიებს უკრაინა მიიღებს ილუზორულია და ამას ძალიან კარგად ვხედავთ. უკრაინას ერთადერთი რაც დარჩა შესათავაზებელი, ეს არის რესურსები, რომელზეც ვხედავთ, უკვე ყველა წილს ითხოვს. არავინ არანაირ უსაფრთხოების გარანტიებს არ მისცემს. თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიკმაყოფილებენ და ეგ იქნება“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, მაკრონის თეთრ სახლში მისვლა და ასევე დიდი ბრიტანეთის ვიზიტი ვაშინგტონში ემსახურება მხოლოდ იმას, რომ რაღაცა იმიტაცია გააჩინონ, თითქოს ევროპაც ამ პროცესშია ჩართული.
„ტრამპმა მაკრონს კიდევ ერთხელ ღიად მიანიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში მას შუამავალი არ სჭირდება, რადგან ევროპას ომის დასასრულებად 3 წელი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო. გამომდინარე აქედან, ევროპას არა აქვს უნარი, რომ ამ მოლაპარაკებებში რაიმე ძირეული ცვლილებები შეიტანოს. შესაბამისად, ტრამპმა გაიყვანა ყველა მოლაპარაკებიდან და რუსეთთან პირისპირ საუბრობს. მაკრონის ვიზიტი და ასევე დიდი ბრიტანეთის ამერიკაში დაგეგმილი ჩასვლა, გამოწვეულია ერთი მიზეზით, რომ როგორმე ევროპამ სახე შეინარჩუნოს. ისინი ცდილობენ ბრიუსელის რეპუტაცია ბოლომდე დაიცვან. ეს არის ამ ყველაფრის იმიტაცია, რომ თითქოს ევროპა მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებული არ არის“, - ამბობს ქადაგიძე.
რაც შეეხება ზელენსკის პოზიციას და მის მომავალ ბედს, ქადაგიძე მიიჩნევს, რომ უნდა თუ არა მას აშშ-ს შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება მოუწევს.
„ადრე თუ გვიან, ზელენსკის დათმობაზე წასვლა მოუწევს. ის ახლა ცდილობს, რომ დრო მოიგოს და ჰგონია ამ დროის გაწელვით თანამდებობას შეინარჩუნებს, თუ ტრამპს რამეს გადააფიქრებინებს, არ ვიცი. ევროპაც, ადრე თუ გვიან, იძულებული გახდება აშშ - რუსეთის შეთანხმებას შეეგუოს. ხოლო საბოლოოდ ისევ ზელენსკის შეაწმენდენ ხელებს და ის დარჩება დასჯილი. როგორც „გმირად“ აქციეს, ასევე სწრაფად ანტიგმირად შერაცხავენ. ეს მან კარგად იცის, ამიტომ ისიც ცდილობს მაქსიმუმი გამოივაჭროს. ეს ყველაფერია იმის მცდელობაა, რომ რამენაირად, რაღაც დროით, ის აშშ-ს ადმინისტრაციისთვის საჭირო იყოს. თუმცა შესაძლოა გათენდეს ერთი დღეც და ის პრეზიდენტი აღარ იყოს, რადგან ქვეყნის შიგნით სამხედრო გადატრიალება მოუწყონ. აშშ-ს ასეთები არ უჭირს, მით უმეტეს, როცა ამის წინააღმდეგი არც რუსეთი იქნება და პირიქით, დაეხმარებიან“, - ამბობს ქადაგიძე.