ყურადღების მიქცევის მცდელობა თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან გაბმული ხილული ძაფები?

ყურადღების მიქცევის მცდელობა თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან გაბმული ხილული ძაფები?

საქართველო ამერიკის ახალი ადმინისტრაციის რეზოლუციის ინიციატივის მხარდამჭერი და პირველი თანასპონსორია. დოკუმენტში საუბარია კონფლიქტის ტრაგიკულ ზიანზე და მისი მთავარი მოწოდება ომის სწრაფად დასრულებაა. ოპოზიციაში გაჩნდა ვერსია, რომ ხელისუფლება ამით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყურადღების მიქცევას ცდილობს, ხოლო მეორენი თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ოცნებამ“ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია შეძლო და ამ ფაქტს, მმართველი გუნდი აშშ-სთან პოლიტიკის გადატვირთვისთვის გამოიყენებს.

სახელისუფლებო გუნდი ომის შესაჩერებლად ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევას იზიარებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და პრინციპული პოზიცია ყოველთვის მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა. უმრავლესობა განმარტავს, რომ ვაშინგტონის რეზოლუციის თანასპონსორობას მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ვინც ვაშინგტონის ინიციატივას ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება მშვიდობას. უმრავლესობა ომის დასრულებისკენ მოწოდებული რეზოლუციის შესახებ ოპონენტების კრიტიკას, კონკრეტული ძალების ინტერესებით ხნის.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, უკრაინაში რუსეთის ომის 3 წლისთავთან დაკავშირებით, 24 თებერვალს ორი რეზოლუცია მიიღო. თავდაპირველად, ასამბლეის წევრებმა კენჭი უყარეს უკრაინის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

რეზოლუციის ამ პროექტს 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 18 იყო წინააღმდეგი და 65-მა თავი შეიკავა.

უკრაინის ამ რეზოლუციის თანასპონსორი იყო ევროკავშირი. მას მხარი არ დაუჭირა აშშ-მა, ასევე პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა, ისრაელმა, უნგრეთმა და ბელარუსმა. კენჭისყრაში საქართველო არ მონაწილეობდა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ასევე კენჭი უყარა რეზოლუციას სახელწოდებით „გზა მშვიდობისკენ“, რომელიც ამერიკის ავტორობით იყო წარდგენილი. დოკუმენტს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 8 ქვეყანა და თავი შეიკავა 73-მა სახელმწიფომ. ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს შორის იყო რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სუდანი და სხვები. თავად უკრაინამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ასევე, თავი შეიკავა საქართველომ.

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის მიერ გაეროსთვის შეთავაზებულ რეზოლუციას „მარტივსა“ და „ისტორიულს“ უწოდებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, დოკუმენტი ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება - კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია.

„შეერთებულმა შტატებმა დღეს გაეროს შესთავაზა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იმას, რაზეც ყველა თანხმდება: რომ კონფლიქტი საშინელებაა, გაერო უნდა გაერთიანდეს მის დასასრულებლად და აჩვენოს, რომ მშვიდობა შესაძლებელია. აშშ-ის რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის დიპლომატიისა და პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ძალისხმევის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქმნის პირობებს მშვიდობის დამყარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისთვის“, - წერია განცხადებაში.

პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მოლოდინი, თითქოს „ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციაზე ვერ გავიდოდა, არასწორი აღმოჩნდა.

„აკი „ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციაზე ვერ გავიდაო?! გასულა... თუნდაც რომ ვივარაუდოთ, რომ ჯერ არ გასულა და თანასპონსორად ამ რეზოლუციაზე რუსეთის ჩარევით დარეგისტრირდა საქართველოს მთავრობა, ტრამპის ადმინისტრაციისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერომ სწორედ მის რეზოლუციას უყაროს კენჭი და არა, უკრაინის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომ ამ ფაქტს „ოცნება“ უდავოდ გამოიყენებს ტრამპის ადმინისტრაციისგან ბენეფიტების მისაღებად... შედეგებზე სამსჯელოა... რა ამის პასუხია და სომხეთის ელჩი ამერიკაში ინტენსიურად ურთიერთობს პენტაგონთან“, - წერს ლაგაზიძე.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ არაფერია ცუდი იმაში და გასაკვირი, თუკი „ოცნების“ პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით, თანხვედრაშია აშშ-ს გეგმასთან და ამის საჯაროდ აფიშირება მოხდეს. მამრაძე მიიჩნევს, რომ მოსაწონია მმართველი გუნდი ეს ნაბიჯი, რადგან მან უნდა აჩვენოს დასავლეთს, რომ მისი პოლიტიკა აშშ-ის ახალ პოლიტიკასთან თანხვედრაშია.

„იმ პირობებში, როდესაც დასავლელი ლობისტებისგან საქართველოს ხელისუფლების იზოლაციის მცდელობაა დასავლურ სამყაროსთან, მისასალმებელია ხელისუფლების ასეთი ღია მხარდაჭერა ამერიკისადმი. რა თქმა უნდა, ამით მიიქცევდა ტრამპის ადმინისტრაციის და ევროპის  ყურადღებას. ვნახეთ, რომ ძალიან მცირე ცვლილებებით, ეს რეზოლუცია მიიღეს. თავიდან აშშ-მ რომ შეიტანა ეს რეზოლუცია, ვნახეთ, რომ იყო გარკვეული დაბნეულობა, წინააღმდეგობა და იმის მცდელობა, რომ მხარდაჭერა არ მომხდარიყო.

მიუხედავად ამისა, სწორედ საქართველო იყო პირველი ღია ქვეყანა, რომელმაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა გაბედა. ეს კი საქართველოსთვის ძალიან სასარგებლოა, მით უმეტეს, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ პოლიტიკის გადატვირთვა სურს. ეს დასაწყისისთვის შესანიშნავი პოლიტიკური გათვლა და სვლაა. მე ვყოფილვარ გაეროში, ვიცი ეს ყველაფერი როგორც ხდება, მერწმუნეთ, რომ პირადი კონტაქტების გარეშე მსგავსი რეზოლუციებისთვის მხარდაჭერა არ ხდება. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, ძალიან სასარგებლო რამ არის, მით უმეტეს, როცა ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, ეს ამერიკას ძალიან კარგად დაამახსოვრდებოდა“, - ამბობს მამრაძე.

რაც შეეხება მოლოდინს, როდის შესაძლოა ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ყურადღება კავკასიამ და საქართველომ მიიპყროს, მამრაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტრამპის დღის წესრიგში არ ვართ მოქცეულები. იქ მიდის ძირეული ცვლილებები და რეორგანიზაცია, ამ ფონზე კი ფოკუსირება ჯერ პრიორიტეტებზეა.

„პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპასთან ამერიკის ურთიერთობა სრულიად სხვა კალაპოტშია გადასული. ევროპას ვენსიმ ძალიან მკაცრად უთხრათ, რომ შეერთებული შტატების კმაყოფაზე ყოფნა დასრულებულია. ამან კი ევროპელებში დაბნეულობა და პანიკა გამოიწვია. ვაშინგტონში ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში, დედაქალაქთან 30 კილომეტრში რუსეთის ტანკები და ჯარი დგას. ეს რეალობა ვაშინგტონისთვის გასაგებია და არასდროს ტრამპის გარემოცვა რუსეთის წინააღმდეგ არ მოითხოვს ისეთ მოქმედებას, რაც ჩვენ ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის.

გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაცია როგორ ატყუებდა უკრაინას ნატოში გაწევრიანების დაპირებით და ასევე გვატყუებდნენ 2008 წელს ჩვენც. ასევე ძალიან საინტერესოა და მომგებიანია ჩვენთვის, ტრამპის განცხადებები რუსეთთან თანამშრომლობაზე და ურთიერთობების აღდგენაზე. ამ ქვეყნების ურთიერთობების ნორმალიზება უაღრესად სასარგებლოა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. შესაბამისად, „ოცნებამ“, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას ატარებს, მისთვის ახლა ეს სიტუაცია ძალიან მომგებიანია ურთიერთობების გადასატვირთად. ის, რომ „ოცნება“ პრორუსია და ა.შ. ვეღარ გამოდგება არგუმენტად ამერიკა - საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებისთვის“,-ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, სწორედ ეს იყო დასავლეთიდან და განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან არგუმენტი დაპირისპირების მიზეზი, რომ ჩვენ არ გვქონდა ურთიერთობის ნორმალიზების უფლება რუსეთთან.