„ქართულმა ოცნებამ“ მეტი სიმძაფრისთვის „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლის ნაცვლად უფრო მძიმე დეფინიცია შემოიტანა და სისხლის სამართლის კოდექსში ცნება „სამშობლოს ღალატი“ ჩაწერა. ადრინდელი მუხლი შედარებით რბილი იყო დეფინიციის თვალსაზრისით და იგი ნაციონალებმა 18 წლის წინ, ანუ აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე გააუქმეს. მიზანი მარტივი იყო, დემონიზებისგან თავის გადარჩენა. სამაგიეროდ, სახელმწიფოს ღალატისთვის ვინ აღარ გაასამართლეს ნაცებმა - ემზარ კვიციანით დაწყებული, რომან დუმბაძით დასრულებული.
თვითონ ცნებამ „სახელმწიფოს ღალატი“ საინტერესო პერიოდი გამოიარა. მაგალითად, ტიუდორების ინგლისში სახელმწიფო ღალატს უთანაბრდებოდა მეფის განსაკუთრებული ბრძანების დარღვევა, ასევე, სახელმწიფო ღალატის რანგში განიხილებოდა მამათმავლობა.
„ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ სახელმწიფოებრიობის აღქმა ნაცებს არ აქვთ, ამიტომ იქნებ, სამშობლოს აღქმამ მაინც შეაჩეროს და ღალატზე არ იფიქრონ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და ხელისუფლებამ მათ უნდა დაუპირისპიროს კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები. ის ფაქტი, რომ ნაცებმა აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე ამოიღეს სამშობლოს ღალატის მუხლი, ირაკლი კობახიძის აზრით, იმით იყო განპირობებული, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ ამ მუხლის. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდებოდა 2008 წელს ომის დაწყებას.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის აზრით, ცუდი შედეგი მოაქვს, როცა გარკვეული ჯგუფი ერთიანდება ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმ სცენარით, რომელსაც გარედან აძლევენ. სამშობლოს ღალატის მუხლთან დაკავშირებით გია ვოლსკი ამბობს, რომ ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია, რაც მას შემდეგ გამოჩნდა, როცა დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში.
ვოლსკი იხსენებს, როდესაც აგვისტოს ომის წინა პერიოდში სააკაშვილმა ინტენსიური კონსულტაციები გამართა აშშ-ში პრეზიდენტობის ერთ-ერთ პრეტენდენტ მაკკეინის გუნდთან, სწორედ მაშინ დაგეგმა „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლის წინასწარ განზრახვით ამოღება, რადგან აშკარა იყო, რუსეთი დაიპყრობდა ამ ტერიტორიებს, რომელიც დღეს მას აქვს ხელში ჩაგდებული. თუმცა არავინ მოელოდა იმას, რომ სააკაშვილი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ბრალია.
„ყველამ, ვინც იმ რეზოლუციას აწერდა ხელს, სადაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება, ჯარისკაცები კინაღამ საერთაშორისო ტრიბუნალისკენ გაამგზავრეს. ეს ყველაფერი არის ის, რასაც სამშობლოს ღალატი შეიძლება ეწოდოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის აზრით, რაც სამშობლოს ღალატია, უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და სხვადასხვა მუხლის ტერმინოლოგიაში არ იყოს გაბნეული. მით უმეტეს, არის ძველი რომაული გამონათქვამი „სახელწოდება ბევრ რამეს განაპირობებს“.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი თვლის, რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უნდა აღდგეს, რათა თაობები ამ იდეით იზრდებოდნენ და სამშობლოს ღალატი გულში არ გაივლონ. ხოლო თუ მაინც უღალატებენ სამშობლოს, ამისთვის ჩვენს საზოგადოებას შესაბამისი სანქციები ექნება დაწესებული.
სამშობლოს ღალატის მუხლის შემოტანა შეაჩერებს თუ არა პოტენციურ მოღალატეს, რომელსაც ჩაფიქრებული და დაგეგმილი აქვს საკუთარი ქვეყნის ღალატი?
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მეცნიერი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამშობლოს მოღალატეების შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს კანონი. მოღალატეების გამოვლენა კანონიდან უნდა დაიწყოს და შემდეგ ეს კანონი უნდა დაიცვან.
თამარ კიკნაძის აზრით, ნაციონალებს შემთხვევით არ ამოუღიათ ეს მუხლი, მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ ისეთი ქმედებების ჩადენა, რაც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი იყო. თუმცა ახლა საერთაშორისო გარემოება შეიცვალა, აქცენტი კეთდება სახელმწიფოს ინტერესზე, ეროვნულ ინტერესზე. გლობალიზაციის ტრენდი, რაც სახელმწიფოს უფლებების მინიმალიზაციას გულისხმობდა, დაღმავლობას განიცდის.
„ცხოვრებამაც აჩვენა, რომ სახელმწიფოს არსებობის საფუძველი უნდა იყოს ის, რაც ჯერ კიდევ ძველი ბერძნების მიერ იყო შემოთავაზებული - ადამიანების დაცვა. შემდეგ იყო ცნება სოციალური კონტრაქტის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ადამიანი იცავს სახელმწიფო ინტერესს, მეორე მხრივ, სახელმწიფო იცავს ადამიანის ინტერესს. ეს პოსტულატი ძალიან მომწონს. პათეტიკას პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან დაკავშირებით ერთი ფაქტი შეიძლება გავიხსენო, დამოუკიდებლობის დეკლარაციაში სამ ფუნდამენტურ უფლებას ჯეფერსონმა დაუმატა კიდევ ერთი უფლება - „სწრაფვა ბედნიერებისკენ“, რადგან ბედნიერებისკენ სწრაფვა ესეც არის ადამიანის უფლება. როცა ჰკითხეს, რატომ დაუმატა ეს პოსტულატი, გაირკვა, რომ ეს დაუმატა იმ პათეტიკისთვის, რომ ადამიანს სჭირდება ასეთი განწყობები. ტყუილად ხომ არ იქმნება ჰიმნი, გერბი და სხვა, ეს ყველაფერი განწყობის შექმნას ემსახურება. ამიტომ ძალიან მომწონს, რომ სახელმწიფოს ღალატის ცნების ნაცვლად შემოიტანეს სამშობლოს ღალატის დეფინიცია. ამით ხაზი ესმება პათეტიკას. ვიმედოვნებ, ამ მუხლის აღდგენით სათანადო პასუხი მიეზღვებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც უღალატეს და გაყიდეს საკუთარი სამშობლო“, - მიიჩნევს თამარ კიკნაძე და დასძენს, რომ დეფინიციები უნდა იყოს ძალიან გასაგები და მოღალატეების გასამართლება პირდაპირ სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა მოხდეს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მომდევნო არცერთმა მთავრობამ და ხელისუფლებამ ანალოგიური ქმედებების ჩადენა აღარ გაბედოს.