გერმანიაში არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა კონსერვატორთა უპირობო ლიდერობა აჩვენა, ულტრამემარჯვენეებს ყველაზე მაღალი შედეგი აქვთ ომის შემდეგ. რას ნიშნავს ეს გერმანიისთვის და ევროპისთვის?
უკვე ცნობილია, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიაში კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს. ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან დემოკრატიულ/ქრისტიან სოციალურ კავშირს“ 28%-ზე მეტი აქვს. ამავე დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა ულტრამემარჯვენე ძალების პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. მათ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 20%-ზე მეტი ხმის მიღება შეძლეს.
მესამე ადგილზეა ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტული პარტია „გერმანიის სოციალ-დემოკრატები“ - 16.5%-ით.
საარჩევნო ბარიერი სულ 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ამომრჩეველთა აქტივობამ 1987 წლის შემდეგ რეკორდული, 83% შეადგინა.
კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიის კონსერვატორები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბონ ეფექტური მთავრობა, თუმცა უკვე დააანონსა, რომ ის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან არ შექმნის.
არჩევნების ფონი იყო ევროპის ამ უდიდესი ეკონომიკის სტაგნაციის თაობაზე შფოთვა, ისევე, როგორც ზეწოლა მიგრაციის შესამცირებლად. არჩევნები გაიმართა უკრაინის მომავლის და ევროპის აშშ-სთან ალიანსის გარშემო მზარდი ბუნდოვანების პირობებში.
ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის გერმანიას ყველაზე დიდი მოსახლეობა ჰყავს, ის ნატოს წამყვანი წევრი ქვეყანაა. აშშ-ის შემდეგ, გერმანია უკრაინისთვის იყო სიდიდით იარაღის მეორე მიმწოდებელი.
ეს არჩევნები გაიმართა ვადაზე შვიდი თვით ადრე, მას შემდეგ, რაც ნოემბერში დაიშალა მემარცხენე-ცენტრისტი კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიცია.
გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული ბლოკის, CDU/CSU-ის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება ევროპაში ერთიანობაზე მუშაობა, საიმისოდ, რომ მოგერიებული იყოს ჩარევა აშშ-ის ან რუსეთის მხრიდან.
საზოგადოებრივ მაუწყებლებთან, ARD-სა და ZDF-სთან საუბარში მერცმა თქვა, რომ ილუზიები არ აქვს აშშ-სთან ურთიერთობაში არსებული გამოწვევების გარშემო.
„ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ დრამატული და მძლავრი და საბოლოო ჯამში აღმაშფოთებელი იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვის მხრიდან გვაქვს ნანახი“, - თქვა მერცმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ამერიკელი მილიარდერის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის, ილონ მასკის მხრიდან გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამოცხადებული მხარდაჭერა.
ოლაფ შოლცმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დამარცხება უკვე აღიარა.
გერმანიის მოქმედმა კანცლერმა გამოსვლაში, რომელიც პარტიის ბერლინის შტაბ-ბინაში გაიმართა, ფრიდრიხ მერცს გამარჯვება და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატის მოპოვება მიულოცა.
შოლცის თქმითვე, ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ („ალტერნატივა გერმანიისთვის“) 20%-ის მოპოვება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში მემარჯვენე პარტია, ისეთი, როგორიცაა AfD, ასეთ შედეგებს იღებს, არის ის, რასაც ჩვენ ვერასდროს შევეგუებით“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ფრიდრიხ მერცს მსოფლიო ლიდერები არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოიგო.
„აშშ-ის მსგავსად, გერმანიის მოსახლეობაც დაიღალა დღის წესრიგში საღი აზრის არარსებობით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და მიგრაციის საკითხებზე. მნიშვნელოვანი დღეა გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯენტლმენი, სახელად დონალდ ტრამპი. გილოცავთ ყველას - კიდევ ბევრი გამარჯვება“, - წერს ამერიკის პრეზიდენტი.
მერცს გამარჯვება მიულოცა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
„მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გააძლიეროს თავდაცვის ხარჯები და თქვენი ლიდერობა მთავარი იქნება“, - წერს რუტე სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ამ არჩევნებით გამოჩნდა, გერმანიაში ტრადიციული პოლიტიკური გადანაწილება პარტიებს შორის ინგრევა. ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ სრულიად ახალი კონფიგურაციები დგება, რასაც ევროპის პოლიტიკის რადიკალური ცვლილება შეუძლია.
„ამის პირველი მაგალითი და ნიშნები „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის, სადაც ულტრამემარჯვენე პარტია მეორე ადგილას გავიდა. ეს პარტია, მკაფიოდ, ანტიევროკავშირის პოლიტიკის გამტარებელია. ასევე ამ პარტიას აქვს ძალიან მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რითაც გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიმხრეს. ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის განსხვავება უფრო ეკონომიკური კონტექსტით არის შესაძლებელი. სხვა, იგივე უკრაინის ომთან დაკავშირებით, ამ ორ პარტიას რაიმე დიდი იდეოლოგიური განსხვავება არ აქვს.
შოლცმა ომთან დაკავშირებით თავისი მილიტარისტული პოლიტიკა ბოლო ერთ თვეში შეცვალა. დაინახა, რომ სოციალ-დემოკრატების ამომრჩეველს უკრაინის ომის დაფინანსება ყელში ამოუვიდათ. ამიტომ ეს კურსი შეცვალა, არადა 4 წლის განმავლობაში იგივე პოლიტიკას ატარებდა, რასაც დანარჩენი ლიბერალური ევროპა. ახალი კანცლერი, მერცი იგივე და უფრო ხისტი განცხადებებითაც კი გამოირჩევა. ის პირიქით ამბობს, რომ რაც შოლცმა არ ქნა, მე გავაკეთებო. ანუ საერთაშორისო კონტექსტში დიდი არაფერი შეიცვალა“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ის გამარჯვება, რომელიც ქრისტიან-დემოკარტებმა მოიპოვეს, ძალიან მყიფეა. 28% ამხელა გავლენის პარტიისთვის კრახი უფროა.
„წარმოიდგინეთ, 16 წელი კოლი იყო ხელისუფლებაში, 16 წელი ანგელა მერკელი. სწორედ ამ პარტიამ შექმნა ომის შემდგომი პერიოდის გერმანია. მე თუ მიკითხავთ, ეს არის სასაცილო გამარჯვება, რომელიც ძალიან მალე დაშლისთვის არის განწირული, როგორც ეს შოლცის მთავრობას მოუვიდა. ახალი კანცლერის განცხადება, რომ ულტრამემარჯვენე ძალებთან კოალიციას არ შევქმნიო, არაადეკვატური განცხადებაა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში გერმანიაში ძალიან კვაზი კოალიციები ყალიბდება. ვნახეთ ქრისტიან-დემოკრატების და სოციალ-დემოკრატების კოალიცია - სრული აბსურდი, რადგან ეს არის უფუნქციო და კვაზი ხელისუფლება, როგორ შეიძლება მემარჯვენე და მემარცხენე, ლიბერალურ-კონსერვატული ხელისუფლების ერთობამ ქვეყნისთვის რამე კარგი შექმნას. ამიტომ ამ პარტიას და მათ კანცლერს აქედანვე მმართველობის ძალიან ცოტა დროს ვაძლევ. სიტუაცია იმდენად მყიფეა გერმანიაში, რომ 20% აიღოს ულტრამემარჯვენე ძალამ, რომელიც ყველგან, ყველა მედიაში დაბლოკილი იყო, ძალიან სერიოზული განაცხადია“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ამ შედეგებმა აჩვენა, რომ გერმანელ ხალხს უკრაინაში სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება და მით უმეტეს მათი ფულით ომის დაფინანსება არ სურს. ამიტომაც აიღო ულტრამემარჯვენე ძალამ ამხელა შედეგები.
„გერმანელები მიიჩნევენ, რომ უკრაინის ომმა და რუსეთთან დაპირისპირებამ დაღუპა მათი კეთილდღეობა. გაძვირებული გადასახადები, ენერგოდეფიციტი და ორმაგად გაზრდილი ფასები. ვიცით, რომ გერმანელი დილით არ ჩავა და სუპერმარკეტში არ იყიდის წყალს, თუ მასზე ფასდაკლება არ არის იმ დღეს გამოცხადებული, ძალიან პედანტი ერია, ამიტომ ახლა უყურებენ, რომ მთელი სოციალ-ეკონომიკური გაჭირვება, ცხოვრების გაორმაგება, გერმანიის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის გადარიცხვამ განაპირობა. ძვირადღირებული ენერგომატარებლების შემდეგ, დაიხურა ძალიან დიდი ავტოქარხნები და ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ამიტომ, მე არ ვიცი, ეს კანცლერი ამ რიტორიკით რას იზამს. აგერ ნატოს გენერალურმა მდივანმა უკვე შეუთვალა, ქენით ახლა რაღაცა ამერიკის მოთხოვნაზე, თორემ დაგირეკავთ ვაშინგტონიდან ცუდი ბიძია და დაგახევთ ყურებსო. სიტუაცია რთულია, ამიტომ მე საერთოდ ევროკავშირის დაშლის ალბათობასაც კი აღარ გამოვრიცხავ“, - ამბობს ახვლედიანი.