ენგურში ჩაკარგულები - ტრაგედიიდან ხუთი თვის შემდეგ ენგურში ორი გვამი იპოვეს

ენგურში ჩაკარგულები - ტრაგედიიდან ხუთი თვის შემდეგ ენგურში ორი გვამი იპოვეს

ტრაგედიიდან ხუთი თვის შემდეგ  ენგურში ორი გვამი იპოვეს

"ტყუპის მეორე ბაბუამ იმ ადგილას შემაჩერებინა მანქანა, სადაც შვიდი თვის წინ ტრაგედია მოხდა, უცებ დამიძახა, ჩამეხუტა და... გული გაუჩერდა..."


შვიდი თვის წინ ჭუბერისა და მესტიის გასაყართან, საგერგილის ხიდზე დატრიალებულმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. სენაკიდან მომავალი "სუბარუს" მარკის ავტომანქანა მოულოდნელად გზიდან გადავარდა და ოთხი ადამიანი მდინარე ენგურის ტალღებმა შთანთქა. გაუჩინარებულების - გოჩა მიქავას, ირმა კვანჭიანისა და მისი ტყუპის - თათია და ნათია სახოკიების ცხედრებს იმ დღიდან ეძებენ. სამაშველო სამსახური სამი თვე ეძებდა, თუმცა ამაოდ. გარდაცვლილების ახლობლებს იმედი მაინც არ დაუკარგავთ და საკუთარი ძალებით განაგრძეს  ძებნა. 10 თებერვალს ზურაბ კვანჭიანმა ნათესავებთან ერთად თავისი დის - ირმას ჩონჩხად ქცეული გვამი იპოვა. ოთხი დღით ადრე კი ირმას დის ქმრის - გოჩას გვამს მიაგნეს. 23 წლის ტყუპი დის ძებნა ისევ გრძელდება...

ირმა კვანჭიანი და მისი შვილები მოსკოვში ცხოვრობდნენ. გოგონებს სამედიცინო ინსტიტუტი ახალი დამთავრებული ჰქონდათ და ორდინატურის კურსს გადიოდნენ. მამამთილს სიკვდილის წინ ირმასთვის უთქვამს, ჩემი უკანასკნელი თხოვნაა, სამშობლოში წამასვენეთ და იქ დამმარხეთო. ნათია და თათია ბოლოს 6 წლის წინ იყვნენ საქართველოში. სამშობლომონატრებულები დედას გამოჰყვნენ და ბაბუა სენაკში დაკრძალეს. თურმე დაკრძალვის დღესვე უნდოდათ გოგონებს სამეგრელოდან ჭუბერში ასვლა, ძალიან ჰყვარებიათ დედულეთი, მაგრამ უფროსების თხოვნას დაჰყვნენ - კვირამდე, საბედისწერო 16 ივლისამდე, სენაკში დარჩენილიყვნენ. 

ზურაბ კვანჭიანი, ირმას ძმა: 
- ბაბუას დაკრძალვის დღეს ჩემი დისშვილები გვეხვეწებოდნენ, ჭუბერში გამოგყვებითო. ნეტავ იმ დღეს წაგვეყვანა, იქნებ ეს უბედურება არ დაგვტყდომოდა თავს.  გოჩამ (ჩემი მეორე დის ქმარმა) მანქანა ითხოვა და სვანეთისკენ წამოსულან. არ ვიცით, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. მოწმე ჰყვებოდა, მძღოლის თვალებს რა დამავიწყებს, მანქანა რომ გადავარდა, მინის ჩატეხას ლამობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ავტომანქანის ქვებზე დაცემისას კი საბარგულის კარი აიხადა, იქიდან რაღაცები გადმოცვივდა და მანქანაც ნელ-ნელა შევიდა მდინარეშიო. 

ორი კვირის წინ ჩემი დის - ირმას გვამი ვიპოვეთ, მანამდე, ხუთი დღით ადრე კი წალენჯიხელებმა გოჩას გვამს მიაგნეს. ორივეს ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში ვნახეთ, იქ, სადაც ენგური იტბორება. იმ ადგილს თოთანი ჰქვია. გვამები ქვიშაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე გამოჩნდა. გოჩას გვამი დაზიანებული იყო, მაგრამ, ასე თუ ისე - შენახული. გვამს ქვიშიდან გამოჩენისთანავე თუ ვერ მიუსწარი, შესაძლოა, ნადირმა წაიღოს. ირმას ცხედარი კი ნადირს დაუზიანებია და თითქმის ჩონჩხად იყო ქცეული. ჩემი და თმის სიგრძითა და ქამრით ამოვიცანით, ჭუბერის მიწას მივაბარეთ. მონაკვეთი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ძალიან სახიფათოა - ხიდამდე სწორი გზა მიდის და შემდეგ თითქმის 90-გრადუსიანი მოსახვევია.  გოჩა პროფესიონალი მძღოლი იყო და ეს გზა ზეპირად იცოდა. რატომ და როგორ მოხდა ეს შემთხვევა, ვერ აგვიხსნია. თანაც მათ“"სუბარუს" საჭე მარჯვენა მხარეს ჰქონდა და წესით, მარჯვნივ არ უნდა გადავარდნილიყო. წინა მთავრობის დროს ეს გზა გარემონტდა, ბორდიურები გააკეთეს, მაგრამ ვიდრე ეს შემთხვევა არ მოხდა, ხიდის თავში ტროსები არ გაკეთდა.

ენგური ივლისში განსაკუთრებით გაგიჟებით მოდის, თან იქ იმხელა ქვები ყრია, გადარჩენის შანსი არც ექნებოდათ. მაშველებს იმ დღესვე რომ დაეწყოთ ძებნა, მაინც ვერაფერს გახდებოდნენ, თუმცა დიდი შრომა გასწიეს, სამ თვეს ეძებდნენ. აზერბაიჯანიდანაც ჩამოვიდნენ დასახმარებლად. მაშველებს ჰქონდათ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აჩვენებს, რა არის წყლის სიღრმეში, მაგრამ როცა ჩაუშვეს, დინებამ წაართვა. ასეთი მასშტაბის ძებნა თითქმის არ ჩატარებულა - სამი თვის განმავლობაში აქ იყვნენ საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის მაშველები, სახანძრო სამსახური... 
ნათიას და თათიას მამა მარტო დარჩა მოსკოვში, კაცს ერთ დღეში ამოუწყდა ოჯახი...

ტრაგედიიდან ხუთი თვის შემდეგ მამაჩემი, ზაქრო კვანჭიანი, ტყუპის მეორე ბაბუა, ენგურის პირას იმ გზაზე და თითქმის იმავე ადგილას გარდაიცვალა. მას გული აწუხებდა და წინადღეს ზუგდიდის საავადმყოფოში წავიყვანეთ, გამოკვლევები ჩაუტარეს და მეორე დღეს გამოწერეს. ჭუბერში მივდიოდით და ენგურის პირას შემაჩერებინა მანქანა, ცოტა ხნით გადმოვიდა და როდესაც მანქანაში ვსხდებოდით, უცებ დამიძახა, ჩამეხუტა და... გული გაუჩერდა... იმ ადგილის ნახვისას, ალბათ, ის ტრაგედია თვალწინ წარმოუდგა და ვეღარ გაუძლო. ხუთ თვეში ექვსი საყვარელი ადამიანი დავკარგეთ...