მედიის შესახებ კანონის კანონპროექტი ბიუროზე დარეგისტრირდება. კანონი, ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. პარლამენტის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საჭიროა, არსებობდეს მედიასტანდარტების დაცვის მექანიზმი და არავითარ შემთხვევაში ხელისუფლების სურვილი არ არის, მედია ცენზურის ქვეშ იყოს.
„მედიასთან დაკავშირებით ყველაზე გამოცდილი და ტრადიციული კანონმდებლობა, ბრიტანული მოდელი ავიღეთ. არის თუ არა ეს მედიის ჩარჩოებში მოქცევა? მედიასტანდარტი ისედაც არსებობს, მაგრამ საქართველოში ამ სტანდარტის აღსრულება არ ხდება, აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. ფაქტია, თვითრეგულაციამ არ იმუშავა. აქედან გამომდინარე, საჭიროა, მედიასტანდარტების დაცვის მექანიზმი არსებობდეს. ხელისუფლების სურვილი არ არის, რომ მედია ცენზურის ქვეშ იყოს. ამ ხელისუფლების პირობებში არცერთ მედიასაშუალებას რაიმე სისტემური ან სხვა სახის პრობლემა არ შექმნია, რადგან ეს არ არის ამ ხელისუფლების მიზანი და ხასიათი“, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილი.
უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ მედიასივრცე დღეს დაზიანებულია და სწორედ ამას სჭირდება მოწესრიგება, დარეგულირება. მისი თქმით, თუკი ევროპის ყველა სახელმწიფოში მედიარეგულაციები არსებობს და იქ ეს მაღალი სტანდარტის მიღწევის საშუალებას თუ ნიშნავს, ქვეყანაში საპირისპიროს რატომ უნდა ნიშნავდეს? - აქედან გამომდინარე დეპუტატი კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მედიის შესახებ კანონი“ ბრიტანული სტანდარტების მიხედვით შეიქმნება, რომელშიც სიახლე არაფერი იქნება.
„რაც შეეხება „მედიის კანონს“, სინამდვილეში აქ არაფერი სიახლე არ იქნება. ჟურნალისტური სტანდარტი ყველასთვის ცნობილია, უბრალოდ, ეს ყველაფერი მივიწყებულია და ზოგს სურს, რომ ჟურნალისტური სტანდარტების მიღმა ჩვეულებრივად პოლიტიკური აქტივისტები შექმნან ჟურნალისტებისგან ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტური საქმიანობით მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებას. აქაც სინამდვილეში სიახლე არაფერია, თუმცა ბრიტანული სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს“, - აღნიშნა შავლა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იქნება ობიექტური შემფასებელი და ვინ შეაფასებს მედიას, კონკრეტულ ჟურნალისტს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ზოგადად, ტყუილ-მართლის გარჩევა არ არის რთული, როდესაც ადამიანს ეს სურს.
„გვაქვს სტანდარტები, რომელიც არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს. არ მოქმედებს იმიტომ, რომ მინდობილია თვითრეგულაციას და არ სურს მედია სამყაროს, რომ ამ სტანდარტების დაცვა თავად უზრუნველყოს. აქ სახელმწიფო ვალდებულია, რომ შესაბამისი რეგულაცია შემოიღოს. ყველაფერზე იქნება სასამართლო კონტროლი, ამიტომ იქნება სრულად გამართული, დემოკრატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.
ამ შემთხვევაშიც რადიკალური ოპოზიცია კანონის განხილვაში არ შედის, მაგრამ ზუსტად იციან, რომ კანონი რუსულია. სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს, რადგან ყველა მათგანი თავისი შინაარსით არის რუსული.
„არცერთ კანონს, რომელსაც იღებს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი საერთაშორისო აღიარება, უნდა ითქვას, რომ ვერანაირი იურიდიული ძალა ვერ ექნება. ყველა კანონი, რასაც დაამტკიცებენ, თავისი შინაარსით არის არალეგიტიმური. ეს არალეგიტიმური ორგანო ერთპარტიულია. ვხედავთ, რომ გამწარებული და გამალებული იღებს, თითხნის რაღაც კანონებს, რათა საქართველოში საბოლოოდ გაანადგუროს თავისუფალი სივრცე, თუმცა ამას არანაირი შანსი არ აქვს, რაიმე შედეგი გამოიღოს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, საზოგადოება ძალიან მყარად ამბობს, რომ ის ირჩევს ამ ქვეყნის თავისუფალ, ევროპულ მომავალს. ამიტომ, რას დაარქმევენ ამას, „ამერიკულ კანონს“, „ბრიტანულ კანონს“ თუ სხვას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ეს კანონი თავისი შინაარსით და დანიშნულებით არის რუსული კანონი, რუსეთშია დაწერილი ინსტრუქცია, რომელსაც დღეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ასრულებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე თვლის, რომ „მედიის შესახებ კანონს“ დაგვიანებით იღებს პარლამენტი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ მოხდება კანონის მიღება. მისი თქმით, ბიუროზე დარეგისტრირებული კანონი ნამდვილად არ არის მედიის თავისუფლების შეზღუდვა. ეს არის მედიის უფლებების და სიტყვის თავისუფლების იმ ჩარჩოებში მოქცევა, სადაც სიტყვის თავისუფლება არ გადადის ყველაფრის თქმის უფლებაში.
„ანუ, კანონდარღვევასა და სიტყვის თავისუფლებას შორის იდება ზღვარი, სადამდე შეიძლება იყოს სიტყვის თავისუფლება და რის შემდეგ არის ის უკვე კანონდარღევა. როგორ ფიქრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიტანეთი მიიღებდა ისეთ კანონს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ებრძვის, ან მედიის უფლებებს ზღუდავს? საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში ეს კანონი რამდენჯერმე გადაწერეს, გაამკაცრეს დროთა განმავლობაში. ბრიტანეთი არ მიიღებდა ისეთ კანონს, რომელიც შეზღუდავდა სიტვის თავისუფლებას და მედიის უფლებებს ქვეყანაში.
როდესაც ამ კანონზე დაიწყო საუბარი ქართულმა ოპოზიციამ ააფრიალა ის მასალები, რომელსაც აფინანსებდა „იუესაიდი“ ბოლო 4-5 წელი, ანუ ეს არის „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა მედია-წიგნიერება“ - ეს არის მათი პროგრამა. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ისედაც იბრძვის დასავლეთიო, რომელსაც დაწყებული აქვს ეს პროექტი. მე, პირადად ვარ ტრენერი სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ საგანს მეც ვკითხულობ და ძალიან კარგად მაქვს შესწავლილი, დამუშავებული ყველა სატრენინგო მოდული, რომელიც ხორციელდებოდა „იუესაიდის“ ან ევროკავშირის მიერ, გასული წლების განმავლობაში. ეს ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ანტირუსულ პროპაგანდას. ანუ, ანტირუსული პროპაგანდის დაფუძნებით ისინი ეწეოდნენ საკუთარ პროპაგანდას საქართველოში. ანუ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლით ავრცელებდნენ ახალ დეზინფორმაციას საქართველოში. ეს არ იყო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას კი არ ვეწინააღმდეგები, მე ვეწინააღმდეგები ყველანაირი დეზინფორმაციის შემოტანას და გავრცელებას“, - აცხადებს ჩიბურდანიძე.
როგორც ჩიბურდანიძე აცხადებს, დღეს მედიის მხრიდან დეზინფორმაცია გამოიყენება მძლავრ იარაღად ადამიანების, პოლიტიკოსების თუ საზოგადების წინააღდეგ და საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს გასანადგურებლად.
„2018-17 წლებში თვით ამერიკაში დაიწყეს მეცნიერებმა, პროფესორებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ბრძოლა დეზინფორმაციისა და პოლიტიკაში მედიის გადაჭარბებული უფლელების წინააღმდეგ. დაიწყეს და გამოავლინეს დეზინფორმაციის ფაქტები. სწორედ ამის შედეგი იყო რამდენიმე წლის წინ ისრაელში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისი, როდესაც არჩევნების წინ დაფინანსებული მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის საშუალებით მოსახლეობამ ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, გააკეთეს არასწორი არჩევანი, რამაც სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი. ნახეთ, რა შეუძლია დეზინფორმაციას საზოგადოებაში. აქიდან გამომდინარე, დიახ, მედიას სჭირდება დაცვა, მაგრამ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად სჭირდება დაცვა იმ დეზინფორმაციისგან, რომელიც დღეს უშრეტ ნაკადად მოედინება მედიისგან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ ჩიბურდანიძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ბოლო დროს ოპოზიციის და მასთან აფილირებული სუბიექტების მიერ სიტყვის მასალად იქცა „დიქტატურა“, „ავტოკრატია“. როგორც ანალიტიკოსი წერს, რამდენიმე დღის წინ თავად ამხილა ამ ნარატივის სრული აბსურდულობა - როგორ შეიძლება დიქტატურის პირობებში თავისუფლად ოპერირებდეს მინიმუმ 20 ოპოზიციური ტელეარხი თუ ონლაინ მედია?!
„დიქტატურა ქვეყანაში არ აჭაჭანებს არც ოპოზიციურ პარტიებს და არც ოპოზიციურ აზრს. რომელი დიქტატურა დაუშვებს, რომ ქვეყანაში თავისუფლად იმუშაონ ფონდებმა, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ანტისახელისუფლებო აქციებს, რომელთა შორისაც ნიკა გილაურის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტის“ რამდენიმე ფონდია? სხვათა შორის, დიქტატურის პირობებში, რუსთაველზე პროტესტი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მაგალითები თუ როგორ იქცევიან დიქტატურები მსგავს შემთხვევებში, არაერთი გვაქვს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.