რა ფასი აქვს მშვიდობას ვაშინგტონის, მოსკოვისა და კიევისთვის - შეთანხმების კონტურები დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა უნდა გამოკვეთოს. დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე დიდი ომის დასრულების გასაღები, შესაძლოა, ომის დაწყების 3 წლისთავზე მოიძებნოს. თუმცა ამ ეტაპზე კიევისთვის და ევროპისთვის არ ჩანს რეალური გასაღები, რომ ამ კვირაში ომის დასრულება შესაძლებელია.
უკრაინას და მის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი პირობები აქვს - ის აშშ-სგან მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის და ევროპის დასმას და მოლაპარაკებების ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში გადატანას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს და რუსეთის მოლაპარაკებებს არ მიიღებს.
თუმცა აშშ-ს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თებერვლის მიწურულს დაწყებული ომი, თებერვლის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შესაძლოა დაასრულოს.
მოლაპარაკებების ფორმატი ჯერ კიდევ ზუსტდება. დონალდ ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ შეხვედრას ვლადიმერ პუტინთან თვის ბოლოს გეგმავს. როგორც ჩანს, მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ორი პრეზიდენტისთვის ორი სავარძელი იქნება.
დიპლომატიური დიალოგის დაწყებამდე, ამერიკული მხარის განცხადებები კიდევ უფრო ხისტი და არადიპლომატიური გახდა. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული ქვეყნების პირველი პირები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკის ადგილს, ამ ეტაპზე, ვერ ხედავს.
ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების სიტყვების ომმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შესაძლოა, ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება უკრაინის გარშემო უკრაინის გარეშე დაიწყოს. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ზელენსკი მას პასუხობს, რომ მზადაა დატოვოს თანამდებობა, თუკი უკრაინას ნატოში მიიღებენ.
„თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს, თუ თქვენ ძალიან გჭირდებათ, რომ მე დავტოვო თანამდებობა, მაშინ მზად ვარ; მეორე - შემიძლია, ეს ნატო-ზე გავცვალო, თუ ასეთი პირობები არსებობს. პირდაპირ ვამბობ, რომ ამაზე დიდხანს არ ვისაუბროთ“, - ასე უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას, მზად არის თუ არა, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს მშვიდობას მოიტანს.
ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის კონცენტრირებულია უკრაინის უსაფრთხოებაზე დღეს და არა 20 წლის შემდეგ და არ აპირებს ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნას.
„ამიტომ, ეს, ალბათ, ჩემი ფოკუსი და სანუკვარი ოცნებაა“, – თქვა ზელენსკიმ.
ნატო-ზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ალიანსის წევრობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აპირებს ნატო თავად უკრაინაში შექმნას.
ზელენსკის კი ამერიკელები არწმუნებენ, რომ ბუნებრივი რესურსების მოპოვების განახლებულ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, რათა თავიდან აიცილოს პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონფრონტაცია და შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარების საფუძველი მისცეს. მედია, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმება ხელმოსაწერად მზად არის, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი მასზე ხელმოწერას ჯერ არ გეგმავს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ზელენსკი კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ძლიერი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, რის ფონზეც ამერიკელებთან უკრაინის პრეზიდენტს სერიოზული უთანხმოება მოუვიდა. გამოცემის თქმით, მოლაპარაკებების დროს კამათი ზელენსკის მხრიდან ყვირილში გადაიზარდა. დაპირისპირების მთავარი საგანი გახდა ის, რომ ვაშინგტონის წარმომადგენლები მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ირკვევა, განსაკუთრებული დაძაბულობა გამოიწვია ამერიკელების მოთხოვნამ ზელენსკის მიმართ, რა დროსაც საკითხი შეეხებოდა უკრაინის ნატოს ალიანსში წევრობის სურვილის საკითხს.
როგორც ჩანს, ამერიკელები ზელენსკისგან ითხოვდნენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში საჯაროდ უარი ეთქვა უკრაინას ნატოში წევრობის სურვილზე, რაზეც როგორც ირკვევა, უკრაინის ლიდერს კატეგორიული უარი უთქვამს.
„ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია“, - ასე უპასუხა ზელენსკიმ ტრამპის განცხადებას.
„ამ კვირაში შეუძლებელია ომის დასრულება უკრაინისთვის გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დღეს გაკეთდეს ჩვენი შეხვედრების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პირობები სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ვალის ხასიათს ატარებდა, რომელიც უკრაინას აშშ-სთვის უნდა გადაეხადა.
„ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 მილიარდი დოლარი აშშ-ისგან და არ ვაპირებ 500-ის აღიარებას, ვინც რას უნდა ამბობდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, არ სურს 100 მილიარდის ოდენობის ვალის აღიარება, რადგან არ თვლის აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად. ზელენსკის თქმით, აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პირობები უკრაინას ავალდებულებს ორჯერ მეტი თანხის დაბრუნებას, ვიდრე აშშ უკრაინას მისცემს.
უკრაინის პრეზიდენტმა შეადარა უკრაინისთვის გაწეული დახმარება ისრაელის შემთხვევას და აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ უსამართლო მიდგომაა.
„მე არ მოვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამერიკული მხარის განცხადებებმა კიევის ევროპელ მოკავშირეებში გააჩინა შიში, რომ სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის სასარგებლო პირობებით დასრულდება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვადაგასული ზელენსკი ისეთ უტოპიურ პირობებს აყენებს, რომელიც აბსოლუტურად შეუსრულებადია და ეს თავადაც და მისმა გარემოცვამ ძალიან კარგად იციან.
„ანუ თუ გადადგა, მაშინ ომი აღარ იქნება უკრაინაში და არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება? - ეს ერთი შეკითხვა. მეორე, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ნულია. ვიცით, რომ ალიანსში განწყობები სხვადასხვაგვარია და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება. გავიხსენოთ ასევე პროფესორ ჯეფრი საქსის განცხადება, რომელიც მან ევროპარლამენტარებთან თქვა. საქსი ამბობს, რომ თავის დროზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ბაიდენის უშიშროების საკითხებში მრჩეველ ჯეიკ სალივანს დაურეკა და სთხოვა, რომ უკრაინაში ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არარეალური რომ იყო, საჯაროდ ეთქვა. სალივანმა კი უარყო და თქვა, რომ საჯაროდ ამ განცხადებას ვერ გააკეთებდა.
შესაბამისად, ზელენსკის და მისი გარემოცვის წაქეზება ძალიან მავნებლურია ევროპის ცალკეული ქვეყნების მხრიდან, ეს არის საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. ზელენსკის ულტიმატუმს უკვე ცივი წყალი გადაასხა 24 თებერვალს ტრამპის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში, მაიკლ ლურცმა, როდესაც თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ განიხილება. ამერიკა ერთგულ დამცველად რჩება ევროპის ქვეყნების. თუმცა უკრაინის უსაფრთხოება სრულიად სხვა თემაა. არანაირად არ ჯდება ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაში“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ამერიკის მხრიდან ზელენსკის, როგორც საჯაროდ, ასევე კარს მიღმაც განემარტა, რომ მან არჩევნები უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს. მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.
„რუსეთს აქვს გაცხადებული და ხისტი პოზიცია, რომ ისინი ზელენსკისთან ხელს არაფერზე მოაწერენ. ის არის ვადაგასული პრეზიდენტი და მათ სურთ, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი იხილონ. გასაგებია, რომ რუსეთს აქვს თავისი მიზნები, თუმცა თუკი დაინტერესებულ მხარეებს უნდათ, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, ხომ შეიძლება ზელენსკის შემდეგ მოსულმა პრეზიდენტმა თქვას, რომ ის არ ცნობს ვადაგასული ყოფილი პრეზიდენტის რაიმე დოკუმენტს სამშვიდობო შეთანხმებაზე?! ეს კი არც რუსეთს სურს და არც ტრამპს. ახლა მოსკოვის და ვაშინგტონის ინტერესები თუკი თანხვედრაშია, ძალიან ბრიყვულია, თუნდაც ევროპაში იმის თქმა, რომ ტრამპი პუტინის თამაშს თამაშობს. ტრამპი ამერიკელი ხალხის ინტერესებს ატარებს და მისი ყველა ქმედებაც ამ ლოგიკით არის განპირობებული. ამიტომ წასასვლელად გამზადებული ზელენსკი ვერავის ვერანაირ ულტიმატუმებს ვერ წაუყენებს“,-ამბობს აბაშიძე.