ქვეყანამ მოპოვებული სატრანზიტო უპირატესობა არ უნდა დაკარგოს

ქვეყანამ მოპოვებული სატრანზიტო უპირატესობა არ უნდა დაკარგოს

შარშან საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული სატვირთო ავტომობილების რაოდენობა ცოტათი იკლო, შესაბამისად, შემცირდა ქვეყნის ბიუჯეტში შესული თანხაც. მართალია, უკვე იანვარში მდგომარეობა გამოსწორდა, მაგრამ სპეციალისტები მთავრობას მაქსიმალური ყურადღებისაკენ მოუწოდებენ, რომ ქვეყანამ მოპოვებული სატრანზიტო უპირატესობა არ დაკარგოს.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე) ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2024 წელს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2.565 მლნ ლარით შემცირდა. ხოლო, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფანი 512 665-მა სატვირთომ გადაკვეთა, 2023 წელს კი 519 996 ტრაილერმა.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ სატვირთო ავტომობილებით გადაზიდვების შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის არის, ტარიფები, საბაჟო პროცედურების ტემპი და რაც ყველაზე მთავარია, კასპიის ზღვის მიმართულებით, საბორნე გადაზიდვების გააქტიურება.

„2024 წლის მაისამდე დინამიკა მზარდი იყო. ამიტომ, ვერ ვიტყვით რომ შემცირების ტენდენცია მთელი წელი მიმდინარეობდა. მერე დაიწყო კლება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. კერძოდ, ტვირთნაკადმა, რომელსაც ველოდებოდით, რომ საავტომობილო გადაზიდვებით წამოვიდოდა, ახალი მიმართულებები იპოვა. პირველ რიგში, ის დაბრუნდა ჩრდილოეთის მიმართულებით.

როდესაც საპროგნოზო გათვლებს ვაკეთებდით, ვვარაუდობდით, რომ ყოველ წელს 10-12%-იანი ზრდა გვექნებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ. 2022 წელს გვქონდა კიდეც საგრძნობი ზრდა, რაც მომდევნო წლებშიც რომ გაგრძელებულიყო, საკმაოდ კარგი დინამიკა იქნებოდა. მაგრამ ეს ვერ განვითარდა, რადგან მასზე იმოქმედა რამდენიმე პარამეტრმა. პირველი, ის რომ, გატარების ფასი ძალიან მაღალია - 350 ლარია. მეორე - გადამზიდავები ამბობენ, რომ საბაჟო პროცედურები არის გაწელილი, ხშირ შემთხვევაში მებაჟეები ინერტულად იქცევიან და დიდი დრო სჭირდება ტვირთის გადაზიდვას. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თურქეთიდან, ცენტრალური აზიის მიმართულებით არაქართველმა გადამზიდავებმა შეარჩიეს უკვე სხვა მიმართულებები, პირობითად, თურქეთიდან საბორნე გადასასვლელი, რუსეთის გავლით დაიწყეს ცენტრალური აზიის გავლით გადაზიდვების განხორციელება.

ერთობლიობაში გარკვეულმა პრობლემებმა, ღირებულებებმა, საბაჟო პროცედურებმა აიძულა გადამზიდავი დაბრუნებულიყო ისევ ჩვეულ მარშრუტებზე. სწორედ ამიტომ არ მოხდა იმ ზრდის შენარჩუნება, რომელსაც ჩვენ ვვარაუდობდით“, - განაცხადა ბიზნესპრესნიუსთან“ ცაგარეიშვილმა.

გამოსავლის გზებზე საუბრისას, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პირდაპირ აცხადებს, რომ პრობლემების სპექტრი საქართველოს ტერიტორიაზე სულაც არ არის.

„საკითხების სპექტრი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე. უფრო კასპიის ზღვასთან მიმართებით არის, სადაც ყაზახური და აზერბაიჯანული მხარე ბორნებს ამატებს. ამიტომაც, საქართველოს მონაკვეთზე პრობლემა ნაკლებად არის. რაც შეეხება ტარიფს, თან საკმაოდ მაღალია (350 ლარი), თუმცა გამორიცხულია მისი შემცირება. ვფიქრობ, ამ წელს ჯერ კიდევ უნდა დავაკვირდეთ, რომ დასკვნა და პროგნოზი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მიუხედავად სკეპტიკური დამოკიდებულებისა, წელს იანვარში უკვე ზრდა დაფიქსირდა, თანაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა 2024 წლის იანვარში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. იანვარში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ბიუჯეტში 13.625 მლნ ლარი შევიდა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით 2024 წლის იანვარში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 13.220 მლნ ლარი შევიდა.

შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 404.2 ათასი ლარით გაიზარდა.

2025 წლის იანვარში საქართველოს დერეფანი 38 929 სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 37 774-მა ტრაილერმა.

საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

ქვეყნის სატრანზიტო ფუქციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობაც. რამდენიმე დღსი წინ ყაზახეთში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოს „ისტორიული ფუნქციის“ აღდგენასაც ეხებოდა. „ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია, ეს არის დაკავშირების ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია“, – განაცხადა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით.

მან აღნიშნა, რომ „ტრანზიტი და ტრანსპორტი ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფეროებია“.