ორთაჭალაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თბილისში უმძიმესი დანაშაული 18 თებერვალს მოხდა. 23 წლის თამაზ მთივლიშვილს 16 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. მან თანამშრომლები საშაურმეში დაპატიჟა, ხოლო მესამე დღეს ისინი დაბადების დღის აღნიშვნის გასაგრძელებლად გიორგი პაპაშვილის ბინაში შეიკრიბნენ. სწორედ აქ მოხდა ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მთივლიშვილსა და პაპაშვილს შორის, რაც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს საჭრელი ხის დაფით მიაყენა. მან მთივლიშვილს დაფა თავში ჩაარტყა, რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია. თუმცა მოკლული ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ ცხედარს დაზიანებები სხვადასხვა გაურკვეველი საგნით აქვს მიყენებული. ის სასტიკად და დაუნდობლად არის ნაცემი. მას 28-მდე დაზიანება აქვს სხეულზე მიყენებული. თუმცა ამ დანაშაულის სისასტიკეს ისიც ამძაფრებს, რომ მომხდარს 4 ახალგაზრდა უყურებდა, მათ შორის ერთი გოგონა. მათი მტკიცებით, ისინი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ.
თუმცა, როგორც პროკურორმა პროცესზე თქვა, შეუტყობინებლობაში მხილებულმა ოთხმა ახალგაზრდამ გიორგი პაპაშვილს ხელი შეუწყო, რომ დანაშაულის ადგილი დაეტოვებინა. მათ პაპაშვილის ბინაში ჯერ კიდევ ცოცხალი თაზო მთივლიშვილი ჩაკეტეს და გაიქცნენ. ამიტომ მისთვის რომ დროული დახმარება აღმოეჩინათ, მისი გადარჩენის შესაძლებლობა იყო. ის ორი დღის განმავლობაში ჩაკეტილი, მძიმე დაზიანებებით ბინაში ჰყავდათ. არცერთ მათგანს არ გასჩენია სურვილი, რომ სასწრაფოში დაერეკათ და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდისთვის დახმარება აღმოეჩინათ.
„ეს არის უმძიმესი და უსასტიკესი დანაშაული. არავის სჯერა, რომ ამ დანაშაულს ეს პიროვნება, რომელიც ახლა გაქცეულია და მიმალვაში იმყოფება, მარტო ჩაიდენდა. საწყალი ბიჭი, ისე მოკლეს, უმოწყალოდ სცემეს და წინააღმდეგობის გამწევი კაცი არ აღმოჩნდა. ტყუილია ვითომ აშველებდნენ. არაფერი, იქ მიიტყუეს და ცემით შური იძიეს. სხეულზე აქვს არაერთი დაზიანება. ცხოველი რომ არ იზამს, ისეთი რამ აქვთ ჩადენილი. მისი უმოწყალოდ წამების შემდეგ, ეს ადამიანები, ყველა მათგანი სოფელ კოდაში წავიდნენ, სადაც მტკიცებულებებს ტოვებენ, სესხულობენ გარკვეულ თანხას და გიორგი პაპაშვილს და კიდევ ერთ პირს, ბაირამოვს, ეხმარებიან, რომ მათ საქართველო დატოვონ - მიაცილებენ სარფის საზღვრამდე და უკან ბრუნდებიან.
2025 წლის 18 თებერვალს შუადღის საათებში, როგორც ესენი ჩვენებებში ჰყვებიან, გიორგი პაპაშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამაზს და შემდეგ სხეულის სხვადასხვა არეში, ძირითადად, ეს არის თავის და კისრის მიდამოში გამეტებით დაუწყო რაღაცა საგნის დარტყმა. სავარაუდოდ, სამზარეულოს დაფაზეა ლაპარაკი.
სამივე ბრალდებული, რომელიც ახლა ბრალდებულის სკამზე ზის, ამ ყველაფერს უყურებდა და კიდევ მეოთხე, რომელმაც დროებით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, არსებობს ამ დაკავებულებისგან ინფორმაცია, ჩვენებებში ჰყვებიან, რომ თითქოს გიორგი პაპაშვილსა და თაზო მთივლიშვილს შორის უთანხმოება სამსახურში მომხდარი ამბის გამო დაიწყო. თაზომ, რომელიც პაპაშვილთან ერთად საშაურმეში იყო დასაქმებული, პაპაშვილი ხელმძღვანელთან თანხის მოპარვაში ამხილა. ამბობენ, რომ ფული დაიკარგა და ის პაპაშვილმა მოიპარა. ეს პიროვნება ადრეც ნასამართლევი ყოფილა“, - ამბობს მოკლული ბიჭის ახლობელი for.ge-სთან.
საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ მკვლელობა ხის დაფით მოხდა. მან პროცესზე მოსამართლეს უთხრა, რომ მოკლულ ახალგაზრდას მხოლოდ ხელი არ ურტყეს.
„ხელი არ იყო დარტყმული, ეს იყო სამზარეულოს ხის დაფა, რომელიც იმ დოზით ჩაარტყა ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომ გატეხა შუაზე და ჩვენ უკვე ამოვიღეთ აღნიშნული დაფის ნამსხვრევები. სისტემატურად ხდებოდა, მოასულიერებდნენ, ისევ აგრძელებდა ფიზიკური დარტყმების განხორციელებას და უკვე იატაკზე რამდენჯერმე თავი დაარტყმევინა თამაზ მთივლიშვილს, რის შემდეგაც ასევე ფეხი ჩაარტყა თავის არეში“,- თქვა პროცესზე პროკურორმა.
შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები ამტკიცებენ, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინება ვერ მოახერხეს გამომდინარე იქიდან, რომ პაპაშვილის მხრიდან თავადაც ზეწოლის მსხვერპლნი იყვნენ. მათი თქმით, პაპაშვილმა მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და აიძულებდა, რომ ისინიც მასთან ერთად გადაადგილებულიყვნენ.
არ არის გამორიცხული, დაკავებულ პირებს ბრალი გადაუკვალიფიცირდეთ და შეუტყობინებლობის ნაცვლად ბრალი თანამონაწილეობისთვის წარედგინოთ. ხოლო ქვეყნიდან გაქცეული ორი პირის ძებნა ქვეყნის გარეთ ამ დრომდე მიმდინარეობს.