„ამ მძიმე რყევებს ხელისუფლებამ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს - როდემდე უნდა იდგეს თავის მართლების პოზიციაში, სანამ ქვეყანა თავზე არ ჩამოგვენგრევა?!“

„ამ მძიმე რყევებს ხელისუფლებამ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს - როდემდე უნდა იდგეს თავის მართლების პოზიციაში, სანამ ქვეყანა თავზე არ ჩამოგვენგრევა?!“

კანონში ცვლილებით უცხოელი აქტორები თუ ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებისა და არეულობის მოწყობას - ესაა პასუხი „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის, რომლებიც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში, წლების განმავლობაში, უცხოეთიდან შემოედინება თანხები, რომელიც სრულიად გაუმჭვირვალე იყო, რისი მაგალითია USAD და NED.

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩარიცხული თანხები, როგორც უკვე გამოაშკარავდა, იხარჯებოდა არაკეთილმოსურნე მიზნებით. ძალიან მცირე ნაწილი იყო, რომელსაც კარგი მიზნები ჰქონდა. იმ თანხების უდიდეს ნაწილზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ, რევოლუციების და მაიდნის მოსაწყობად იხარჯებოდა, სათანადო რეაგირება ექნებათ.

„ქართული ოცნების“ ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია ცდილობს, მათგან უკონტროლო ორგანიზაციების ჩახშობას და მთავრობასთან აფილირებული ორგანიზაციების, ე.წ. GONGO-ების მხარდაჭერას.

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო.

მთავრობის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით გრანტის გაცემის უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიენიჭება, რომლის წესდების მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა იქნება.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, აღნიშნული სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

პარალელურად, „ოცნება“ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის ჯარიმას 4-ჯერ ზრდის და 500 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი დააწესა. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისთვის ჯარიმა განისაზღვრა 5 000 ლარით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, რომელსაც აქციების შეწყვეტა სურს. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ შესაძლოა, ჯარიმების მეთოდმა აქციები მთლიანად ვერ ჩაახშოს, თუმცა პროტესტის მასშტაბების შემცირებას ხელს შეუწყობს.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას - გაამკაცროს კანონი აქციებთან დაკავშირებით და ასევე ცვლილება შეიტანოს კანონში გრანტების მიღებაზე, საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. წესით, ამ აქციების შეწყვეტა სურს არამხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ეს აქციები უკვე შემაწუხებელი ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გახდა.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ოპოზიციურ აზრს ებრძვის და ამის გამო ხვალ ქუჩაში არავინ აღარ გამოვა. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციონერობას აქვს თავის გამოვლენის ისეთი საშუალება, როგორიცაა უმაღლესი პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი და არ ჯობია, რომ ამ გზით წავიდეს ოპოზიცია?! თუმცა ოპოზიციამ ამ გზით წასვლას ქუჩა ამჯობინა, რომელიც მათთვის ყველაზე წამგებიანი არჩევანია. ყველა დაიღალა და გაცვთა ყური ერთი და იგივე საუბრით, ძახილით. შემაწუხებელი და სასოწარკვეთილია უკვე ამ ხალხის უშედეგო მოქმედებები.

ვნახეთ ჯეფრი საქსმა ეუთოს ტრიბუნიდან რა თქვა - რასაც ახლა საქართველოს უკეთებენ, ძალიან ცუდია საქართველოსთვის და წესით, ევროპელები არ უნდა ჩავიდნენ საქართველოშიო. საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის მხოლოდ შიდა დაპირისპირება, რაც არაერთხელ ითქვა და დამტკიცდა“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ახლა აქციებში მონაწილეობა ცოტა მოდის სახეს იძენს - ღამე გასეირნება, ერთმანეთს ხვდებიან, თავისუფლების განცდა აქვთ და ა.შ.

„თუმცა ეს ყველაფერი ცუდ საქმეს ხმარდება, ვინაიდან ქვეყანაში იქმნება არასტაბილურობის სურათი. ახლა უხსენი ყველა უცხოელს, რომ აქციები მარტო ღამე ხდება, პროცენტულად მცირეა და ა.შ. უცხოელები საქართველოში ფულს აღარ ჩადებენ. ეს სიტუაცია ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე რყევები და ამაზე ხელისუფლებამ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. როდემდე უნდა იდგეს თავის მართლების პოზიციაში, სანამ ქვეყანა თავზე არ ჩამოგვენგრევა?!“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და სწორედ ამიტომ ამ კანონში ცვლილების შეტანა საჭირო იყო. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ უკვე სამი წელია ამ ხალხის თავგასულობას საზღვარი არ აქვს და მათი რესურსი თუ არ გაიხარჯა ბოლომდე, ეს ხალხი ქვეყანას არ დაასვენებენ.

„ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ეს ადამიანები უცხოეთიდან მხოლოდ იმიტომ ფინანსდებოდნენ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მომხდარიყო? პირდაპირ თქვეს ევროპელებმა, რომ ფულს, რომელსაც ჯარს ვაძლევდით, ასევე სხვადასხვა დარგების გასავითარებლად საქართველოს, წავართმევთ და არასამთავრობო ორგანიზაციებს მივცემთო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სწორედ იმ გრანტების საშუალებით, მაგრამ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მედგრად დგომით ეს საქმე ჩაიფუშა. ხელისუფლებამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტები გამოიყოფა, ეს ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს და არა მის გადაყირავებას, რევოლუციას. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ასე იქცეოდა, მაგრამ შეიძლება იმ ორგანიზაციას საერთოდ არ უნდოდა სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღება, თუმცა უკვე ნაჭამი ჰქონდათ და იძულებულები იყვნენ პატრონების დაკვეთა შეესრულებინათ. ახლა კი, როცა ამ რესურს გახარჯავენ და მაგ ფულს ჯარიმებში გადაიხდიან, მით უფრო ნაკლები საშუალება ექნებათ ქვეყნის გადაყირავების“,-ამბობს გვენეტაძე.