რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაეროში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს. სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკა ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ადასტურებს, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა და გაერო-ს მის დასრულებაში წვლილის შეტანა შეუძლია. პარალელურად კიევში ევროპელი ლიდერების თანამონაწილეობით - „უკრაინა - სკანდინავია-ბალტიისპირეთი“ სამიტს უმასპინძლებს უკრაინის პრეზიდენტი და, დიდი ალბათობით, ეს იქნება ბოლო სამიტი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის რანგში უმასპინძლებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის გარშემო მხარდამჭერთა წრე ვიწროვდება. ისიც კარგად იცის, რომ მარტივი არ იქნება მიიღოს პოლიტიკურ თავშესაფარი. ერთადერთი სახელმწიფო რომელიც ზელენსკის მიიღებს, ეს საფრანგეთია, ისიც მანამ, სანამ ხელისუფლებაში მაკრონი იქნება. ამიტომ, ერთ დროს ბაიდენის ადმინისტრაციის და დასავლეთის მიერ გმირად გამოცხადებულმა ზელენსკიმ გადაწყვიტა ივაჭროს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვაჭრობიდან არაფერი გამოვა.
ამბობს, რომ არ აპირებს 500 მილიარდის პრეტენზია მიიღოს, მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა ეს ვინმეს და არც კი არის მზად, ვაშინგტონთან $100 მილიარდის გადახდა განიხილოს. მისი თქმით, ეს გრანტი იყო და არა - სესხი. როგორც ზელენსკი აცხადებს, ბაიდენთან შეთანხმდა, რომ ეს გრანტია - გრანტი კი ვალი არ არის და შესაბამისად, გრანტს არ დააბრუნებს.
კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა. მისი თქმით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს.
„უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ. მზად ვარ პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც. პრეზიდენტად ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ ვაპირებ, ისევე, როგორც ტრამპი მარადიული არაა და ჩვენ კი მშვიდობა გვჭირდება მრავალი წლის განმავლობაში. სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულებების გაფორმების სურვილი და მე მინდა, რომ ჩვენი შეთანხმება შეერთებულ შტატებთან იყოს სკანდალების გარეშე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ აქვს დიდი მხარდაჭერა, რის გამოც ტრამპის გარემოცვა თვლის, რომ მან უკრაინა უნდა დატოვოს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობების გაფუჭება, თითქოს მოულოდნელია, მაგრამ ამაში არაფერია ახალი. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ახალი არჩევნებისა და ახალი ხელისუფლების დანიშვნის აუცილებლობაზე.
„იქ დიდი ხანია არჩევნები არ გამართულა. ეს რუსული თემა არ არის, ის არის, რაც ჩემგან მოდის სხვა ქვეყნებისგან. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც უკრაინაში არჩევნები არ გამართულა, როდესაც უკრაინაში რეალურად საომარი მდგომარეობაა. როდესაც უკრაინის ლიდერი - მხედველობაში მაქვს, არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი 4 პროცენტია. უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამ ეტაპზე ზელენსკის მთავარ კონკურენტად უკრაინული ჯარის ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სახელდება, რომელსაც ჯერ კიდევ ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად მოსახლეობის 27% უჭერდა მხარს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არჩევნები უკრაინაში უახლოეს თვებში ჩატარდება და ეს არ იქნება ზელენსკის ნება-სურვილზე დამოკიდებული.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ უკრაინას არც ნატოში მიიღებენ და არც ევროკავშირში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზელენსკი არ გადადგება და რა პირობასაც აყენებს, ეს არის უტოპია. პოლიტოლოგის განცხადებით, უკრაინა არ არის სუბიექტი, უკრაინა არის ობიექტი და შემთხვევითი არ არის, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ შეხვდება პუტინს.
„უკრაინის ამბები ძირითადად გადაწყდება პუტინსა და ტრმაპს შორის. ზელენსკი კი იძულებული გახდება დათანხმდეს იმ პირობებს, რასაც გადაწყვეტენ - ანუ წავიდეს. სხვა რამე ძალა აქვს? როგორ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს? ეს წინააღმდეგობა ძირითადად იყო ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღით და ფინანსებით. დღევანდელ ამერიკას აინტერესებს დამყარდეს მშვიდობა. წინა ადმინისტრაცია იყო ომზე ორიენტირებული. ტრამპი სრულიად სხვაგვარად უყურებს. ის არის კრიზისმენეჯერი, რომ გამოასწოროს ის რაღაცა ნაკლოვანებები და შეცდომები, რაც წინა ადმინისტრაციამ დაუშვა.
ვხედავთ, რომ მისი ინტერესის სფერო არ არის არც ევროპა, ტარიფებს უწესებს. მისი ინტერესის სფერო არის სამხრეთ-აღმოსავლეთი-აზია და იქითა ნახევარსფერო, სადაც არის ამერიკა განლაგებული. ამერიკას აქვს ძალიან დიდი ვალი და ტრამპი როგორც კრიზისმენეჯერი ცდილობს გამოასწოროს ის სიტუაცია, რაც ამერიკას აქვს დღეს. ამიტომ მოქმედებს ძალიან პრაგმატულად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, კვირის ბოლოს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას საბოლოო ჯამში მოეწერება ხელი, მაგრამ ამ შეთხმებას ხელს მოაწერს აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი, ხოლო უკრაინის მხრიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ანუ, ქვეყნის მომავლისთვის, მისი უსაფრთხოების გარანტიის თვალსაზრით, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე ხელმოწერაზეც კი ზელენსკის გვარი და მისი სტატუსი არ განიხილება და არ განიხილება, იმიტომ რომ აშშ ხვდება და, როგორც ჩანს, მისთვის რუსეთის არგუმენტები მისაღები გახდა, რომ ზელენსკი დე ფაქტო ვადაგასულ პრეზიდენტს წარმოადგენს და მისი სიტყვა, ხელმოწერა ვერ იქნება ლეგიტიმური ვერც ერთ შემთხვევაში. როგორც ჩანს, ისიც ხვდება და ამიტომ ცდილობს ყველანაირად საკუთარი თავის შესახებ მსოფლიოს ხმა მიაწვდინოს და რაღაცა განცხადებებით მაინც გამოიჩინოს თავი.
მოლაპარაკებები უკრაინის მომავალ ბედთან დაკავშირებით გარდაუვალია და ჩვენ ამაში ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რა თქმა უნდა, უკრაინის მხრიდან საჭირო იქნება ლეგიტიმური ლიდერი, რომლის ხელმოწერა, რომლის სტატუსი ეჭვს არ გამოიწვევს არც რუსეთის, არც ამერიკის და არც მსოფლიოს თვალში. ზელენსკი ასეთ ადამიანს აღარ წარომოადგენს. ამიტომ, უკრაინაში გარდაუვალი იქნება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რასთან დაკავშირებით მთელი რიგი საკანონმდებლო ორგანოს მიერ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გადაიხედოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, არჩევნებამდე უნდა შეჩერდეს მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმატიული აქტები, რომლებიც ქვეყნაში ქმნიან იმ გარემოებას, რომელიც აქამდე ხელს უშლიდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ამ ყველაფერს სჭირდება გადახედვა, გაუქმება და დანიშნვა საპრეზიდენტო არჩევნების.
„ვინც გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, თუნდაც ზელენსკიმ რომ გაიმარჯვოს, აი, ამ ადამიანთან ექნება მსოფლიოს სამოლაპარაკებო მაგიდასთან საქმე. ამიტომ აქამდე და მანამდე რას იტყვის და გამოაცხადებს ზელენსკი - თუ მსოფლიოს ძირითადი აქტორები ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღიქვამენ, ჩვენც იგივე პოზიციაზე უნდა ვიყოთ. ზელენსკი რას იტყვის და რას მოიმოქმედებს ამას უკვე აზრი არ აქვს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.