„ტრამპსა და მასკს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბარი არაპროგნოზირებადია, საქმე გვაქვს ცოცხალ ადამიანებთან, ძლიერი ხასიათით და იმპულსურობით“

„ტრამპსა და მასკს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბარი არაპროგნოზირებადია, საქმე გვაქვს ცოცხალ ადამიანებთან, ძლიერი ხასიათით და იმპულსურობით“

ტრამპი საკუთარ მრჩეველს უჭკვიანეს ადამიანს უწოდებს, ამის მიუხედავად, მოსალოდნელია თუ არა ორ ქარიზმატულ მილიარდერს - დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის დაპირისპირება?!

დონალდ ტრამპმა და ილონ მასკმა სულ ახლახანს ერთობლივად მისცეს ინტერვიუ ტელეარხ Fox News-ს, ამის მიუხედავად, ამერიკული მედია კარგა ხანია, საუბრობს, რომ ტრამპსა და მის მიერ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნულ მასკს შორის დაპირისპირებაა. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ეს ფარული ომი სააშკარაოზე ილონ მასკის მცირეწლოვანმა შვილმაც გამოიტანა, როცა ტრამპს შემდეგი სიტყვებით მიმართა, შენ არ ხარ პრეზიდენტი და დროა, წახვიდე; მე მინდა, შენ დაადუმო შენი პირი.

ტრამპი არ მალავს, რომ ილონმა მას დაურეკა და უთხრა, იცი, ისინი (მედია) ჩვენს დაპირისპირებას ცდილობენ.

მე ვუთხარი: ნამდვილად. მათ თქვეს, ჩვენ გვაქვს სასწრაფო ახალი ამბები. დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობაზე კონტროლი ილონ მასკს გადააბარა, პრეზიდენტი მასკი დღეს საღამოს კაბინეტის სხდომას დაესწრება. ისინი ძალიან ცუდად აკეთებენ ამას, - ამბობს ტრამპი და იმედოვნებს, რომ ამერიკელი ხალხი ჭკვიანია და არ წამოეგება სატყუარას მასა და ილონ მასკს შორის დაპირისპირების შესახებ.

მასკი ამბობს, რომ მას იმდენად უყვარს დონალდ ტრამპი, რამდენადაც ერთ ჰეტეროსექსუალ კაცს შეიძლება უყვარდეს მეორე კაცი.

ილონ მასკის ფართო გაქანებაზე საყოველთაოდ ცნობილია. Tesla-ს ელექტრომობილების წარმოებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, მას ამბიციური გეგმები აქვს კოსმოსის დაპყრობისა და მარსის კოლონიზაციის მიმართულებით, რისთვისაც მის მიერვე დაფუძნებულ SpaceX- სს წარმატებით იყენებს. როგორც თვითონ ამბობს, მარსამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია დარჩენილი. SpaceX-ის მეშვეობით მასკმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ზომისა და სიმძლავრის კოსმოსური ხომალდი Starship-ი შექმნა, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და დაახლოებით ასი ადამიანის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მარსზე. ეს ხომალდები მაინცდამაინც ძვირი არ ეღირება, სულ რაღაც 2-3 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება მარსზე დაარსებულ პირველ კოლონიას, ტექნოლოგიების მაგნატ ილონ მასკს ამის შესახებაც უფიქრია. ირკვევა, რომ პირველი კოლონიზატორების პერსპექტივა არც ისე სახარბიელოა. ისინი მარსის წითელ მიწას სამუდამოდ მიებარებიან, რადგან მარსზე ჩასვლის შემდეგ დედამიწაზე ვეღარ დაბრუნდებიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მარსზე საამისო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არსებობს. ამდენად, პირველი კოლონიზატორები სიცოცხლეს მარსზე დაასრულებენ.

სანამ ილონ მასკი მარსზე სრულმასშტაბიანი ქალაქის გაშენებას დაიწყებს, მანამ იმ სირთულეებსაც არ მალავს, რაც წითელ პლანეტაზე მოელით ადამიანებს. იქ ცხოვრება ურთულესია, რადგან ამ პლანეტის საშუალო ტემპერატურა მინუს 62,22°C-ია, რაც აღემატება ანტარქტიდის საშუალო ტემპერატურას - მინუს 56,67°C-სს. გარდა ამისა, წითელ პლანეტაზე არსებული დაბალი ატმოსფერული წნევის გამო ადამიანებს სუნთქვა გაუჭირდებათ და რამდენიმე წუთში მოკვდებიან სპეციალური აღჭურვილობის გარეშე.

სამაგიეროდ, ეს სირთულეები არაფრად მოსატანია იმ ღირებულებასთან შედარებით, რასაც კაცობრიობის გადარჩენა ჰქვია, რადგან ადამიანთა ცივილიზაცია შეიძლება დაასრულოს გიგანტურმა მეტეორმა, სუპერვულკანმა, კლიმატის ცვლილებამ და მესამე მსოფლიო ომმა. ასე რომ, მხოლოდ მარსიანელები გადარჩებიან.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპსა და მასკს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბარი არაპროგნოზირებადი და ხასიათის ამბავია. საქმე გვაქვს ცოცხალ ადამიანებთან, თავიანთი ძლიერი ხასიათით და იმპულსურობით.

პეტრე მამრაძის შეფასებით, ილონ მასკი ცნობილია, როგორც საკმაოდ იმპულსური ადამიანი, ეს ჩანს კიდეც, როგორი მასშტაბის ადამიანია ბიზნესში. მასკი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში შემთხვევით როდია, მაგრამ როდესაც ინტერესები ემთხვევა, და დღეს აშკარაა ინტერესთა დამთხვევა, არავინ იცის, რა მოხდება.

ტრამპი გახდა თუ არა პრეზიდენტი, იმ დღესვე ილონ მასკის ქონება და მისი კომპანიების აქციები 25 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ხოლო რამდენიმე დღეში გამოშვებულ იქნა სპეციალური კრიპტოვალუტა ტრამპისთვის, რის შედეგადაც უკვე ტრამპის ქონება გაიზარდა 25 მილიარდი დოლარით. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯეი დი ვენსი გახდა ვიცე-პრეზიდენტი იმის გამო, რომ სილიკონის ველის ერთ-ერთმა მაგნატმა, მულტიმილიარდერმა და გამოჩენილმა ინტელექტუალმა პიტერ თილიმ, ილონ მასკთან დაახლოებულმა პირმა, ეს თვითონ შესთავაზა ტრამპს. ვენსი მისი ახლობელია და უთხრა ტრამპს, გადაგიხდი გირაოს თანხას, გამოგიყვან ციხიდან, დავაფინანსებ შენს საარჩევნო კამპანიას, ოღონდ ეს ადამიანი გამოგადგება, ვიცე-პრეზიდენტად დაიყენე, მე მას ვენდობი. ასე შედგა ეს გარიგება. ასე რომ, სილიკონ ველის მილიარდერების და მულტი მილიონერების ჯგუფი, 20-მდე ადამიანი, რომელთაც ოცეულის კომიტეტსაც უწოდებენ, ტრამპს გვერდში დაუდგა, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

მისივე განმარტებით, თუ ტრამპის პირველი ვადის დროს ინტელიგენციას შორის იყო ასეთი განწყობა, რომ ტრამპი მაინც ძველი დროის კუდის მოქნევაა და ერთხელ კიდევ მოიქნია კუდი ძველმა ტრადიციულმა, დრომოჭმულმა ამერიკამ, ახლა პირიქითაა. ახლა ტრამპის გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ჩვენ ამერიკა წინ უნდა წავიყვანოთ, რადგან ძალიან ბევრ რამეში ჩამოვრჩით, თუნდაც ჩინეთთან მიმართებით, ეს ყველაფერი გადასალახია. სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი შეერთებულ შტატებში. თუმცა სულ ახლახანს ჩინეთმა ტრილიონი დოლარიანი ზარალი მიაყენა ამერიკას თავისი ახალი პროგრამის მეშვეობით. ასე რომ, დიდი შეჯიბრია ამერიკასა და ჩინეთს შორის, აქ სერიოზული ინტერესებია, როგორც ფინანსური, ისე სახელმწიფო ინტერესები.