„კონსერვატორი ლიბერალისთვის არის მეტოქე - ტრამპს ვერ უტევენ, მაგრამ აგერაა პატარა საქართველო და შეიძლება ის გახდეს დარტყმის საგანი“

„კონსერვატორი ლიბერალისთვის არის მეტოქე - ტრამპს ვერ უტევენ, მაგრამ აგერაა პატარა საქართველო და შეიძლება ის გახდეს დარტყმის საგანი“

პოლიტიკაში მეორედ მოსვლა დაიწყო, შესაბამისად, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და პირველი რიგში, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და არა ის, თუ რას დაწერს რომელიმე ევროპარლამენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში ან რა განცხადებას გააკეთებს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაქირავებული ლობისტი, მაგალითად $ 1000-იანი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო იულსონი, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ შეშფოთებული დარჩა და ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩატარებულ გაყალბებულ არჩევნებს რეპრესიები მოჰყვა.

„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში და უარი თქვან რეგულარულ ურთიერთობაზე „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან. „ქართული ოცნების“ დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, როგორც ეს დადგენილია დამკვირვებლების მიერ მთელ მსოფლიოში“, - თქვა ჯო უილსონმა და მის ანგარიშშზე მორიგი $ 1000 ჩაირიცხა.

უილსონი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაში თანხას იღებს და ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკულ „ფარა“-ში, მაგრამ რა ინტერესებს ემსახურება პოლონელი დიპლომატის განცხადება, რომელიც ტყუილზეა აგებული, ჯერჯერობით უცნობია. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა და მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა - რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. ევროკავშირის საბჭოში პრეზიდენტები მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

პოლონელ დიპლომატს პასუხობს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, საქართველოს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა, რადგან არავითარი ანტიევროპული საქართველოში არ არსებობს. როგორც ვოლსკი აცხადებს, ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ. მისი თქმით, ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომებაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება რადოსლავ სიკორსკის განცხადებაც.

„ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა ამ ადამიანის მხრიდან. ის პირდაპირ დაკავშირებულია გარკვეულ პროცესებთან, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართ რაღაც ანტაგონისტური ალიანსის შექმნას. თვითონ, მისი მეუღლე, რომელიც დიდი ფონდის მართვის საბჭოს წევრია, კონკრეტულად NED-ის და ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანაზე არიან ორიენტირებული, რომ როგორმე საქართველოში ისეთი პრობლემები შეიქმნას, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.

არავითარი ანტიევროპული არ არსებობს საქართველოში. ყველა მაჩვენებლით წინ ვართ, მათ შორის პოლონეთთან მიმართებაში - გინდა კორუფციასთან ბრძოლის თემა იყოს, გინდაც სასამართლოს სამართლიანობა და გინდა მართვის გამჭვირვალობა. პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში. ეს არის მთავარი და არა განწყობები და აღქმები, რომელიც ახალგაზრდებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ამას ემსახურება სიკორსკის განცხადებაც, რადგან ერთი, რომ ფაქტები აბსოლუტურად სხვა არის და მეორე, საზოგადოება ხომ გრძნობს რა გეგმა და ამოცანა აქვს - ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ეს არის ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომება და ამ შემთხვევაში უკვე საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების პოლიგონად გადააქციეს. ეს არის რეალობა და ამას ემსახურება, სამწუხაროდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომშია ჩართული, რომელსაც არგუმენტები არ გააჩნია.

„ეს არის პროპაგანდისტული ომი. თუ მის განცხადების თითოეულ პუნქტს გავყვებით და ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ამ განცხადებების უკან მას არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. დავიწყოთ „საეჭვო არჩევნებით“ - რატომ არის ეს არჩევნები საეჭვო, რაიმე არგუმენტი, გარდა იმისა, რომ მის აგენტურულ ქსელში შემავალი რომელიღაცა „პოლიტიკოსისგან“ ანალოგიური განცხადება მოისმინა, რაიმე მტკიცებულება აქვს? ან რომელიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ გამოთქმული რაიმე არგუმენტი აქვს ხელში? ან მის ქვეყანაში ტარდება არჩევნები იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც საქართველოშია? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ თუ იქ იმარჯვებს ის ძალა, რომელიც მათთვის, „დიფ სთეითისთვის“ სასარგებლოა, იქ ყველაფერი კარგადაა.

ასევე, როცა სასამართლოზეა საუბარი: მოუხსნა ევროკავშირმა პოლონეთს სასამართლოსთან დაკავშირებით ის სანქციები და ჯარიმები, რაც დააკისრა? არის პოლონეთში მედიათავისუფლება იმ დონეზე, რა დონეზეც საქართველოშია? მისი ხელისუფლება რომ მოვიდა და საზოგადოებრივ პოლონეთის ტელევიზიას დაერია და გამოყარა რედაქციები და ჟურნალისტები, ეს ამბავი როგორ იკითხება? ამიტომ, დაანებონ თავი საქართველოს და ქართველი მოსახლეობის თვალში ევროპული ღირებულებების ნგრევას. პირიქით, ხელი შეუწყონ ამ ღირებულებების დამკვიდრებას და პრაქტიკაში გადატანას“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

პოლონელი დიპლომატის განცხადებაზე ამ დრომდე დუმილის პოზიციას ინარჩუნებს პოლონეთის საელჩო. თუმცა, ოპერატიულია, როდესაც საქმე ეხება რადიკალურ ოპოზიციას. ანალიტიკოსების განცხადებით დღეს დასავლეთის ქვეყნების დიპლომატები „დიფ სთეითის“ დღის წესრიგით მოქმედენენ და მათი მიზანია შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველო გახდეს ბრძოლის ველი.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ დაახლოებით ვიცით რას გავს უილსონი, რომლიც საქართველოს კრიტიკაში იღებს თანხებს, პოლონელ დიპლომატზე ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით რა არის მიზანი, მაგრამ ზოგადად, ფულით, უფულოდ ეს არის ლიბერალების შეტევა და ერთ-ერთი შეტევის წერტილი არის საქართველო, რომელსაც აღებული აქვს კონსერვატორებისკენ კურსი.

„კონსერვატორი ლიბერალისთვის არის მეტოქე და უტევს ამ მეტოქეს. მთლად ტრამპს ვერ უტევენ, ღონიერია და აგერ არის პატარა საქართველო, რომელიც ამავე დროს არის კონსერვატიული და შეიძლება გახდეს დარტყმის საგანი. თუკი საყვედურებს დააგროვებენ, შენ ხომ გეტყვიან და გეტყვიან, მერე დაიძახებენ, რომ კონსერვატორები ასეთ არადემოკრატიულ რეჟიმს უჭერენ მხარსო. მაგისთვის უნდათ ახლა შენი დემოკრატიულობის დევალვაცია, რომ მერე ადვილად თქვან, რომ კონსერვატორები ხომ ის ხალხია, ვინც დემოკრატიისაკენ შორს არის და დიქტატურისაკენ მიდიანო.

აი, ამის კონკრეტულ მაგალითად უნდიხარ შენ. უბრალოდ, შენს გამო არავინ შეეკამათება, იმიტომ რომ არავინ არ იცის რეალურად რა ხდება. ტრამპი დემოკრატია თუ დიქტატორი მეტ-ნაკლებად შეიძლება დაინახონ, თუმც მასაც აკრიტიკებენ გინდა თუ არა დიქტატორიაო. წარმოიდგინე, შენთან რამხელა არეალია თავისუფალი, მით უმეტეს არავინ არ შეეკემათება და გამწარებული დაგაბრალებენ, რომ ხარ დიქტატორი, ოღონდ ეს იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მერე განაზოგადონ და თქვან, რომ აი, ზოგადად, კონსრევატიული პოლიტიკა არის დიქტატურის გამეფების პოლიტიკა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა შეძლოს, თავი დაიხსნას ამ საგარეო ზეწოლისგან.

„რეცეპტი არც მე მაქვს, მაგრამ როცა გაძლიერდება ეს ხაზი -კონსერვატიმის სახით, რომელიც ტრამპის სახით ახალდაბადებულია და ფეხს იდგამს რამდენიმე ქვეყნაში, ცოტა უფრო ძლიერი რომ იქნება, მერე ჩვენც თუ შევუერთდებით ამ კონსერვატიულ ნაკადს, ეს იქნება ჩვენი გაძლიერება და თავდაცვის საშუალება. ხომ ხედავთ სრულიად თავისუფლად ტყუიან. კითხვას კი არ სვამენ, ისე ამბობენ, როგორც თვითონ აწყობთ. ტყუილის გამოჭერაში ან სასამართლო უნდა გქონდეს, რომელიც დაადგენს ტყუილია თუ მართალი, ან შენი მომხრეები უნდა გყავდეს, რომლებიც იტყვიან, რომ ტყუისო და შეუტევენ.

საერთაშორისო ურთიერთობებში შედეგიანი არის მხარდამჭერების ჯგუფი. უნდა ვიყოთ ერთ მხარეს. ზოგადად პოლიტიკას ეს წყვიტავს - ვის მხარესაც მეტი მხარდამჭერია, ის იმარჯვებს. ამიტომ, საგარეო მიმართულებით მოგვიწევს პოლიტიკის შეცვლა და ახალი პოლიტიკური პარტნიორების შეძენა, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის დიპლომატიური სამსახურების გააქტიურება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Aburjga Tasmanieli ეს ჯო უილსონები და ტერიე ჰელანდები არ გადავდებიან, არა! სისტემა უნდა დამთავრდეს! სისტემა რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ან 1000 ჯურის ვიგინდარას საქართელოს საწინააღმდეგო განცხადებები აკეთოს! შეცდა, გააკეთა განცხადება ... მორჩა , გათავდა, უნდა დაისაჯოს! ყველამ უნდა იცოდეს, მტრული საქციელი,თუნდაც განცხადება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს მხრისაგან ძალიან მკაცრად ისჯება!
8 საათის უკან
Gami პოლონეთი მალე "პრიბატიკებს' გაასწრებს პროსტიტუციაში... დასანანია რომ თავის ისტორიაც არ ახსოვს ამ ქვეყანას, საქართველოსთან კავშირებზე აღარაფერს ვამბობ.
6 საათის უკან