რუსეთის მთავრი დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში. სერგეი ლავროვის განცხადებით, თავიდანვე ყველა შეთანხმდა, რომ სწორედ „3+3“ ფორმატი არის და ესმის საქართველოს პოზიციის ეჭვები და ნიუანსები, თუმცა მისი თქმით, მსგავსი მიდგომის კონსტატაცია ბოლო შეხვედრაზე მოხდა, როდესაც ქართულ მხარეს დაუდასტურეს, რომ კარი ღიაა, სკამი დგას.
„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეყრდნობა. ხოლო „3+3“ რომ ყველა წევრის ინტერესებზე მუშაობს, ეჭვებს არ იწვევს. სხვათა შორის, ამან შური და არა ეჭვები გაუჩინა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას, რომელიც „3+3“ ფორმატის ნაცვლად „3+1“ ფორმატის წინ წაწევას ცდილობდა, ანუ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და ბაიდენის ხალხი, რომელიც მათ უხელმძღვანელებდა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ ექვსეულის: რუსეთი, ირანი, თურქეთი - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო პლატფორმა - „3+3 ფორმატი“ გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. პლატფორმის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. საქართველომ „3+3 ფორმატის“ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ვიცე-პრემიერის გია ვოლსკის განცხადებით, სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ „3+3 ფორმატში“ როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, საქართველოს ჩართულობა გამართლებული იყოს. მისივე თქმით, რუსეთის სხვადასხვა ხელმძღვანელობა მუდმივად აკეთებს განცხადებებს, რომ საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობას ადრე თუ გვიან მიიღებს.
„რაც ეს იდეა წარმოიშვა, რომ 3+3 არის ფორმატი, სადაც მონაწილეობს ერთ მხარეს, ირანი, თურქეთი, რუსეთი და კავკასიის სამი ქვეყანა - აზერბაიჯანი, სომხეთი და ეს ქმნის გარკვეულ ეკონომიკურ ურთიერთობების ახალ ფორმატს, იმის მერე ლაპარაკია, რომ საქართველო დღეს თუ ხვალ ჩაეწერება ამ ფორმატში, მაშინ, როდესაც შიგნით თავად ურთიერთობები არ აქვთ მოგვარებული. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა დღეს და პერსპექტივაში, ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს არ გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში.
არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს, ან ირანს შორის. მოკლედ არ არის ეს საკითხი იმ დონეზე წამოწეული, სადაც საქართველოს ექნება მონაწილეობის ინტერესი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას“, - აცხადებს გია ვოლსკი.
მისივე განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი, საგარეო კურსი, ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს.
„საქართველოს, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გააჩნია, რომელიც მსოფლიო პროცესებზე მოახდენს გავლენას, თუმცა სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ და დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„3+3 ფორმატში“ მონაწილეობას იღებს აზერბაიჯანი, რაც შეეხება სომხეთს, ჯერჯერობით, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკოლ ფაშინიანი. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, პოლიტოლოგი თამარ ჩიბურდანიძე ფიქრობს, რომ, ალბათ, ცოტა ხნით უნდა დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც მსოფლიოში მიდის, რადგან მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დგას.
„ეს არ არის ის მსოფლიო, რაც გვქონდა თუნდათ ორი თვის წინ და საქართველოს გზა ეხსნება დაიწყოს იმაზე ფიქრი თუ როგორ შეიძლება მოაგვაროს ეს კონფლიქტი იმ სამხელმწიფოსთან, რომელთანაც აქვს ყველზე დიდი საზღვარი. რაც შეეხება ამ ფორმატს, ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ ბევრ ბენეფიტს იძლევა ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკური ფორმატია, თუმცა, პოლიტიკა ეს არის ციფრებით გადმოცემული ეკონომიკა და ერთ ჭრილში განიხილება ყოველთვის.
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაძლიერდეს, უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ თანამედროვე მრავლპოლუსიან მსოფლიოში თვითონაც საგარეო პოლიტიკა გაშალოს სხვადასხვა სტრატეგიულ თანამშრომლობაში“, - აცხადებს ჩიბურდანიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ქვეყანამ მრავლპოლუსიან სამყაროსთან ყველა მიმართულებით ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს მშვიდობიანი წინსვლისთვის და რაც მთავარია კონფლიქტების დარეგულირებისთვის.
„დანარჩენი დეტალები ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი და ორი თვე მოგვცემს იმის შესაძლებლობას მოსახლეობამ უფრო მეტად დავინახოს კიდევ სად არის დღეს საქართველო, რამდენად სწორად ადგილას იმყოფება ქვეყანა და რამდენად სწორად ვითარდება მომავლისკენ. 3+3 ფორმატი არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა და ეს ფორმატი იქება თუ სხვა ფორმატი, კიდევ შეიძლება ახალი ფორმატი შეიქმნას საიდანაც საქართველო მიიღებს ბენეფიტებს ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ ჩიბურდანიძე.
„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, გაუგებარია, როდესაც დონალდ ტრამპს სურს მსოფლიო მრავალპოლარული და მრავლევქტორული რელსებზე დააყენოს, ააგოს თავისი რეგიონალური ურთიერთობა არა პოლიტიკაზე, არამედ ეკონომიკაზე დაყრდნობით, როგორ შეიძლება საქართველოს დღეს გახდეს ამ გლობალური მიდგომების და პროცესების მიღმა.
„ალბათ, ხელისუფლებას ჩემზე მეტი ინფორმაცია და არგუმენტი აქვს ამა თუ იმ განცხადების გაკეთების დროს. მე, მაქვს ჩემი ანალიტიკური ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია და თუკი ამიხსნიან, მივიღებ, გავიგებ და მადლობელი დავრჩები. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც დონალდ ტრამპი ეკონომისტი, ფინანასისტი, ბიზნესმენი, რომელსაც სურს მსოფლიო მრავალპოლარული და მრავლევქტორული რელსებზე დააყენოს და ააგოს თავისი რეგიონალური ურთიერთობა არა პოლიტიკაზე, არამედ ეკონომიკაზე დაყრდნობით, რომელიც თვლის ფულს, ეკონომიკურ სარგებელს, რომლემაც ზეპირად იცის, სად რა ენერგეტიკული, სატრანზიტო გზა გადის, როგორ შეიძლება საქართველო დღეს გახდეს ამ გლობალური მიდგომების და პროცესების მიღმა. მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ამ შუა დერეფნის პროეტქში ერთ-ერთი ჭანჭიკის თუ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია უნდა გვქონდეს. რატომ უნდა დავდიოდე მე ბაქოში იმის გასარკვევად, რაზე მოილაპარაკეს ჩემმა სტრატეგიულმა მეგობრებმა სომხეთმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ირანმა ჩვენს ზურგს უკან ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე?! რატომ არ შეიძლება ჩვენი ამ გეოპოლიტიკურ ფორმატში მონაწილეობა?!“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.