„მოგზაური ჩოჩორი“

„მოგზაური ჩოჩორი“

ეს სახალისო ისტორია წინა საუკუნის სამოციან წლებში კომპოზიტორ გურამ ბზვანელს გახდა. ბატონი გურამი მაშინ ვერაზე ცხოვრობდა.

ერთ დღეს მისმა მეზობელმა, მხატვარმა გია სურგულაძემ კახეთიდან ჩოჩორი ჩამოიყვანა. რამდენიმე დღეში ნათესავთან იმერეთში აპირებდა გამგზავრებას და ცხოველი მისთვის საჩუქრად უნდა ჩაეყვანა. მეოთხე სართულის აივანზე დაბინავებულმა უწყინარმა პირუტყვმა თავისი გაუთავებელი ყროყინით მთელი სახლი შეაწუხა. მეზობლებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მცხოვრები ეზოიანი ახლობელი მონახეს და ერთი კვირით ვირის მიღება-დაბინავება სთხოვეს. ისიც დათანხმდა და აუცილებელი გახდა ჩოჩორის ახალ მისამართზე ტრანსპორტირების პრობლემის გადაწყვეტა.

ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თავად ბატონი გურამი მოგვითხრობს.

„პაბედა” კი გვყავდა, მაგრამ ყველანი ვირთან ერთად ვერ ჩავეტეოდით და საჭირო გახდა ტაქსის შოვნა. სამწუხაროდ მძღოლების უმრავლესობამ როგორც გიჟებს ისე შემოგვხედა და პირუტყვის წაყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბოლოს ერთი ღვთისნიერი ტაქსისტი გამოჩნდა.

- რაო, ჩოჩორიო? – ახარხარდა და რა ახარხარდა.

- ჩოჩო, ხახა!!! გამოიყვანე, ერთი, ოთხი წელია კახეთიდან წამოვედი, რამდენი ხანია, ვირი არ მინახავს.

- თანახმა ხართ, ბატონო?

- ოღონდ ერთი პირობით, - მოითქვა სული.

იმ პერიოდში თბილისელ ავტობუსისა და ტაქსის მძღოლებს ავალდებულებდნენ, რომ “გალსტუკები” ეტარებინათ. ჩემი თაობის ხალხს ახსოვთ შავი “გალსტუკი”, რეზინა ეკეთა და უკან იკვრებოდა.

- ხო -მოიფიქრა ვირმონატრებულმა - “გალსტუკი” უნდა შავაბათ ვირსა, ვირიც კარგი იქნება და წესიც აღარ დაირღვევა. ხოდა, ქალაქს წრე უნდა დავარტყათ, თითქოს ქორწილია, მოდის?

- მოდის, მოდის!

- თქვენი ფული არ მინდა, - მძიმე ხელისგული გლიჯა საჭეს, „გალსტუკს” შავაბამთ და „კრუგზე” წავალთ!

ავიტაცეთ ჩოჩორი ხელში, ერთი კი დაიბოყინა და მოგვყვა ნებაზე, ჩავსვით ტაქსში უკანა „სიდენიაზე”.

- კაცო, ფანჯარა გააღეთ, ეგრე არ მოვლაპარაკებულვართ, - აწრიალდა მძღოლი, ვირს ჰალტუხი შეაბა კისერზე და ახარხარდა.

ვირს მეტი ჭკუა კი არ აქვს, ფანჯარაში არ გაყო თავი? დავიძარით. ვირის შვილი სახით ტროტუარის მხარეზეა. გავედით პლეხანოვზე, დიდი და პატარა ჩვენ გვიყურებს, რა არ უნახავს მრავალჭირნახულ თბილისს, მაგრამ „ინტელიგენტი” ჩოჩორი - არასოდეს.

ჯერ ერთი მანქანა ამოგვიდგა უკან, მერე მეორემ მიბაძა, მესამეც ჩადგა რიგში, მეოთხეც და 18-20 მანქანა მოგვყვება სიგნალების წრიპინით.

გავიარეთ ყოფილი ბელადის მოედანი ესკორტით. ჩვენი მძღოლი კვდება სიცილით, ცრემლები სცვივა, - ვაა, ვირი რო მყავდეს, ამას რძლად წავიყვან, ჯოო!

როგორც იქნა მივაღწიეთ ბორჯომის ქუჩაზე, ვირს “საყელური” შევხსენით და მძღოლს დავუბრუნეთ.

- ვაა, ამ ჯორის ნახმარ „გალსტუკს” სუვენირად შავინახამ! – დაგვემშვიდობა და წავიდა.

ორი კვირის შემდეგ ჩვენი კეკლუცი „პობედით” ჩავაბრძანეთ სოფელში, ოღონდ ჰალსტუხი აღარ გაგვიკეთებია, შავი სათვალე მოვარგეთ და ამერიკელი ტურისტივით ჩავაბრძანეთ იმერელ მასპინძელთან”.