ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი ომი გრძელდება და ვოლოდიმირ ზელენსკის უთანხმოება ახალ ადმინისტრაციასთან კიდევ უფრო მწვავდება. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ზელენსკიზე შეტევა გაძლიერდა.
აშშ-ის ლიდერმა ზელენსკი ისევ კორუფციაში დაადანაშაულა და აინტერესებს სად წავიდა ამერიკის მიერ უკრაინისთვის მიცემული ფული. ტრამპმა განაცხადა, რომ 3 თებერვალს ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმება ზელენსკიმ ჩაშალა - ამერიკიდან ჩასულ ჩინოვნიკს განუცხადეს, რომ პრეზიდენტს ეძინა და შეთანხმებას ხელს ვერ მოაწერდა. ტრამპი კვლავ იმეორებს, რომ თუ ზელენსკიმ დროზე არ იმოქმედა, ის შესაძლოა, ქვეყნის გარეშე დარჩეს. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ხელში „კოზირები“ უკავია.
დასავლურ მედიაში უკვე გაჩნდა სტატიები სათაურით, რომ ზელენსკის მოშორება ტრამპის ადმინისტრაციას სასწრაფოდ სურს. ასევე „ფოქნსიუსთან“ მიცემულ ინტევიუში თეთრი სახლიდან წყარო გამოცემას უყვება, რომ ტრამპს ზელენსკი ისედაც არ მოსწონდა და ახლა, ბუნებრივი რესურსების მოპოვების ხელშეკრულების ჩაშლამ უთანხმოება კიდევ უფრო გააღრმავა.
მედიის მიერ გამოქვეყნებული ვერსია თუ რატომ აღმოჩნდა ზელენსკი ტრამპის სამიზნე, აშშ-ს პრეზიდენტმა დაადასტურა.
„აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი კიევში იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად 3 თებერვალს ჩავიდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას განუცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სძინავს და ის ხელს ვერ მოაწერდა დოკუმენტს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დასძინა: - „ბესენტი იქ მრავალი საათის განმავლობაში მატარებლით მიდიოდა. ეს საკმაოდ სახიფათო მგზავრობა იყო. ჩვენ ხაზინის მდივანზე ვსაუბრობთ. ის იქ დოკუმენტზე ხელმოსაწერად ჩავიდა, მაგრამ უკან ცარიელი ჩამოვიდა. მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის დაფინანსების თემასაც შეეხო და თქვა, რომ რასაც ევროპა ოფიციალურ კიევს აძლევს, არის სესხი, რომელიც უბრუნდება, ხოლო ამერიკის დახმარება უკრაინისთვის არ არის აღრიცხული. „მინდა გავიგო, თუ სად წავიდა ფული, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუგზავნით. სად არის?“, - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.
ტრამპის პოზიციას მისი ადმინისტრაცია სრულად იზიარებს.
„სრულიად ცხადია, რომ ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა მისივე რეიტინგის შესახებ სანდო ვერ იქნება“, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა.
„უკრაინელ ხალხს ზელენსკი მართლაც რომ ყვარებოდა, ის არჩევნებს გამართავდა. მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას, ამიტომ მან არჩევნები გააუქმა. სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. მე ზელენსკის ვიწვევ, რომ ჩაატაროს არჩევნები და ეს უარყოს. მაგრამ ის ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა მას ყურადღებას არ აქცევს და მშვიდობას ეძებს“, - აღნიშნა ილონ მასკმა.
ის ასევე გამოდის ინიციატივით, რომ მისმა დეპარტამენტმა შეისწავლოს და დაიწყოს გამოძიება, სად წაიღეს უკრაინელებმა ამერიკელების მიერ მიცემული ფული, რომელზეც ზელენსკის ამ დრომდე პასუხი არ აქვს.
ევროპელი ლიდერები კი ტრამპის განცხადებებს არ ეთანხმებიან. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ომის დროს არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმას გონივრული გადაწყვეტილება უწოდა. როგორც ოფიციალურად არის ცნობილი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაური შემდეგ კვირაში ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება. ვაშინგტონში ვიზიტი დააანონსა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. როგორც მედია წერს, მაკრონი და სტარმერი დონალდ ტრამპს გააცნობენ გეგმას, თუ როგორ აპირებს ევროპა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე ზელენსკიმ სატელეფონო საუბრები სტარმერთან და მაკრონთან გამართა.
უკრაინის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განიხილეს უახლოესი ერთობლივი გეგმები და შესაძლებლობები. ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბრიტანეთის მონაწილეობა ევროპის დაცვისკენ მიმართულ ყველა ინიციატივაში.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ტრამპის და ზელენსკის დაპირისპირების განვითარების სცენარებს განიხილავს და ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს უნდა თუ არა, თამაშიდან გასვლა მოუწევს. ქადაგიძე ამბობს, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, ევროკავშირს დაუყენებს საკითხს არჩევანი გააკეთოს საკუთარ უსაფრთხოებას, ევროპის მომავალსა და ზელენსკის შორის.
„ზელენსკი არ არის ის ფიგურა, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს თამაშს და გადაწყვეტილებებს მიიღებს. აქედან გამომდინარე, მთელი ეს დაპირისპირება და ზელენსკის პოზიციონირება ბრიუსელთან ერთად უნდა იქნას განხილული. რაც შეეხება არჩევნებს, პუტინსაც აქვს ეს პოზიცია, რომ ზელენსკი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მას არჩევნები არ აქვს ჩატარებული. როგორც ჩანს, კრემლის პოლიტიკოსების მხრიდან ეს საკითხი ტრამპის წინაშე დაისვა. გამომდინარე აქედან, რომ მოლაპარაკებებში დაძვრის წერტილი მოინახოს, ვფიქრობ, ერთ-ერთ ფაქტორად შესაძლოა განვიხილოთ.
კულუარულად ასევე მიდის საუბარი, რომ ტრამპს ცეცხლის შეწყყვეტის სამკომპონენტიანი გეგმა აქვს. პირველი ცეცხლი შეწყდება მთელ უკრაინაში და კონფლიქტი გაჩერდება. ხოლო მეორე, არჩევნები ჩატარდება და უკვე შემდეგ დაიწყება კონკრეტულად სამშვიდობო მოლაპარაკებაზე საუბარი. აქედან გამომდინარე, არჩევნებს ეძლევა გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა ეს არის ზოგადი ფორმურილება და რეალურად ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ამ პანდორას ყუთს თავი მოხსნა და კაციშვილი არ ჩანს, ვინც მას თავს დაახურავს. იმდენი ნაგავი ამოდის ზედაპირზე, რომ კიდევ ბევრი რამ გახდება ცნობილი“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ზელენსკის ეს რიტორიკა, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ გაბედა, დაკავშირებულია „დიფ სთეითთან“ და მის გავლენებთან. ქადაგიძე ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ამდენს სწორედ მათი მხარდაჭერით ბედავს.
„ამ ყველანაირ პრობლემას ტრამპმა ცეცხლი ღიად გაუხსნა. ხოლო ტრამპის პოზიციონირება, რომელიც მიუნხენში ვიცე პრეზიდენტ ვენსის სახით ვიხილეთ, სადაც იყო მკაფიო პოლიტიკის დაფიქსირება ევროპისთვის. ტრამპმა ევროპას ამით უთხრა, ან ხართ ჩემს გვერდით, ან არადა თქვენ თვითონ მიხედეთ ჩემს პრობლემებს. აშშ-ს მთავარი პრობლემა ახლა უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაა, ხოლო საქმეს ინდივიდუალურად მოვაგვარებ თქვენი და უკრაინის გარეშეო. აქედან გამომდინარე, ბრიუსელს არათუ დღეები და კვირები, არამედ საათები დარჩა, რათა დღის წესრიგში საკუთარი პოლიტიკა დააბრუნოს. თუ ამას ვერ შეძლებენ, საერთო ინტერესები მაინც აშშ-სთან გამონახონ. ის პარიზის სამიტი, რომელიც მაკრონის მიერ ნაუცბათევად იქნა შეკრებელი, მართლა სასაცილო იყო - ვითომ რაღაც ძალის დემონსტრირება. ახლა კი გამოვიდნენ და ამბობენ, რომ ტრამპს უნდა შევხვდეთო. ტრამპმა კი - მე ვაგვარებ სიტუაციას ფორსირებულ რეჟიმში, გადაწყვეტილი მაქვს შევხვდე პუტინსო. ახლა ან მიჰყვება ევროპა მას, ან დარჩებიან ამ ლიბერალურ ჭაობში. თუარადა ბრიუსელს მოუწევს იმ რეალობის მიღება, რა რეალობითაც ტრამპი-პუტინის შეხვედრა დასრულდება. ეს კი ევროპისთვის კატასტროფა იქნება“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, თუკი მაკრონის და სტარმერის აშშ-ში ვიზიტი რამე შედეგით დასრულდება, ეს იქნება, მინიმუმ, ზელენსკის გაწირვის შეთანხმება.
„ტრამპს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ ზელენსკიმ ამერიკიდან კოლოსარული თანხები წაიღო. პირდაპირ ამბობს ტრამპი, რომ ზელესკიმ ომი ამერიკული ფულით აწარმოა, რომელიც უკან არ ბრუნდება. ხოლო ევროპელებმა, რომლებმაც უფრო ნაკლები რესურსი დახარჯეს, ეს ფულიც კი ზელენსკის სესხად მისცეს. ტრამპი სიტუაციას როგორც ბიზნესმენი ისე უყურებს და მიაჩნია, რომ რეალურად ეს ომი ამერიკას დაუჯდა ძვირი, რომელიც თავიდანვე წაგებისთვის იყო განწირული. ამიტომ მოცემულობა ძალიან ნათელია, თუკი ბრიუსელი ზელენსკის არ გაწირავს, მაშინ ტრამპი გაწირავს ევროპას. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მგონია ნათელი სურათი უფრო ტრამპის და ევროპელი ლიდერების შეხევდრის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდება“, - ამბობს ქადგიძე.