ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტაბუირებული თემის გახსნამ ახალი რეალობა შექმნა. მოსაზრება, რომელიც საქართველოში ოპოზიციამ რუსეთუმეობად მონათლა, ახლა უკვე თეთრი სახლის ლიდერის პოზიციაა. უკრაინაში ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ამბობს ტრამპი და ეს გზავნილი ადასტურებს, რომ საქართველომ შეძლო ის, რაც უკრაინაში არ გამოვიდა. ამ განცხადებებმა საქართველოში ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების სრული ისტერიკა გამოიწვია ტრამპი „რუსეთუმეს“ ეპითეტებით შეამკეს.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამ ისტერიკას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ე.წ. პრომედასავლეთე რადიკალები ანტიქართული რიტორიკიდან ანტიამერიკულ რიტორიკაზე გადაეწყვნენ.
მმართველი გუნდის განცხადებით, ტრამპის ამ ღია პოზიციონირებამ აჩვენა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რეალურად პროამერიკელები „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ყოფილან. მათი თქმით, ყველა დანარჩენი აგენტურის წარმომადგენელი პირდაპირ ლანძღავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, იმიტომ რომ მან სიმართლე თქვა, ის სიმართლე, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი 3 წლის განმავლობაში არნახულ წნეხში ამყოფეს.
ოპოზიცია გზავნილებს უკვე საკუთარი ინტერესების მიხედვით ცვლის და ქართული სოციალური ქსელები „მედასავლეთე“ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების კრიტიკამ მოიცვა.
„მეგობრებო, ტრამპი ცუდი სიზმარია“, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი.
„შენი პუტინის ჩმორი და უსამართლო დედა...“, - წერს ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი.
„პუტინი ომით ვერ ამარცხებს ზელენსკის, მაგრამ იცის, რომ შეუძლია არჩევნებით მოუწყოს სპეცოპერაცია, როგორიც ჩვენთან მოაწყო და სხვაგანაც არაერთი მოუწყვია. ალბათ, ამაზე შეთანხმდა ტრამპთან და ესეც ამიტომ იმეორებს მოთხოვნას არჩევნებზე. ზელენსკი - იმის გარდა, რომ ძლიერი მოწინააღმდეგეა - ასევე სიმბოლოა, პუტინისთვის კი მნიშვნელოვანია სიმბოლოს დამხობა. გვახსოვს ლავროვის 2008 წლის მუქარაც, რომელიც სახელმწიფო მდივან რაისთან საუბრისას გამოთქვა სააკაშვილის მოშორების შესახებ. ტრამპის „სიბრაზე“ ზელენსკის მიმართ, ალბათ, პუტინთან შეთანხმების ნაწილია. ალბათ კი არა, დარწმუნებული ვარ“, - წერს მწერალი ლაშა ბუღაძე.
„მინიმუმ, არ უნდა ყოფილიყო. კონსპირაციები იმის თაობაზე, რომ ტრამპი კაგებეს აგენტია, რუსებს ნაყიდი ყავთ, კომპრომიტირებულია, საინტერესოა და გამორიცხულიც არაფერია, მაგრამ არაფერს გვაძლევს. დასაშვებია ისიც, რომ ტრამპი ცალმხრივ დიალოგშია მხოლოდ რუსებთან. სავარაუდოდ, იყო გაპრეზიდენტებამდეც. ამიტომ ფლობს ინფორმაციის მხოლოდ მოსკოვურ ვერსიას. სხვანაირად აუხსნელია ზელენსკის მიმართ ასეთი აგრესიული, გაუმართლებელი, დაუმსახურებელი და სუბიექტური ზიზღი“,-წერს ნინო კალანდაძე, სააკაშვილის დროს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.
„მათ უკვე დაიწყეს დონალდ ტრამპის ლანძღვა. თქვეს, თუ როგორ ანტიამერიკულ პოლიტიკას აწარმოებს აშშ-ის პრეზიდენტი. ქართველი რადიკალები იმდენად არიან ჩაფლულები „დიფ სთეითის“ ამ ჭაობში და იმდენად ვერ პატიობენ ამერიკელ ხალხს იმას, რომ მათ პრეზიდენტად სწორედ დონალდ ტრამპი აირჩიეს, რომ ისინი მზად არიან, ბოლო სიტყვებით ლანძღონ აშშ-ის ხელისუფლება. მათი ანტიქართული ქცევა ისე მალე გადაიზრდება ანტიამერიკულში, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება საკუთარი თვალით ნახავს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მედია პოლიტკის ექსპერტი გიორგი ახლედიანი ფიქრობს, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ასეთი აღშფოთება მოსალოდნელი იყო, რადგან მათი დღის წესრიგი სრულიად სხვაა და არ სურთ იმის აღიარება, რომ მათმა პოლიტიკამ, მსოფლიოს მასშტაბით, კრახი განიცადა. ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას აგიჟებს ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ წარმოებული ის პოლიტიკა, რაზეც ახლა ტრამპი საუბრობს.
„ვინც ამ რადიკალურ ისტერიკაში, ფსევდოლიბერალურ ფაშიზმში არ მიჰყვება, ჩვენი ოპოზიციისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის ყველა მიუღებელია. ვინც მათი თანამოაზრე არ არის, მათი მტერია. ამ ხალხს განსხვავებული აზრის აღქმა და მიღება არ შეუძლია, არადა ქვეყანას სამი წლის წინ ომში მიათრევდნენ და იმასაც კი უშვებდნენ, რომ თბილისში რუსული ბომბები ჩამოცვენილიყო. ახლა კი მთელმა მსოფლიომ ტრამპის პირით გაიგო, რომ ეს ომი არის არნახული სიგიჟე და მისი თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. ამის საუკეთესო მაგალითი საქართველოა. გარდა ამისა, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეს ჩვენი რადიკალები და აგენტები ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩდნენ. მათ დაფინანსების თვალსაზრისით უზარმაზარი პრობლემები შეექმნათ. „იუესაიდი“, „ნედი“, ენდიაი“ და „აირაი“ წავიდნენ საქართველოდან, ამიტომ მათ ცალკე კიდევ მიზეზი აქვთ იმის, რომ ტრამპი არ მოსწონდეთ. ყველამ კარგად იცის, როგორ ფინანსდებოდა ეს ხალხი და 5000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციიდან მხოლოდ 20 არასამთავრობო ფინანსდებოდა. ეს ქერის ორმო ტრამპმა ამოქოლა და, რა თქმა უნდა, ტრამპი ბრალდებულია“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ტრამპის ეს ქმედებები უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით უკვე დაძრულია, ამ რადიკალებმა საკუთარი მარცხი უნდა აღიარონ, რადგან ეს პოლიტიკური თამაში წააგეს.
„უცბად აღმოჩნდა, რომ მათი პროდასავლურობა, პროამერიკულობა არ არსებობს და ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია. გაიძახოდნენ ზელენსკი გმირია, გვახსოვს, რუსთაველის გამზირზე ხალხს როგორ დაარბენინებდნენ უკრაინის დროშებით, ქართველებს ამუნათებდნენ, რატომ არ ერთვებით ომშიო, მაგრამ ერთ დღეს ტრამპმა ქართველ რადიაკლებს ეს ყველაფერი თავზე ჩამოაქცია. ჯერ იყუჩეს, თავიდან ეგონათ რაღაცა შეიცვლება და იქნებ ისე არაა, როგორც საუბრობს ტრამპიო. ბევრი იხტიბარსაც არ იტეხდა, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ტრამპი აღარ ხუმრობს, ეს ბოღმა ვეღარ შეიკავეს და გასკდნენ, რაც საბოლოოდ, საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი გახდება“, - ამბობს ახვდელიანი.
მისივე თქმით, როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება, ამ რადიკალების და მათი პატრონების მიზნებიც - საქართველოში გადატრიალების მოწყობა - წარსულს ჩაბარდება. ამ ეტაპზე ისინი ფულს ევროპიდან იღებენ, თუმცა ევროპასაც ძალიან მძიმე დღეები დაუდგა და საკითხავია კიდევ სადამდე შეძლებენ ამ მავნებლობას.