აშშ-ის ელჩად რუსეთში შესაძლოა, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი რიჩარდ ნორლანდი დაინიშნოს. სწორედ ნორლანდის ელჩობას (2012-2015 წლები) დაემთხვა საქართველოში ძირეული ცვლილებები და სააკაშვილის რეჟიმის ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ მმართველობით.
ყველას ახსოვს ისტორიული კადრები, როცა ბათუმში აშშ-ის სამხედრო ხომალდ „ბალკლიზე“ გამართული მიღების დროს ბიძინა ივანიშვილის გვერდით მდგარი რიჩარდ ნორლანდი დამცინავი გამომეტყველებით შეჰყურებდა სიტყვით გამოსულ მიხეილ სააკაშვილს.
თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი მაღალ შეფასებას აძლევდა ამერიკელ დიპლომატს და რიჩარდ ნორლანდის დახასიათებისას ელჩის პატიოსნებას უსვამდა ხაზს. ივანიშვილი ამბობდა, „მახსოვს, იოგის მასწავლებელი შევთავაზე რიჩარდ ნორლანდს და გამაფრთხილა, ეს კორუფციას ჰგავსო. ასეთი კაცი გახლავთ ბატონი ნორლანდი“.
აშშ-ის რიგით მეშვიდე ელჩს რიჩარდ ნორლანდს ყველაზე ცხელ დროს მოუწია საქართველოში ჩამოსვლა, როცა ქვეყანა 1-ლი ოქტომბრის გარდამტეხი არჩევნებისთვის ემზადებოდა, რასაც უნდა გადაეწყვიტა, ან ბიძინა ივანიშვილის აქტიური შემოსვლა, ან სააკაშვილის დარჩენა ქართულ პოლიტიკაში. აშშ-ის მაშინდელი ელჩი თამამად ამბობდა სათქმელს, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ ნაცებისგან მოსწორებული სათამაშო მოედანი იყო და ოპოზიციონერ კანდიდატებს ავიწროებდა სააკაშვილის რეჟიმი.
დღესაც ამერიკას რუსეთში ძლიერი ელჩი სჭირდება, დიპლომატის ოჯახში დაბადებული რიჩარდ ნორლანდი სტაჟის მიხედვით საუკეთესოა, მას 40-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. 80-იან წლებშიც უმუშავია საბჭოთა კავშირში, ბაჰრეინსა და ნორვეგიაში. 1993 წელს ნორლანდი ეუთოს მისიის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მსახურობდა საქართველოში. 2000-იან წლებში იყო მისიის უფროსის მოადგილე ავღანეთში და ელჩი უზბეკეთში. ნორლანდი ამჟამად ლიბიაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია.
რიჩარდ ნორლანდის სახით რას უმზადებენ ამერიკელები პუტინს? რუსეთის ლიდერის ცვლილების დრო ხომ არ დგება, როგორც ეს საქართველოში მოხდა?
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკელები არავითარ შემთხვევაში არ უპირებენ პუტინს შეცვლას. პეტრე მამრაძე ადასტურებს, რომ ბატონ ნორლანდს 1993 წლიდან იცნობს, როცა იგი ეუთოს მისიით ჩამოვიდა საქართველოში, როგორც სრულიად ახალგაზრდა კაცი და მუშაობდა ამ მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. შემდეგ უკვე ჩამოვიდა ელჩად საქართველოში და თავისი მანდატის ფარგლებში ყველაფერს აკეთებდა, რომ 2012 წლის არჩევნები ყოფილიყო სამართლიანი.
პეტრე მამრაძე იხსენებს ზუგდიდის ცნობილ კადრებს, როცა ნორლანდი ირაკლი ალასანიას გვერდით დგას და აკვირდება, რომ არჩევნებში არავითარი დარღვევა არ მოხდეს.
„რიჩარდ ნორლანდი არის ადამიანი, რომელიც ყველგან პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. ტრამპის და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ისინი სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას გამორიცხავენ. ერთადერთი „ჩარევა“ ის არის, რომ ისინი მზად არიან, ხელი შეუწყონ უკვე არსებული კონფლიქტების მოგვარებას და არ ჩაებან დესტაბილიზაციაში, რევოლუციის მოწყობაში. ტრამპმა ეს არაერთხელ განაცხადა და ეს გასაგებიცაა, რადგან ამერიკის კონტრპროდუქტიული მოქმედების შედეგად, უკვე ძალიან დიდი ტვირთი დაგროვდა მსოფლიოში. ყველას ახსოვს ავღანეთიდან ამერიკის სამარცხვინო, იძულებული გასვლა, რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდათ. ასე რომ, ნორლანდი შეასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარკო რუბიოს და პრეზიდენტ ტრამპის დავალებებს, არავითარ აქტიურობას არ გამოიჩენს იმაში, რომ რუსეთში რაიმე შეიცვალოს იქ არსებული ხელისუფლების, ძალაუფლების თუ პოლიტიკური მოწყობის მხრივ. დასრულდა ბუშის კონცეფცია, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები ვალდებულია, მთელ მსოფლიოში დანერგოს დემოკრატია და თავისუფლება, როგორც თვითონ ესმის ეს ამერიკას, უფრო მეტიც, ამ მხრივ ამერიკას შეუძლია ნებისმიერი ხერხის გამოყენება, მათ შორის, დაძალებაც და სამხედრო ძალაც. წარსულს ჩაბარდა ეს მიდგომა ჯერ კიდევ წლების წინ. უკვე ობამაც უარს ამბობდა ამაზე, ბაიდენმაც რომ სამარცხვინოდ გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან, სწორედ სხვათა საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკის გაგრძელება იყო. ბაიდენმა იმ პერიოდში თქვა კიდეც, ჩვენ აღარ შეგვიძლია ბრძოლა სხვა ადამიანების, სხვა ერების მაგივრად, თუ მათ ეს ბრძოლა არ უნდათ“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე განმარტავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგში არ არის რუსეთში ხელისუფლების შეცვლა. ტრამპმა არაერთხელ საჯაროდ თქვა, რომ ეს არ არის მისი პრიორიტეტი. ამერიკული ჩარევა ფინანსური, სამხედრო, სპეცსამსახურული თვალსაზრისით, ტრამპის დროს არსად არ მოხდება. უბრალოდ, რიჩარდ ნორლანდის ელჩად გაშვება ეს არის პრაგმატული და სწორად შემფასებელი დიპლომატის შესაძლო დანიშვნა რუსეთში.
„ჩვენ გვახსოვს, იქ იყო მაიკლ მაკფოლი, რომელიც „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ წარმომადგენლად განიხილება. მისი დღის წესრიგი ე.წ. ქორის პოლიტიკაა, ანუ ხისტი პოლიტიკა. შესაბამისად, ახლა, როცა მშვიდობის დამყარება, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს, საჭიროა რიჩარდ ნორლანდისნაირი გამოცდილი, პროფესიონალი და სწორად შემფასებელი დიპლომატის განხილვა რუსეთში ელჩობის კანდიდატად. რაც შეეხება სამარცხვინო ნარატივს, რომ თუ ნორლანდმა ხელი შეუწყო საქართველოში ე.წ. პრორუსულ ხელისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ისევ ე.წ. პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს რუსეთშიც, როგორც ამერიკელი დიპლომატი, ეს არის იმ ადამიანების არაპროფესიონალიზმი, ვინც ამას ფიქრობს“, - აღნიშნა გია აბაშიძემ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ნაკლებად მოელის, ტრამპი პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას გეგმავდეს და ამაში რიჩარდ ნორლანდი სჭირდებოდეს. რუსეთში ასე იოლი არ არის ხელისუფლების შეცვლა. რუსეთში ნორლანდის წარგზავნა უფრო იმით უნდა აიხსნას, რომ რიჩარდ ნორლანდი კარგად იცნობს საბჭოურ სივრცეს და რუსეთის ვითარებაშიც შეუძლია კარგად გაერკვას.
„რიჩარდ ნორლანდის საქართველოში მოღვაწეობას გადაჭარბებულად აღმატებით ხარისხში ვერ შევაფასებ, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც შემდგომ პერიოდში ვნახეთ საქართველოში წარმოგზავნილი ელჩების სახით, რიჩარდ ნორლანდი უკეთესად გამოიყურებოდა. კელი დეგნანი საერთოდ ანტიელჩი იყო, დეგნანი ემსახურებოდა ამერიკასა და საქართველოს შორის კონფრონტაციის გაღვივებას. რაც შეეხება ელჩ დანიგანს, გინდ ყოფილა, გინდ არა. ვერ ვგრძნობ, რომ დანიგანს რაიმე გავლენა აქვს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში დანიგანი არ ჩანს, ანუ ფაქტორი აღარ არის“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბარში.