„მასობრივს არა, მაგრამ შესაძლოა, გარკვეული ტიპის დაკავებები ვიხილოთ, იმ ფიგურების მიმართ, რომლებიც გამოირჩეოდნენ „ნაცმოძრაობის“ პერიოდში“

„მასობრივს არა, მაგრამ შესაძლოა, გარკვეული ტიპის დაკავებები ვიხილოთ, იმ ფიგურების მიმართ, რომლებიც გამოირჩეოდნენ „ნაცმოძრაობის“ პერიოდში“

პარლამენტში ქართული ოცნებისინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ნაციონალური მოძრაობისხელისუფლების თანამდებობის პირები დაიბარა, თუმცა, როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ამის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვინც ენმ- სამართლებრივი შეფასების საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე არ მივა, კანონის წინაშე აგებს პასუხს. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომისიის შექმნა უფრო პოლიტიკური შინაარსისაა, ვიდრე სამართლებრივი.

ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან კომენტირებისას განაცხადა, რომ იურიდიულად, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ამა თუ იმ საქმის ხანდაზმულობის ვადას. მისი შეფასებით, ენმ- საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლოა, ემსახურებოდეს მიმდინარე პროცესებიდან, რისი ავტორიც ოპოზიციაა, ყურადღების სხვა თემაზე გადატანას.

სამართლებრივადაც ეს საკითხი, გარკვეულწილად, პრობლემურია იმ კუთხით, რომ გარკვეულ დანაშაულებს შესაძლოა, ხანდაზმულობის ვადა ჰქონდე გასული. რომ გადავითვალოთ 2004 წლიდან დღემდე ის სავარაუდო დანაშაულები, რაც იქნა ჩადენილი, ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია. ამ კომისიის დანიშნულება უფრო არის პოლიტიკური, ვიდრე სამართლებივი, რომ პოლიტიკური შეფასება მიეცეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობას - ასე რომ, უფრო პოლიტიკურ კომპონენტზე გაკეთდება, ალბათ, აქცენტი, რომ ეს ხელისუფლება თავისი არსით იყო დანაშაულებრივი, მაგრამ ვერ გავექცევით იურიდიულ აქცენტებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის ჩვენება იქნება შესაგროვებელი, ბევრი მტკიცებულება მოსაპოვებელი, რომ პოლიტიკურ შეფასებას საფუძლვად ედოს მყარი სამართლებრივი ბაზა. ეს არის ხელისუფლების ერთგვარი პოლიტიკური სვლა, რომ რაღაცნაირად საზოგადოებაში შემოიტანოს ახალი თემა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას გადაიტანს იმ პროცესებისგან, რის ინიცირებასაც ცდილობს ოპოზიცია, - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

როგორც ცნობილია, მმართველმა პარტიამ სისიხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა გადაწყვიტა. წინასწარი ვერსიით, ეს მუხლი, რომელიც 2007 წელს გაუქმდა, იგივე ფორმულირებებით აღდგება, თუმცაოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში გამართული მსჯელობის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

ანჯაფარიძე მიესალმება სამშობლოს ღალატის მუხლის ხელახლა შემოღებას, თუმცა ამბობს, რომ როდესაც კანონის საბოლოო ვერსია ხელთ გვექნება, შეგვეძლება უფრო ღრმად შევაფასოთ სამშობლოს ღალატის მუხლი და მისი არსი, შემდეგ კი მისი ხელახლა ამოქმედება.

ამ მუხლის შემოტანა, პრინციპში, საჭიროა - დღეს, როდესაც ასეთ ტურბულენტურ გარემოში ვცხოვრობთ, ვხედავთ, რომ არის ჩვენი საზოგადოების გარკვეული სეგმენტი, რომელიც ემსახურება გარე ინტერესებს. რამდენად ჯდება ეს გარე ინტერესების დაკმაყოფილება, მომსახურება ან შესრულება სამშობლოს ღალატის კრიტერიუმებში, სწორედ ეს უნდა დაარეგურიროს ამ კანონმა. შეიძლება მუშაობდე რომელიმე საერთაშორისო პროექტში, ასრულებდე რომელიღაცა საერთაშორისო დონორის დავალებას ან სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, რომელიც დაკავშირებულია გარეშე ორგანიზაციასთან, მაგრამ ამ საქმიანობამ შემდეგ რა შედეგი მოიტანა, როგორ აისახა სახელმწიფო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, დააზარალა თუ არა, ეს უნდა განისაზღვროს ამ კანონში - დადგინეს, ეს იყო ჩვეულებრივი საქმიანობა თუ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

თუკი ადამიანს დაუმტკიცდება, რომ მან ჩაიდინა სახელმწიფო ღალატი, მის მიმართ უკვე დადგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, მაგრამ ჩვენ უნდა წავიკითხოთ ბოლომდე ამ კანონის საბოლოო რედაქცია, თუ როგორ არის იქ განსაზღვრული ცნება სამშობლოს ღალატი - როდესაც ამ კანონს უკვე საბოლოო რედაქციით მიიღებენ, შემდეგ უკვე შეიძლება იმაზე მსჯელობა, ვის რა მუხლი შეიძლება მიუყენონ. სამშობლოს ღალატი მხოლოდ ის არ არის, რომ შენ საიდანღაც საიდუმლო ინფორმაცია წამოიღო და სხვა ქვეყნის წარმომადგენელს გადასცე, სამშობლოს ღალატი სხვადასხვა ქმედებას მოიცავს, ამიტომაც უნდა ვნახოთ კანონის საბოლოო ვერსია, კონკრეტულად რა არის ჩადებული სამშობლოს ღალატის ცნებაში, - თქვა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი არ ელოდება მასობრივი დაკავებების დაწყებას:

არ ველოდები მასობრივ დაკავებებს, რადგან ისეთ პატარა საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, მასობრივი დაკავებები შექმნიდა გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის ხელისუფლებისთვისაც. მასობრივი დაკავება ისეთი ტიპის დაკავებებია, როგორიცაა მასობრივი რეპრესიების დროს. წავიკითხე პროკურატურის წარმომადგენლის ჩვენება, სადაც საუბარი იყო დაახლოებით 500 ადამიანზე, რომლებიც დაზარალებულად ცნეს, თუმცა, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 50 000 ადამიანმა დაწერა განცხადება, სადაც ჩიოდნენ იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მათ მიმართ განხორციელდა რეპრესიები, მიადგათ სხვადასხვა სახის ზარალი და .. მასობრივ დაკავებებს არ ველოდები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ტიპის დაკავებები ვიხილოთ, კონკრეტული ფიგურების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ იმ პერიოდში, თავიანთი როლითა და ჩართულობით, - დასძინა მან.