„ოპოზიცია ცარიელი ლოზუნგებით საუბრობს, ივანიშვილმა კი 3 წლის წინ გათვალა საქართველოს როლი და ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა“

„ოპოზიცია ცარიელი ლოზუნგებით საუბრობს, ივანიშვილმა კი 3 წლის წინ გათვალა საქართველოს როლი და ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა“

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, „ქართული ოცნების“ და ტრამპის პოლიტიკა უკრაინის ომთან და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე სრულ თანხვედრაშია. არადა ამ პოლიტიკის გამო „ოცნებაზე“ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის შიგნით და მის გარეთ არნახული ზეოწოლა მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც ტრამპმა პირდაპირ დაადანაშაულა უკრაინა და ევროკავშირი უკრაინის ომის არ შეჩერებაში და მოლაპარაკებების ჩაშლაში, საქართველოს ხელისუფლებაში 3 წლის წინ მიღებული რეზოლუცია გაიხსენეს.

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლის მთავარი მოწოდებაც უკრაინაში ომის არდაშვება იყო, საპარლამენტო უმრავლესობამ 2022 წლის 1 თებერვალს, სამხედრო ინტერვენციის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო - ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე. პოლიტიკური არქივი მმართველი პარტიის ლიდერების არაერთ განცხადებასაც ინახავს, რომელიც სწორედ უკრაინის ომის თავიდან აცილებას უკავშირდებოდა.

თუმცა ოპოზიციამ ახლა რუსეთთან მიმართებაში რიტორიკა შეცვალა. პირველი მერცხალი „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ ის რომ პრემიერი იყოს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებოდა. უმრავლესობაში მამუკა ხაზარაძის შერბილებულ ტონს და შეცვლილ რიტორიკას სწორედ ტრამპის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის თანხვედრას უკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ ყოფილი ბანკირი ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობს. არადა მან და მისმა პარტიამ პარალმენტში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, სადაც ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ და პირდაპირი ფრენები შეეწყვიტათ.

მამუკა ხაზარაძე, ერთ-ერთ ტელეარხთან რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასა და მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს. ყოფილმა ბანკირმა ეთერში ნათქვამი მოგვიანებით ისევ გაიმეორა და განაცხადა, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია.

ოპოზიციის ნაწილმა მისი რიტორიკის გამართლება სცადა, ნაწილი კი ამაზე საერთოდ კომენტარს არ აკეთებს. არადა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მთავარი მესიჯბოქსი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება „პრორუსული“ ძალაა. მათ ბიძინა ივანიშვილს ის განცხადებაც არ აპატიეს, სადაც წინასაარჩევნოდ თქვა, რომ თუკი მოლაპარაკებისთვის და ურთიერთობების აღდგენისთვის საჭირო გახდა, ოსებთან და აფხაზებთან ჩადენილი ჩვენი წილი დანაშაულის აღიარება და ბოდიშის მოხდა უნდა შევძლოთ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნების“ და აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პოზიციების თანხვედრის შემდეგ, გზაკვალარეული ოპოზიცია იძულებულია თავისი დღის წესრიგს გადახედოს. მისი აზრით, წინასაარჩევნოდ ომის თემამ სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ იმუშავა და „ოცნებამ“ არსებულ სიტუაციას რეგიონში ალღო ყველაზე კარგად აუღო.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია რაღაცებს მიხვდა, მაგრამ ძალიან რთულია გუშინ რომ ერთს ამბობდი, დღეს სრულიად საპირისპირო თქვა. სწორედ ომის თემით და მეტწილად, სწორად წარმოებული საგარეო პოლიტიკით შეძლო „ოცნებამ“ არჩევნების მოგება. მან საზოგადოება საკუთარ სიმართლეში დაარწმუნა - ის არათუ პრორუსული ხელისუფლებაა, არამედ პროქართულია, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. იგივეს საუბრობს ახლაც ტრამპი, რადგან ისიც მხოლო ამერიკელი ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომაც ვხედავთ ამ თანხვედრას. რა თქმა უნდა, მართალი იყო ივანიშვილიც და „ოცნებაც“, როცა ამ წარმოუდგენელ და სისხლისმღვრელ ომში საკუთარი პოზიცია დაიკავა, რაც მშვიდობას და ომის დასრულებას გულისხმობდა.

ის პროპაგანდა, რომელსაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში ახროციელებდა, იქნებოდა ეს მათი მედიების საშუალებით თუ თავად საუბრობდნენ ამაზე, აღმოჩნდა, რომ არასწორია. დღეს სრულიად სხვა რეალობა და მოცემულობა იქმნება. ამიტომ ოპოზიცია იძულებულია ამ ახალ დღის წესრიგს მოერგოს. ხაზარაძის განცხადებაც ამის მანიშნებელია. თუმცა აქაც ცდებიან, რადგან ივანიშვილს კონკრეტული გათვლები აქვს, რის საფუძველზეც ის ახალი მსოფლიოს გადანაწილებაში საქართველოს როლს და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას ხედავს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი გეგმა და გათვლა არ აქვს, უბრალოდ ცარიელი ლოზუნგებით საუბრობენ. ამის გათვლა კი ივანიშვილმა 3 წლის წინ შეძლო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის გეგმის ნაწილია ჩინეთი, რომლის კავკასიაში და საქართველოში შემოსვლითაც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ალბათობა გაჩნდება.

„ოპოზიცია ჩინეთის ფაქტორს საერთოდ არ ახსენებს. თუ დააკვირდებით, ამაზე საუბარი საერთოდაც არ მიდის. პირიქით, ისინი კვლავ იმეორებენ, რომ ჩინეთი ან საფრთხეა ან კიდევ არარაფერს ამბობენ. ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ პირდაპირ დიალოგზე დავსხდეთ რუსეთთანო. მან თქვა, რომ გეოპოლიტიკური მოცემულობით, რომელიც უკრაინის ომის დასრულების შემდეგ გაჩნდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ამიტომ აქაც რას ამბობენ და რას ლაპარაკობენ, საერთოდ, თავადაც არ იციან“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძის თქმით, როდესაც ტრამპმა წინასაარჩევნოდ განცხადებების გაკეთება დაიწყო, უკვე ცხადი იყო უკრაინის ომთან რა პოზიციები ექნებოდა. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნება“ სწორედ იგივე არგუმენტებით საუბრობდა, თუმცა მაშინ ჩვენს ოპოზიციასაც და ევროპასაც ეგონა, რომ კამალა ჰარისი გაიმარჯვებდა და მის გზავნილებს ყურადღებას არ აქცევდნენ.

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ტრამპი მიჰყვება თავის წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც მსოფლიოში და მათ შორის, განსაკუთრებით, ომში ამერიკელების ფულის უყაირათო ხარჯვას და ფლანგვას ეხებოდა. არადა სწორედ ამას საუბრობდა „ოცნება“, რომელმაც მაშინვე თქვა, რომ ეს ომი ძალიან დიდი შეცდომაა, ნატოში გაწევრიანების და ფუჭი დაპირებების გამო არ შეიძლება ქვეყნის და ხალხის გაწირვა. ამის გამო საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და დასავლეთში პრორუსული ნარატივის გამატრებლად შერაცხეს. საქართველოს ხელისუფლება იყო პირველი, ვინც ამბობდა, რომ ეს ომი დროზე უნდა დასრულდეს და ის არავის ინტერესებში არ შედიოდა. ზუსტად იგივეს იმეორებს ახლა ტრამპი, რომელმაც მსოფლიოს სრულიად ახალი დღის წესრიგი შესთავაზა. ახლა კი ეს ნაცრადიკალები და მათი მომხრეები გამოდიან და ამბობენ, რომ ტრამპი „ოცნების“ მესიჯბოქსით საუბრობს. ანუ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლება პრორუსული ნარატივის გამხმოვანებელი კი არა სიმართლის თქმას ბედავდა, რის გამოც, დასავლეთში, 3 წელი არნახული ზეწოლის ქვეშ ამყოფეს ქვეყანა. ეს არის ასევე „დიფ სთეითის“ საკითი, რომელიც „ოცნებამ“ ჯერ კიდევ როდის დაასახელა - გვახოვს ამაზე ხორხოცი და დაცინვა. თურმე ვინ აღმოჩნდა ეს „დიფ სთეითის“ საცეცეები, რომლის დაჭრაც ტრამპმა მოსვლის დღიდან დაიწყო - „იუესაიდი“, „ნედი“ და სხვა მათ მიერ დაფნანსებული ორგანიზაციები“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ახლა ევროპის რისხვა, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენა ყველაზე დიდია, ტრამპზე გადავიდა, რადგან მისი რიტორიკა ომის დასრულებასთან დაკავშირებით არ მოსწონს. ამიტომ ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ოცნების“ პოლიტიკა ამ 3 წლის განმავლობაში ზედმიწევნით იყო ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება და არა პრორუსული პოლიტიკის, რომელიც ტრამპის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა.