საუდის არაბეთში გამართული აშშ-ს და რუსეთის დელეგაციების შემდეგ, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს მოურიდებლად უწოდა: „დიქტატორი არჩევნების გარეშე“, „კლოუნი, რომელმაც ამერიკის ფული წაიღო“ „4%-იანი ლიდერი“ და ა.შ. უკრაინის პრეზიდენტს საჯაროდ გამოთქმული პრეტენზიები არ აპატიეს და 300 მილიარდის გაუჩინარებაც შესახსენეს, რომელიც მან უკრაინის ომისთვის მიიღო.
დონალდ ტრამპმა ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად, ირიბად, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკა დაასახელა. თქვა, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო, კიევს კი მისი დასრულება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა. პარალელურად, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, სად წავიდა მილიარდები, რომელიც ამერიკამ უკრაინის დასახმარებლად გამოყო. აშშ-ის პრეზიდენტმა არც ის დამალა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკების ერთ-ერთი წინაპირობა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა და რომ ზელენსკის უკრაინაში მხოლოდ 4%-იანი რეიტინგი აქვს.
ტრამპის განცხადებებმა კიევში პოლიტიკური ტემპერატურა აწია, რასაც ზელენსკის პასუხი მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „დონალდ ტრამპის, როგორც ლიდერის პატივისცემის მიუხედავად, ის დეზინფორმაციის სივრცეში ცხოვრობს“.
ზელენსკის თქმით, ტრამპი რუსეთიდან წამოსულ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას უყურებს, მათ შორის, ზელენსკის 4%-იანი რეიტინგის შესახებ ტყუილს და აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩატარებული სოციალური გამოკითხვის მიხედვით, მას უკრაინელების 58% ენდობა.
მანამდე, ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი არ იყო.
„მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკებები ახლა იგივე ხასიათით მიმდინარეობს - ამჯერად რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის - უკრაინის შესახებ, ისევ უკრაინაზე და უკრაინის გარეშე. მაინტერესებს, რატომ ჰგონიათ, რომ უკრაინა ახლა მიიღებს ამ ულტიმატუმებს, თუ ჩვენ მათზე უარი ყველაზე რთულ პერიოდში ვთქვით?“, - თქვა ზელენსკიმ ანკარაში შეხვედრისას.
ზელენსკის პასუხს ახლა ისევ ტრამპის პასუხი მოჰყვა, რომელიც მან უკვე 19 თებერვალს გამოაქვეყნა და ის პირველზე უფრო მწვავე და კრიტიკული აღმოჩნდა.
„დიქტატორი არჩევნების გარეშე“ - ასე მოიხსენიებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტში.
„წარმოიდგინეთ, ზომიერად წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაარწმუნა შეერთებული შტატები, დახარჯოს 350 მილიარდი დოლარი ომში, რომელიც ვერ მოიგებდა, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ომში, რომელსაც ის, აშშ-ისა და ტრამპის გარეშე, ვერასდროს მოაგვარებს. შეერთებულმა შტატებმა დახარჯა 200 მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე ევროპამ და ევროპის ფული გარანტირებულია, მაშინ, როცა შეერთებული შტატები ვერაფერს დაიბრუნებს. რატომ არ მოითხოვა მძინარა ჯო ბაიდენმა თანაბრობა, რადგან ეს ომი ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის - ჩვენ შორის უზარმაზარი და მშვენიერი ოკეანეა.
გარდა ამისა, ზელენსკი აღიარებს, რომ იმ თანხის ნახევარი, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ, „გაქრა“. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინაში, და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, ბაიდენის, „როგორც ვიოლინოს დაკვრაა“.
დიქტატორი არჩევნების გარეშე - ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. ამასობაში, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე რუსეთთან, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია გააკეთებს. ბაიდენმა არასდროს სცადა, ევროპამ ვერ მოახერხა მშვიდობის მიღწევა, და, ალბათ, ზელენსკის „ფულის ნაკადის“ გაგრძელება სურს.
მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა გაპარტახებულია და მილიონები უსარგებლოდ დაიღუპნენ – და ეს კვლავ გრძელდება…“, - წერს ტრამპი.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მიზანი იყო ორმხრივი ურთიერთობების „აღდგენა“.
კერძოდ, მან განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ საუდის არაბეთში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგს და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებზე „სრულიად სხვა ხალხი“ იყო - მიკერძოებისა და დაგმობის გარეშე.
მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის „ნდობის გაზრდის“ გარეშე „შეუძლებელია ბევრი საკითხის გადაჭრა, მათ შორის უკრაინის კრიზისის“.
ამასთან, პუტინის თქმით, მოსკოვს „არასოდეს უთქვამს უარი ევროპელებთან კონტაქტზე, არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესზე“.
ასევე, პუტინმა მედიას განუცხადა, რომ „რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისთვის შუამავლები საჭირო არ არიან“.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ტრამპმა ღიად და დაუფარავად დაიწყო იმაზე საუბარი თუ რას ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე და მისი პრეტენზიები როგორ უადგილო აღმოჩნდა მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაძახების გამო. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ზელენსკის მდგომარეობა იმდენად რთულად არის, რომ მას პრეტენზიების გამოთქმის ფუფუნება არ აქვს.
„ტრამპის მთავარი მიზანია, რომ უკრაინის ომი შეჩერდეს და რაც შეიძლება სწრაფად. მან არაერთხელ თქვა, რომ ეს ომი არის ბაიდენის ადმინისტრაციის ბრალი და ამაში ასევე, წვლილი მიუძღვის ევროპას და ზელენსკის, რომლებმაც მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის დასმა არ მოისურვეს. ამან კი გამოიწვია უკრაინის და უკრაინელი ხალხის განადგურება. ასევე ამერიკელი ხალხის ფულის ფლანგვა ამ სასაკლაოში, ამიტომ ტრამპი ზელენსკის უტაქტო და უაზრო გამოხდომებმა გააღიზიანა და ჩვეულ სტილში მის მიმართ შესამკობი სიტყვებიც აღარ დაიშურა. ტრამპმა პუტინისგან სატელეფონო საუბრის დროს მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნა მიიღო. თუმცა, როგორც ჩანს, მან ტრამპს აუხსნა იურდიულ ენაზე, რომ ზელენსკი კრემლისთვის ვადაგასული პრეზიდენტს წარმოადგენს. ამიტომ მისი უფლებამოსილება ლეგიტიმური არ არის.
როგორც ტრამპმა განმარტა, პუტინისთვის და მისთვისაც არ იქნება მიუღებელი თუკი ზელენსკის ამ ახალ არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. ამ მოლაპარაკებებში უკრაინის მხარის და მისი პრეზიდენტის ჩართვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები ჩატარდება. ეს განუმარტა და დაუღეჭა ტრამპმა ზელენსკის და თან მის დასაკნინებლად დააყოლა, რომ მას მხოლოდ 4%-იანი რეიტინგი აქვს“,-ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ტრამპი პუტინის ამ პოზიციას დაეთანხმა და ისიც უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებაზე ალაპარაკდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ტრამპი გაღიზიანდა ვადაგასული პრეზიდენტის პრეტენზიებზე, რომელიც ყველაზე ნაკლებად ტრამპის მიმართ უნდა ჰქონდეს.
„ზელენსკის არ ესმის და ტრამპმა ძალიან გასაგებად უთხრა, რომ მასაც და მის მოკავშირე ევროპასაც, ძალიან დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ეს ომი დაესრულებინათ და ხალხის მკვლელობა ამდენი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულიყო. ან როგორც მინიმუმ დათანხმებოდა ძალიან მნიშვნელოვან შემოთავაზებებს, რომელიც მას სტამბოლის მოლაპარაკებების დროს 2022 წლის გაზაფხულზე შესთავაზეს. მაშინ ზელენსკი მოიქცა როგორც საკუთარი პატრონების ყურმოჭრილი მონა და აგენტოკრატი, რომელმაც უკრაინელი ხალხის ხოცვის შეჩერებისთვის არაფერი გააკეთა, ქვეყანა მიიყვანა კატასტორფამდე, რომლის შეჩერებასაც ზელენსკის გარეშე აშშ და რუსეთი აპირებენ.
რაც შეეხება გაუჩინარებულ მილიარდს, რომელიც ტრამპმა მას წამოაძახა, რა თქმა უნდა, აქ საუბარი სერიოზულ კორუფციაზეა და ეს დასავლეთში ძალიან კარგად იციან. ზელენსკის იმდენი ღირსებაც კი არ ეყო, რომ ამ ფულის აუდიტი ეწარმოებინა და გამოეკვლია სად რა მიდიოდა. როცა მთელ მსოფლიოს ეგონა, რომ ისინი უკრაინელი ხალხის დახმარებაში იხდიან ფულს, ამ დროს ზელენსკის გარემოცვა ისე გამდიდრდა, რომ დასავლეთში არაერთი ძვირადღირებული ვილები იყიდეს. ამიტომ ტრამპისთვის ძალიან ბევრი აქვს ასახსნელი და მის ადგილას ასე თამამად პრეტენზიებს არ წამოვაყენებდი“,-ამბობს ქართველიშვილი.
ვისი მხარდაჭერის იმედი შესაძლოა ახლა ზელენსკის ჰქონდეს და იღებს თუ არა მითითებებს ის ახლა ევროპიდან, სადაც ასევე უკმაყოფილოები არიან იმით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯერ მათთვის სკამი არ დაუდგამთ? ქართველიშვილი ამბობს, რომ ზელენსკი კრიმინალს და საკუთარი ქვეყნის მოღალატეს რომ არ წარმოადგენდეს, წმინდა ადამიანურად, მართლა შესაცოდი იქნებოდა.
„ზელენსკი ახლა იმყოფება იმ ადამიანების ტყვეობაში, რომლებისგან ტრამპი და ამერიკა ნელ-ნელა თავისუფლდება. რა ომიც გამოუცხადა ტრამპმა „დიფ სთეითს“ ყველა კარგად ვხედავთ, თუმცა მის ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება ევროპა, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. ამაზე ტრამპისგანაც არაერთ მინიშნებას ვხედავთ. ის დემონსტრაციულად ევროკავშირთან არანაირი კომუნიკაციაზე არ მიდის. ამასთანავე, მან დასცინა დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რომ მას არაერთხელ დაურეკა, საუბარი უნდა, მაგრამ ტრამპმა არ იცის, რაზე უნდა ესაუბროს დიდი ბრიტანეთის პრემიერს. ზელენსკი უმძიმეს მდგომარეობაშია. მისი ოჯახი ლონდონში იმყოფება და არ ვიცი ეს არის ტყვეობა თუ ზელენსკის აშანტაჟებენ ამით. მეორე მხრივ, მგონია, რომ უკვე ზელენსკის ფიზიკურად გადარჩენის პრობლემაც გაუჩნდა. მას უკვე შიში აქვს, რომ მისმა რომელიმე დაცვის წვერმა ყურსასმენში მისი მკვლელობის ბრძანება არ მიიღოს. ასევე ფაქტია, რომ ის არ იმყოფება ფხიზელ მდგომარეობაში და გარეგნულადაც ეტყობა ნარკოტიკების ზემოქმედების კვალი. ამიტომ ზელენსკის მდგომარეობა უმძიმესია და სუფთა ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მეცოდება“, - ამბობს ქართველიშვილი.