ევროპა პანიკაშია - ევროპელი ლიდერები უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში საკუთარ ადგილს ითხოვენ. თუმცა, როგორც დასავლური მედია წერს, მათ ტრამპმა ადგილი მხოლოდ სათამაშო მაგიდასთან მიუჩინა. ევროპელები იხტიბარს არ იტეხენ და 17 თებერვალს პარიზის ელისეის სასახლეში, უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების არაფორმალური საგანგებო სამიტი ჩაატარეს. შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა ევროპელი ლიდერები ვერაფერზე შეთანხმდნენ. ტრამპის თავბრუდამხვევი მოქმედებების ფონზე ევროპაში ძალიან დასცხათ და ამერიკის პრეზიდენტის დაშანტაჟებაც კი სცადეს. თუმცა ევროპაშიც აღმოჩდნენ ლიდერები, რომელთათვისაც „ანტიტრამპისტულ“ მოლაპარაკებში მონაწილეობა მიუღებელი აღმოჩნდა.
შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდებისა და დანიის წარმომადგენლები მიიწვია, შეხვედრას ესწრებოდა ნატო-ს გენერალური მდივანიც.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპსა და ზელენსკის ესაუბრა და სამიტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.
ემანუელ მაკრონი წერს, რომ ომის დასრულებას უნდა ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს.
„მუდმივ კონტაქტზე შევთანხმდით. უნდა უზრუნველვყოთ საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შედეგი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ კი პარიზის საგანგებო სამიტი გააკრიტიკა და მას „ანტიტრამპისტული“ უწოდა.
მელონი სამიტზე ერთი საათის დაგვიანებით მივიდა და სამიტი ისე დატოვა, რომ სიტყვითაც არ გამოსულა.
მოგვიანებით იტალიის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არ ეთანხმება იმ თემებს, რაც სამიტზე იყო განხილული. მისი აზრით, ევროკავშირის ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების ადგილი ბრიუსელი უნდა იყოს და ასეთი შეხვედრები „ანტიტრამპისტულ“ ფორმატში არ უნდა იმართებოდეს: „აშშ მშვიდობის მიღწევაზე მუშაობს, ჩვენ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ ამაში“, - განუცხადა მან ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერებს.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ ვიდრე ომი გრძელდება, ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგება განხილვის საგანი არ იქნება.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ მომავალ გამოწვევებს თავდაჯერებულად უნდა უპასუხოს, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, თუ „როგორ დავეხმაროთ უკრაინას ისე, რომ იგი მარტო არ დარჩეს“.
გერმანიის კანცლერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ ჩამოაყალიბოს განსაზღვრული პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, ბრიტანული ჯარები გაგზავნოს უკრაინაში, როგორც ომის შემდგომი სამშვიდობო ძალების ნაწილი.
„ჩვენ ვდგავართ თაობათა გამოწვევის წინაშე, როდესაც საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. მე მგონია, ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის ფრონტის ხაზს. ეს არის ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს ფრონტის ხაზი. ეს ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა სტარმერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ესპანეთში კი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი.
„დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმასა და დაბომბვას. ამიტომ ამ მომენტში მშვიდობას ჰორიზონტზე ვერ ვხედავ“, – განუცხადა ადგილობრივ მედიას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯერ ნაადრევია სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაზე საუბარი. მისი აზრით, ჯერ საჭიროა, მოლაპარაკებების პროცესი წინ წავიდეს.
„შვედეთი ჩვეულებრივ მონაწილეობს ჩვენი მსოფლიოს ნაწილში უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ასე რომ, ვვარაუდობ, ამჯერადაც ამის ნაწილი ვიქნებით“, – განუცხადა „როიტერს“ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა და დაჩქარება. მისი აზრით, უკრაინას უნდა მოეხსნას შეზღუდვები იარაღის გამოყენებაზე, რათა მან ეფექტურად შეძლოს თავის დაცვა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ევროპელები ვერაფერზე შეთანხმდებიან, რადგან მათზე არ არის დამოკიდებული ამ ომის დამთავრება, ისევე როგორც მისი დაწყება არავის უკითხავს მათთვის.
„ეს ომი არ იყო რუსეთ-უკრაინის ომი. ეს სინამდვილეში რუსეთ-ამერიკის ომი იყო. ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ომის პროვოცირება ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის კისერზეა. მართალია, ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ მისი პროვოცირება ამერიკამ მოახდინა. უკრაინას ამერიკა დაპირდა, რომ ნატოს წევრი გახდებოდა, რასაც რუსეთი არასდროს დაუშვებდა. ბუნებრივია, რუსეთმა გადაწყვიტა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. ევროპას არავინ არაფერს ეკითხება, რადგან ის არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. ის მუდმივად ამერიკის პოლიტიკის გამტარებელი იყო და ყველაზე კარგად ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოჩნდა. ევროპა ბაიდენის ყურმოჭრილი მონა და მისი გადაწყვეტილების უპირობა შემსრულებელი იყო. ევროპა ბაიდენის ომის პოლიტიკას გაჰყვა და „დიფ სთეითის“ პოლიტიკამაც ყველაზე მეტად ფეხი ევროპში მოიკიდა, რითაც ბაიდენის თამაშს უფსკრულში ჩაჰყვა. ამიტომაც ახლა ტრამპი მათ არაფერს აღარ შეეკითხება. ევროპელებმა არ გააღმერთეს ზელენსკი, რომლის კრიტიკა და ზედმეტი რამის თქმაც კი ღალატად ითვლებოდა?! საწყალი უკრაინელების სისხლის ფასად გამდიდრდა ზელენსკიც და მისი გარემოცვაც. ევროპა კი ყველაფერი ამის მონაწილეა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის“, - ამბობს ჩიბრუდანიძე.
მისივე თქმით, ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რომ დამოუკიდებლები არასდროს ყოფილან და არც ახლა იქნებიან. რაც არ უნდა ძლიერები იყვნენ გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც ფინანსურად მთელ ევროპას მიათრევენ, ესენიც კი ამერიკის პოლიტიკაზე არიან დამოკიდებულები. ამიტომ ანალიტიკოსის აზრით, ეს შანტაჟის ენა მათ ტრამპთან არ გაუვათ.
„ამერიკამ ევროკავშირი თავისი ფულით შექმნა, რათა ევროპის კონტინენტზე ამერიკის პოლიტიკა გაეტარებინა. ამიტომ ევროკავშირის ლიდერების თამაში, რომ ჩვენ ახლა დამოუკიდებლები ვართ და ტრამპისთვის თითის ქნევა შეგვიძლია, შეცდომაა. მაკრონმა იმიტომ დაურეკა ტრამპს, რომ ვითომ რაღაცა შანტაჟს ცდილობენ, პირობებს უყენებენ და ა.შ. შეატყობინეს, რომ აი, ჩვენ ეხლა ვიკრიბებით და იცოდე, არაფერი შეგეშალოსო. მერე შემოაგდეს თემა, რომ ვითომ უკრაინას 700 მილიონით ეხმარებიან და უკრაინის გვერდით იქნებიან. ეს ყველაფერი არის ტყუილი ბაქიბუქი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ევროპა, რომელიც მარტო დატოვა ტრამპმა, ყოველდღე შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ტრამპის შეშინება არის გამორიცხული. ის არის ამბიციური ლიდერი ინოვაციური პოლიტიკური იდეებით. მას აქვს ახალი მსოფლიოს გადანაწილების გეგმა და ამას მშვიდობიანად, ოღონდ აგრესიული პოლიტიკით გაატარებს. ამას კი წინ ჯერჯერობით ვერავინ ვერ აღუდგება. ტრამპმა გააჩერა ომი ისრაელში და ისე წაიღო ღაზას სექტორი ვერც ერთი მხარე ხმას ვერ იღებს. ის ცდილობს უკრაინის ომის შეჩერებას და მისი მინერალური რესურსი ისე უნდა წაიღოს, აქაც ხმას ვერავინ ვერ სცემს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ჩიბურდანიძე დარწმუნებულია, რომ ევროპა ტრამპის ამბიციურ გეგმებს ვერ შეაჩერებს, როცა მათი ლიბერალური პოლიტიკა უკვე მკვდარია და მსოფლიოში დასრულდა.
„ევროპა არათუ გადაარჩენს ლიბერალიზმს, არამედ ევროპას ეს პოლიტიკა შეიწირავს. სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ ნატოში უკრაინის არგაწევრიანების შემდეგ, მისი ევროკავშირში არგაწევრიანების საკითხიც დღის წესრიგში დადგეს. ევროპას არაფერში აწყობს საზღვრების რუსეთთან მიახლოვება. ამიტომ სჯობს მათ საკუთარი თავის გადარჩენაზე იფიქრონ, რომ საბოლოოდ ევროკავშირის არსებობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, - ამბობს ჩიბურდანიძე.