ყაზახეთი ხორბლის ექსპორტის სუბსიდირებას გეგმავს. მიზეზი 2024 წელს რეკორდული მოსავალია, რომლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირება განიხილება. ეს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან ჩვენი ქვეყანა ისედაც გეგმავდა შუა აზიიდან მარცვლეულის იმპორტს. აქ დამაბრკოლებელი მხოლოდ ერთი ფაქტორია, ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯი და ბიუროკრატიული ბარიერები ლოგისტიკაში. თუკი ეს მიმართულებები მოგვარდება, საქართველოს ხორბლის ერთი მომწოდებელი ქვეყანა შეემატება და თითქმის სრულად რუსეთზე აღარ იქნება დამოკიდებული.
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განსახილველად წარადგინა ხორბლის ექსპორტის ღირებულების შემცირების მიზნით სუბსიდირების პროექტი. საუბარია ამ მიზნებისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგეს გამოყოფაზე, რაც შესაძლებლობას იძლევა 2 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი წახალისდეს. გეგმის მიხედვით, ექსპორტის მიმართულებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირება ტონაზე 20 ათასი ან 30 ათასი ტენგე (40-60 დოლარი) იქნება.
მოსალოდნელია სუბსიდიების გადახდა მარცვლეულის ტრანსპორტირებისას შემდეგი მიმართულებით:
ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიით აზოვის, შავი და ბალტიის ზღვების პორტების მიმართულებით - 20 ათასი ტენგე ტონაზე;
ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ტერიტორიით ბალტიის ზღვის პორტების მიმართულებით - 30 ათასი ტენგე ტონაზე;
ტრანზიტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დანიშნულებით ლატვია , ლიეტუვა და ესტონეთი - 20 ათასი ტენგე ტონაზე;
ტრანზიტი აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის პორტების მიმართულებით - ტონაზე 30 ათასი ტენგე;
ტრანზიტი თურქმენეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში - 20 ათასი ტენგე ტონაზე;
ტრანზიტში თურქმენეთის გავლით დანიშნულებით ირანში - 20 ათასი ტენგე ტონაზე;
ტრანზიტი ჩინეთის ტერიტორიით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმართულებით - 30 ათასი ტენგე ტონაზე;
აზერბაიჯანში, საქართველოს და სომხეთში - ტონაზე 20 ათასი ტენგე.
ყაზახური მედია წერს, რომ დისკუსიები 16 თებერვლამდე გაგრძელდება და დამტკიცების შემთხვევაში იმოქმედებს 2025 1-ლი სექტემბრის ჩათვლით, ანუ შემდეგი მოსავლის მასობრივ აღებამდე. ამ გზით, ყაზახეთი მოსავლის დასაბინავებლად ინფრასტურქტურის გამოთავისუფლებას შეძლებს.
მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის გადაწყვეტილება საქართველოზეც დადებითად იმოქმედებს. საქმე ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა და ადგილობრივი ბიზნესმენები ბოლო პერიოდში ისედაც ცდილობენ მარცვლეულის იმპორტირების ახალი მარშრუტის გაჭრას. ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ დაადასტურა, რომ ყაზახეთში დიდი მოსავალია და ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ლოგისტიკაა. აქამდე არ იყო შესაძლებლობა, რომ შუა აზიიდან მნიშვნელოვანი ოდენობით მარცვლეული შემოსულიყო.
„ყაზახეთთან მიმართებაში, პულსზე გვიჭირავს ხელი. ისევე, როგორც რუმინეთის, ბულგარეთის და უკრაინის შემთხვევაში. როგორც კი შესაძლებლობაა ფასების მიმართ კონკურენციაში შევიდნენ ეს ქვეყნები ხორბალთან დაკავშირებით, ვიყენებთ ხოლმე.
კონკრეტულად ყაზახეთში მოსავალი დიდი აქვთ მათ, თუმცა ლოგისტიკური ჯაჭვი ჯერ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი რაოდენობა შემოვიდეს. ალბათ, ეს მალე შესაძლებელი იქნება. საქართველოში ყაზახეთის საელჩომ მოგვმართა ჩვენ, გარკვეული კონსულტაციები მიდის ყაზახურ მხარესთან.
ხორბლის ფასი შესაძლოა, ნაკლები იყოს ყაზახეთში, მაგრამ მისი ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდებოდეს. ჯამურმა ღირებულებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ რუსეთთან შევიდეთ კონკურენციაში. დღესაც სტაბილურ მომწოდებლად რუსეთი რჩება. დაცვის ყველაზე მაღალი მექანიზმი არის მარაგების არსებობა. თუ არის მარაგი, მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოგაქვს პროდუქცია, გადაწყობას ვახდენთ დროის გარკვეულ მონაკვეთში ინტენსიურად შემოდის ხორბალი. თუ რაიმე პრობლემა იქნება სხვა ბაზრებზე გადავდივართ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.