რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების წინ დონალდ ტრამპი უცნაურ მესიჯს გზავნის - „შეიძლება უკრაინა ერთ დღეს რუსეთის გახდეს“, ან შეიძლება უკრაინელებმა რუსებთან შეთანხმება დადონ ან არ დადონ, მაგრამ მანამდე დონალდ ტრამპი იმ უზარმაზარი თანხების დაბრუნებას მოითხოვს ზელენსკისგან, რაც ამერიკელებმა ამ ომისთვის უკრაინელებს გამოუყვეს. საუბარია 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათ ლითონებზე, რომლის გაღებასაც ზელენსკი ტრამპს დათანხმდა. ამ მესიჯებმა ღიად დატოვა ბევრი საკითხი, ხომ შეიძლება ამხელა ფინანსურ ტვირთად ქცეული უკრაინა ამერიკამ რუსეთს დაუთმოს? ან კიდევ, რას ნიშნავს წიაღისეულის მოთხოვნა ომში მყოფი უკრაინისგან, იმას ხომ არა, რომ უფასო ფული დედამიწაზე არ არსებობს?!
როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.
ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის ომის შეჩერების კუთხით ორივე მხარესთან პროგრესს აღწევს. ზელენსკიც თანახმაა მოლაპარაკებაზე, არადა, წინათ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მკვლელ პუტინთან მოლაპარაკება არ სურდა. ზელენსკი დღეს ამბობს, მზად ვარ, მოლაპარაკება გავმართო, თუკი აშშ და ევროპა უკრაინას არ მიატოვებენ. ტრამპის მრჩევლები ამბობენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა თავად ევროპამ უნდა იკისროს. რამდენად ღირს მოლაპარაკების გამართვა ახლა და ხომ არ არის ალბათობა, კონფლიქტი არსებულ მდგომარეობაში გაიყინოს, რადგან ზელენსკიმ ირიბად დაადასტურა, რომ თანახმაა საომარი მოქმედებების გაყინვაზე ახლანდელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ. გაყინულ მდგომარეობაში კონფლიქტის შენარჩუნება ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა? უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ამდენი ადამიანი დახოცა, სხვადასხვა ტერიტორია მიიერთა და ახლა ბრძოლით დაღლილი რუსეთი შეისვენებს?
- რა თქმა უნდა, ეს საკითხი დევს სასწორზე, აწყობს თუ არა უკრაინას ამ მოცემულობით საომარი მოქმედებების გაყინვა. თავის დროზე რუსთაველმა თქვა, „ბოროტსა სძლია კეთილმანო“, მაგრამ როდის დადგება ის მომენტი, როცა ბოროტება საბოლოოდ დამარცხდება, რუსთაველს ეს არ უთქვამს. აქედან გამომდინარე, როდის დამარცხდება ბოროტება, რასაც მთელი მსოფლიო ელოდა უკრაინის ომის მსვლელობისას, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია. უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ მხოლოდ კეთილისა და ბოროტის კატეგორიებში შეფასება საკმარისი არაა გამარჯვებისთვის. გამარჯვებას პროფესიონალიზმი, გათვლა, რესურსები სჭირდება. უნიკალური მხარდაჭერა მიიღო უკრაინამ ომის დროს, უნიკალური ხარისხის იყო უკრაინის ბრძოლისუნარიანობა, მართლაც სასწაულები მოახდინეს უკრაინელებმა და მათი არმიის სამხედრო ხელმძღვანელობამ, მაგრამ გამარჯვებისღვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან დაიწყო ომი გათვლების გარეშე, არ იყო გათვლილი, რა დონემდე, რამდენი ხნით, რა რესურსით შეეძლოთ ბრძოლა უკრაინელებს.
ანუ ეს იყო აფექტური ომი?
- დიდი ეჭვია და ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, რომ ვიღაცებს ძალიან აწყობდათ ეს ომი. ამ ვიღაცებმა აფექტამდე მიიყვანეს უკრაინელთა მდგომარეობა საიმისოდ, რომ ეს საშინელება დაწყებულიყო. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, ამაში „დიფ სთეითია“ დამნაშავეო, მაგრამ ბუნდოვანია, „დიფ სთეითში“ კონკრეტულად რომელი სუბიექტები იგულისხმება. ფაქტია, დამნაშავე იქნება ის, ვინც ამერიკაში იხეირა უკრაინის ომის შედეგებით. ეჭვები განსაკუთრებით გამიმყარდა ტრამპის ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც ძალიან გულმოდგინედ დაიწყო უკრაინის ომის შეწყვეტაზე საუბარი, უფრო გულმოდგინედაც კი, ვიდრე ისრაელ-პალესტინის ომია, სადაც ომის შეწყვეტის საკითხი უკრაინასთან შედარებით იმავე პათოსით ტრამპს თითქმის არ დაუყენებია. რატომ წამოჭრა ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის საკითხი ასე ენერგიულად?! ტრამპი ზის იქითა კონტინენტზე და აქეთა კონტინენტის ომები აწუხებს?! სავარაუდოდ, უკრაინის ომი ტრამპისთვის შემაწუხებელი აღმოჩნდა იმიტომ, რომ ეს ომი დიდ შემოსავლებს აძლევდა მის პოლიტიკურ მეტოქეებს-დემოკრატებს. პოლიტიკური მეტოქეების დასუსტების ერთ-ერთი გზა არის უკრაინის ომის შეწყვეტა, გარდა იმ გზებისა, რაც ტრამპმა თვითონვე ჩახერგა - „იუესაიდი“, რადიოები, ტელევიზიები. ჯერჯერობით რესპუბლიკელების ბრძოლის პროცესი დემოკრატებთან გრძელდება. ამ ფონზე უკრაინული თემა წამყვანია. მით უმეტეს, სავარაუდო ხდება, რომ დემოკრატებს შემოსავლები ჰქონდათ უკრაინის ომიდან. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თვითონ ზელენსკიმ ისაუბრა, პანდორას ყუთს თავი ახსნა და თქვა, რაში იხარჯებოდა მილიარდები, ზუსტად არ ვიციო. ბაიდენი დემოკრატია და ტრამპი ცდილობს დემოკრატების გაჩერებას. ეჭვია, ვიღაცამ უბიძგა უკრაინელებს ომის დასაწყებად. უკრაინელებს არ ეყოთ სიფრთხილე, რაც გამოავლინეს ქართველებმა, არ ჩაბმულიყვნენ იმ ომში, რომლის შედეგებიც ბოლომდე ცხადი მაშინაც არ იყო.
ტრამპმა ზელენსკის მიმართ ჭადრაკის თამაში წამოიწყო. მისკენ არაერთი იერიში მიიტანა, ჯერ თქვა, რომ ზელენსკი ანგელოზი არ არის, მას არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი, შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამერიკა უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებას და ზელენსკის გაშვებას აპირებდა. შესაძლოა, ასეთი მანევრით ტრამპმა ზელენსკი ყველაფერზე დაიყოლია, იმაზეც, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის საწინააღმდეგო განცხადებებიც გააკეთებინა. ამას ემატება ისიც, რომ პუტინს არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკის ხილვა და მას არალეგიტიმურს უწოდებს. აღმოჩნდება თუ არა ზელენსკი განსასჯელის სკამზე, რადგან ტრამპის სიმპათიები კორუმპირებული ზელენსკის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის. ტრამპისთვის უბრალოდ, ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია, რომელიც რამდენჯერაც ჩავა ამერიკაში, იმდენჯერ 60 მილიარდი დოლარით გადის.
- ძნელი სათქმელია. რამდენი შენიშვნაც ზელენსკის მიმართ არ უნდა ჰქონდეს ტრამპს, მაინც საეჭვოა, ეცადოს ზელენსკის გასამართლებას. ეს უამრავი ადამიანის უკმაყოფილებას გამოიწვევს, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. 2022 წლის შემდეგ დასავლეთი პერსონალურად ტაშს უკრავდა ზელენსკის, რომელსაც, ცხადია, შეცდომები ჰქონდა. ამდენად, ზელენსკის სრული გამტყუნება, გასამართლება და დამნაშავედ გამოცხადება ტაშის დამკვრელთა უკმაყოფილებას გამოიწვევს. გამოდის, ისინი დამნაშავეს უკრავდნენ ტაშს?!
გარდა ამისა, ზელენსკის გასამართლება ჭაობივით ჩაითრევს დასავლელ პოლიტიკოსებს, მათ კორუმპირებულობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ზელენსკის ალაპარაკება და კორუმპირებული დასავლეთისკენ თითის გაშვერა ტრამპისთვის საოცნებო სცენარი იქნება.
- ცხადია, ზელენსკის გასამართლება სხვებსაც ჩაითრევს. შესაძლოა, მიუღებელი არც იყოს ტრამპისთვის, რომ ამ ჭაობმა დასავლელი პოლიტიკოსები ჩაითრიოს, მაგრამ ძალიან ბევრ სუბიექტს თუ გადაიმტერებს კაცი, მერე გამარჯვება გაუჭირდება.
უცხოელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს, რადგან არსებობს ომის გაგრძელების ალბათობა. ოღონდ ეს იმ დროს მოხდება, როცა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, მარადიული პრეზიდენტი პუტინი კი კვლავაც განაახლებს ამ ომს. თანაც, არგუმენტი ექნება, ტრამპის ხათრით დროებით შევაჩერე ომი, თუმცა ბოლომდე არ მიმიყვანია რუსეთის მიწების შემოკრების საქმეო.
- ამ ვერსიას ბევრი იზიარებს, ცალკეულ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ მიისწრაფვის, რადგან საკმაოდ მდიდარი რეგიონები დააიღლიავა პუტინმა. სხვა რეგიონები ეკონომიკურად და სტრატეგიულად მიმზიდველი ნაკლებადაა და, წესით, სხვა რეგიონები პუტინს არც უნდა სჭირდებოდეს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც საქართველომ უკვე გადაიტანა 2008 წლის ომში, როცა საკმაოდ ძლიერი შეტევის შემდეგ თბილისთან გაჩერდა რუსეთი, არ შემოვიდა და სააკაშვილმა ზეიმი მოაწყო, გადავრჩითო. საქართველოსა და უკრაინის შესახებ რომ ვიმსჯელოთ, ჩნდება საკითხი, რა უნდა პუტინს?! საბჭოთა კავშირის აღდგენა? ვინც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, მე მგონი, დაუფიქრებლად ამბობს ამას, რახან საბჭოთა კავშირი, პუტინის თქმით, კარგი რამ იყო და დიდი ტრაგედია იყო მისი დაშლა, ე.ი. მისი აღდგენა უნდაო. განა იმპერიები მარტო იმიტომ დაინგრა, რომ იმპერიებს წინააღმდეგობას უწევდნენ ვიღაცები? ასე ფიქრი გულუბრყვილობა იქნება. სინამდვილეში, იმპერიები ძირითადად ინგრევა იმიტომ, რომ იმპერიების შენახვა უფრო ძნელია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციას ახდენს, რადგან მთლიანად ოკუპანტის კისერზე ეკიდება ოკუპირებული ქვეყანა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა არათუ სომხეთი და ბელარუსი არ მიიერთა, რომლებიც მზად იყვნენ მიერთებისთვის, არამედ არ მიიერთა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ეს ერთი ციცქნა მიწის ნაფლეთები, რადგან არ უნდა კისერზე დაიკიდოს მათი შენახვის ხარჯი. ამან დაანგრია საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირს კისერზე ეკიდა 15 რესპუბლიკა და კიდევ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები და ვეღარ გაუძლო ამდენს. ამ გამოცდილების ფონზე პუტინს აღარ უნდა ახალი საბჭოთა კავშირის აღდგენა, ანუ ახალი ხარჯი, რომელსაც ან მოახერხებს, ან ვერა. მით უმეტეს, წინათ უფრო ძლიერი იყო საბჭოთა კავშირი.
სამაგიეროდ, უკრაინის მდიდარი ტერიტორიები უნდა, სხვათა შორის, ზელენსკიმ ტრამპს უსაფრთხოების სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა-მდიდარი წიაღისეული, რომელიც საიდუმლო რუკაზე იყო მონიშნული. საუბარია იშვიათი ლითონებისა და მინერალების მდიდარ საბადოზე, მათ შორის, ტიტანისა და ურანის საბადოზე, ოღონდ ზელენსკიმ აქაც იცუღლუტა, ამ მდიდარი მიწების 20% რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზეა. ეს ნიშნავს, რომ ტრამპს უკრაინის მიწის გამო პუტინთან დაპირისპირება უნდა მოუვიდეს და ოქროს ციებ-ცხელება შეეყაროს?
- სურვილით ბევრი რამ უნდა პუტინსაც, მადნეულიც უნდა, გავლენებიც უნდა, მაგიტომ შემოვარდა საქართველოშიც და უკრაინაშიც, რომ ამ ქვეყნებში ამერიკული გავლენა იზრდებოდა და დაასწრო ამერიკას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა. ეს ტერიტორიის დაპყრობას არ ნიშნავს, უბრალოდ, რუსეთი საკუთარი გავლენის თავს მოხვევას ცდილობს. ასევე იქცევა ამერიკა, რომელსაც ყველგან აქვს გავლენა, ოღონდ მისი ტერიტორია არც ერთი ეს გავლენის ტერიტორია არ არის. რაც შეეხება ზელენსკის წინადადებას, რომ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე წიაღისეული ტრამპმა წაიღოს, ეს უკვე პუტინისა და ტრამპის საუბრის თემაა. სავარაუდოდ, სწორედ რუსეთის გასაგონად გაამზადა ტრამპმა ეს თემა, რომ მერე პუტინმაც იცოდეს, რაზე ექნებათ საუბარი. სხვა მხრივაც საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ სი ძინპინი 9 მაისს რუსეთში ჩადის და ამით აძლიერებს ჩინურ-რუსულ კავშირს.