საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 7.5%-ით გაიზარდა და თითქმის 700 ათასს მიაღწია, იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.275 მლნ-ზე მეტია. მზარდმა სტატისტიკამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. ყველა ცდილობს სახელმწიფო დახმარებას გამოკრას ხელი და რაც შეიძლება ნაკლები იმუშაოს. პრობლემას ადასტურებენ როგორც ექპერტები, ისე დამსაქმებლები.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 696 359-ს შეადგენს, აქედან 465 026 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 231 333 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.
ამავე უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 647 479 ადამიანი იღებდა, აქედან 208 085 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, 439 394 კი მხოლოდ შემწეობას იღებდა.
ამასთან, იანვრის მდგომარეობით 1 275 118-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 215 483-ს.
სოციალურად დაუცველი ადამიანებმა თავისი ცხოვრების სტილი შექმნეს და სახელმწიფოს ხარჯზე ისე ახერხებენ ყოფითი საკითხების გადაჭრას, რომ მუშაობასა და საკუთარ შემოსავალზე არც კი ფიქრობენ. ამის შესახებ უკვე ძალიან ხშირად საუბრობენ დამსაქმებლები და მეწარმეები, რომლებიც მუშახელს თუნდაც იმიტომ ვერ პოულობენ, რომ სოცდაუცველებს მუშაობა არ სურთ, რადგან სახელმწიფო დახმარება აკმაყოფილებთ.
ფერმერმა ილია ყავრელიშვილმა ახალქალაქში კარტოფილს აწარმოებს. მას წლის განმავლობაში 50-მდე ადამიანის დასაქმება შეუძლია, თუმცა 20-მდე მუშას ძლივს პოულობს.
„8 წელია ამ საქმიანობას ვეწევი და სტაბილურად მყავდა დაქირავებული მუშახელი. ანაზღაურება ადრეც არ მქონდა მცირე. დღეის მდგომარეობით კი, საათში მინიმუმ 10 ლარია და ერთი სამუშაო დღის ანაზღაურება 80-100 ლარს შეადგენს. თუმცა, უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ვისთანაც მივდივარ კვლავ დასასაქმებლად, მათგან პასუხად ვიღებ, რომ სოციალური დახმარება გვაქვს, გვყოფნის და რატომღა ვიმუშაოთო.
რამდენიმე სულიან ოჯახს დაახლოებით 1000-1200 ლარის სოციალური დახმარება აქვთ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მუშაობით თავი აღარ შეიწუხონ. ძირითადად, ეს პრობლემა გვაქვს. ყოველწლიურად 40-50 ადამიანის დასაქმება შემიძლია, მაგრამ 15-20-ს ძლივს ვშოულობ რომ საქმე გავაკეთოთ. 12 ადამიანი ყოველდღიურ სამუშაოზე მუდმივად მჭირდება“, - აღნიშნა ფერმერმა.
მუშახელის დეფიციტი იმდენად მწვავე პრობლემაა, რომ ამის გამო მიმდინარე სეზონზე მოწეული მოსავლის დაბინავე ძალიან უჭირს.
„ამ პრობლემაზე მქონდა მუნიციპალიტეტის მერიასთან საუბარი, რათა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში მომხდარიყო ჩემი წარმოების ინტეგრაცია და მაგალითად დასუფთავების სამსახურის ნაცვლად, ჩემთან დასაქმებულიყვნენ ადამიანები. იმ ანაზღაურების ნაცვლად, რომელიც ძირითადად 300 ლარია, შემეძლო სტაბილურად 800 ლარი გადამეხადა ხელფასის სახით, მაგრამ ამის გაკეთება რატომღაც ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მეწარმემ.
საქართველოს აქვს რესურსი, რომ სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობაში დაასაქმოს მოქალაქეები, მაგრამ სათანადო სტიმული ხალხს არ აქვს. პრობლემას ადასტურებს პროფესორი პაატა აროშიძე, რომლის თქმითაც ნაკლებია ინტერესი, რომ შემწეობის მიმღები პირები საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას ცდილობდნენ.
„მთავრობის ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი შეამციროს. ბევრი რამ მოქალაქეებზეც არის დამოკიდებული, ადამიანს უნდა ჰქონდეს სტიმული იმუშაოს და გაზარდოს შემოსავალი.
ახლა სოციალური შემწეობის მიმღებ პირს შეუძლია პარალელურად დასაქმდეს და 1000 ლარამდე ისე მიიღოს თანხა, რომ არ მოეხსნას შემწეობა, მაგრამ სიტუაცია ვერც ამან გამოსაწორა. ადამიანები კმაყოფილი არიან არსებული შემოსავლით და დამატებით წყაროს არ ეძებენ, თუნდაც აღურიცხავი შემოსავალი იყოს. სოფლის მეურნეობაში დასაქმება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ინტერესი მაინც არ არის. ვინც შემწეობაზეა დამოკიდებული, ცდილობს, არ იმუშაოს და ამიტ სიზარმაცის სტიმულირება ხდება“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.