ანაკლიის პორტის აშენებას და შემდეგ მის განვითარებას ბიზესმენები და დარგის სპეციალისტები დიდი ყურადღებით აკვირდებიან. პროცესი წინ მიიწევს, უკვე კონკრეტული სამუშაოებიც დაწყებულია, თანაც მთავრობა პირობას კიდევ მეტად გააქტიურების პირობას იძლევა.
იმისათვის, რომ საქართველომ კონკურენტული უპირატესობა შეინარჩუნოს უნდა განავითაროს ინფრასტრუქტურა. ბიზნესმენი ჯემალ ინაიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.
„იმედია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი უახლოეს ხანებში საბოლოოდ გადაწყდება და ეს პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდება. ახალი ნავსადგურის მშენებლობა ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
პროცესები და უშუალო საქმიანობა მართლაც დაწყებულია. რამდენიმე დღის წინ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი კონსორციუმ Jan De Nul NV-ის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, რომელიც ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა აღნიშნა, ეს არის ანაკლიის პროექტის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია DHI წარმართავს.
„ჩვენ რეალური მოდელის მაგალითზე დეტალურად განვიხილავთ იმას, თუ რის აშენებას ვაპირებთ მომავალში. კომპანია DHI სპეციალიზდება რეალური მოდელების აგებაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ უშუალოდ საქართველოსთვის. ამ ტიპის პროექტები ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადაზეა გათვლილი და თითოეული დეტალი საფუძვლიანად დაფიქრებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ვრთავთ პროექტში სხვადასხვა სპეციალისტს“, - განაცხადა Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელ პაატა ცაგარეიშვილის მოსაზრებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თუ აშენდება, მაშინ ფოთის პორტის გაფართოება აზრს კარგავს. ანაკლიის პორტში შემოსვლით კი ჩინეთს შეუძლია, იგი გამოიყენოს რუსეთის ნავსადგურებში ტვირთის გადასანაწილებლად.
„ანაკლია თუ განვითარდება, ფოთის პორტის განვითარება გარკვეულწილად აზრს დაკარგავს. მით უმეტეს თბილისში მშრალი პორტის პერსპექტივაც გაგვიჩნდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია, როცა შუა დერეფნის განვითარებაზე ვსაუბრობთ. ჩინეთს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ასზე მეტი ნავსადგური აქვს შეძენილი (სრულად თუ წილობრივად), დაახლოებით 20 ნავსადგური აქვს ევროპაში ნაყიდი. ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზღვაო ქვეყნად არის მიჩნეული. ასეთი კითხვაც ისმის, ხომ არ არის ანაკლიის ნავსადგური დამატებითი გადამამუშავებელი პუნქტი, რომელიც მის სიახლოვეს განლაგებულ რუსეთის 13 ნავსადგურს მოემსახურება? ჩინეთს შეუძლია, პორტი გამოიყენოს რუსეთის ნავსადგურებში ტვირთების გადასანაწილებლად“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ანაკლიის პროექტზე ხელშეკრულების გაფორმების პროცესი კი ინტენსიურ ფაზაშია შესული და მალე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროცესების წარმოებას არ აფერხებს.
„ხელშეკრულების დადების პროცესი არის უკვე ინტენსიურ ფაზაში შესული. ამას თავისი ვადები სჭირდება, უამრავი დეტალია დასაზუსტებელი და სათანადო დროში ეს ყველაფერი გაკეთდება. მთავარი არის ის, რომ მოლაპარაკების პროცესი არც ერთი დღით არ აფერხებს პროექტის განხორციელებას. იცით, რომ ახლაც მიმდინარე პროცესია. ბელგიური კომპანია არის დაკავებული ინფრასტრუქტურის სამუშაოებით, ხდება სანაპიროს დაღრმავების სამუშაოების განხორციელება, ტალღმჭრელების ორგანიზება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ არის გარკვეული დრო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებშია, რაც შეიძლება მალე მოეწეროს ხელი ამ ხელშეკრულებას.